ზოგჯერ სიზმარში ნანახი ამბავი წლების შემდეგ რეალობად იქცევა. ერთი შეხედვით, ეს უბრალო დამთხვევაა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სიზმრისა და სინამდვილის მსგავსება ადამიანს დიდხანს არ ავიწყდება. განსაკუთრებით უცნაურია, როდესაც სიზმარში ნანახი მძიმე მოვლენა ათწლეულების შემდეგ მართლდება.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა კაცს უკავშირდება, რომელსაც დედის მძიმე ავადმყოფობა ბავშვობაში დაესიზმრა. მაშინ ქალი ჯანმრთელი და მხიარული იყო, თუმცა დაახლოებით 20 წლის შემდეგ სიზმარში ნანახი სცენა რეალობად იქცა - დედა მძიმედ დაავადდა და ფსიქიკური მდგომარეობაც მკვეთრად შეეცვალა.
კაცი იხსენებს, რომ ამ სიზმარმა ბავშვობაში ძალიან შეაშინა. წლების შემდეგ, როდესაც დედის მდგომარეობა გაუარესდა, მას ბავშვობის კოშმარი გაახსენდა. მიუხედავად უცნაური დამთხვევისა, მომხდარს მისტიკას არ უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ადამიანის ტვინს გაცილებით მეტი ინფორმაციის დამუშავება შეუძლია, ვიდრე თავად გვგონია.
მის ცხოვრებაში სხვა მსგავსი შემთხვევებიც ყოფილა. ერთხელ სიზმარში უცნობი ქერა გოგონა ნახა, რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ რეალურად შეხვდა. მათი შეხვედრისას სიზმარში ნანახი სცენაც თითქმის ზუსტად განმეორდა.
კიდევ ერთი სიზმარი ყოფილ ხელმძღვანელს უკავშირდებოდა, რომელთანაც წარსულში კონფლიქტი ჰქონდა. სიზმარში მათ ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ, რამდენიმე წლის შემდეგ კი ყოფილმა უფროსმა თანამშრომლობა თავად შესთავაზა. მათ ძველი უთანხმოება დაივიწყეს და ურთიერთობა აღადგინეს.
იყო უფრო შემაშფოთებელი შემთხვევაც: კაცს დაესიზმრა, რომ მისი ნაცნობის მეუღლე გარდაიცვალა. რამდენიმე დღის შემდეგ გაირკვა, რომ მამაკაცი ავტოავარიაში მოჰყვა. საბედნიეროდ, ის გადარჩა და მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
რატომ გვესიზმრება ისეთი რამ, რაც მოგვიანებით რეალობას ემთხვევა?
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სიზმრების ახსნა ჩვენსავე ტვინში უნდა ვეძებოთ. ქვეცნობიერი ზოგჯერ იმაზე მეტს ამჩნევს, ვიდრე ჩვენ ვაცნობიერებთ, და ძილის დროს მიღებულ ინფორმაციას შესაძლო მოვლენების სცენარებად გარდაქმნის. თუმცა ისიც ფაქტია, რომ სიზმარში ნანახისა და რეალურად მომხდარის მსგავსება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ჩვენ მომავლის დანახვა შეგვიძლია.