ავტორი:

ვენერა კირჩხიბში გადადის: ვის ელოდება დაქორწინება და ვის კამათი ნათესავებთან, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვენერა კირჩხიბში გადადის: ვის ელოდება დაქორწინება და ვის კამათი ნათესავებთან, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

სიყვარულის პლანეტა ვენერა 18 ივლისს კირჩხიბის ზოდიაქოში გადავა 11 აგვისტომდე. ვენერა არის სიყვარული, ჰარმონია, სილამაზე და ფულიც. ვენერა პირად რუკაში გვაჩვენებს როგორ უყვარს ადამიანს და როგორი სიყვარული სურს პარტნიორისგან. კირჩხიბი არის ემოციური ნიშანი, მას მთვარე მართავს და გამოდის, რომ სასიყვარულო სფეროში მომატებული იქნება ემოციურობა, ჭირვეულობა, ბუტიაობა. გარდა ამისა, კირჩხიბი არის ოჯახის, სამშობლოს, მშობლების სიმბოლო. მოგინდებათ მეტი დროის გატარება თქვენს ოჯახში, ახლობლების გვერდით, მათთან, ვისთანაც თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობთ. გახშირდება ოჯახური დღესასწაულების მოწყობის სურვილი, ან - ოჯახური ტრადიციების აღდგენის.

სანამ ვენერა კირჩხიბშია, გააცანით თქვენი შეყვარებული ოჯახის წევრებს, კარგი პერიოდია ნიშნობისა და ოჯახის შესაქმნელად. მარტოხელების ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, ვისთანაც სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებთ, მოგინდებათ დაქორწინება და შვილების გაჩენა. ვენერა ფულის სიმბოლოცაა და გამორიცხული არაა, ფული საჩუქრად მიიღოთ ნათესავებისგან.

თუ პირად რუკაში თქვენს ვენერას დაძაბული ასპექტები აქვს, გაფრთხილდით, რომ არ გაგიფუჭდეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. ნუ გაიხსენებთ წარსულ წყენას. არ გირჩევთ ახლობლების დადანაშაულებას უყურადღებობაში, ისტერიკების მოწყობას. ვენერა არის ტკბილეულიც და ნუ ეცდებით ცუდ განწყობაზე მყოფი ტკბილეულის ჭამას, ზედმეტ კილოგრამებს მოიმატებთ.

საფრთხილო დღეებია 26-28 ივლისი, როცა ვენერა ლილიტს შეუერთდება და გაფრთხილდით, არ გახდეთ სიყვარულის მსხვერპლი. სიყვარულის სახელით არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯი. სიფრთხილე მოგეთხოვებათ ფულთან მიმართებაშიც. ერთი სიტყვით, სიყვარულისა და ფულის მიმართ ყურადღება გვამართებს ყველას.

ვერძი

სიამოვნებას მოგანიჭებთ ოჯახზე ზრუნვა, საოჯახო ვალდებულებების შესრულება. შინაურული დღესასწაულების მოწყობა. განაახლეთ ინტერიერი, თეთრეული; შეიძინეთ საოჯახო, ლამაზი ნივთები. მეტი დრო გაატარეთ მშობლების გვერდით, იზრუნეთ მათზე, გაუხალისეთ ცხოვრება. თუ შეყვარებული ხართ, გააცანით თქვენი საყვარელი ადამიანი მშობლებს, შეიძლება ოჯახში ახალი წევრი შემოგემატოთ ან შეიძლება შვილი გეყოლოთ.

კურო

გახშირდება შეხვედრები და-ძმებთან, მეგობრებთან და ახლო მანძილზე მგზავრობა (პიკნიკები, ექსკურსია) მოგანიჭებთ სიამოვნებას. მიიზიდავთ ყურადღებას თქვენი ინფორმაციით. საუკეთესო დროა ლამაზი ნივთების ყიდვა-გაყიდვისთვის. სოციალურ ქსელებში მეტი იაქტიურეთ, მიიზიდეთ მნახველები. მარტოხელებმა შეიძლება რომანტიკული პარტნიორი ინტერნეტით გაიცნოთ. ან შეიძლება მეგობრული ურთიერთობა გადაიზარდოს სასიყვარულოში. დაწყვილებულებს ახლო მანძილზე მგზავრობა (პიკნიკები, ექსკურსია), თუნდაც რომანტიკული უქმეები მოგანიჭებთ სიამოვნებას.

ტყუპი

სანამ ვენერა კირჩხიბში იქნება, მოგინდებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება; ფინანსური საკითხების მოგვარება. თუ პირად რუკაში ვენერას კარგი ასპექტები გაქვთ, ფული შეგიძლიათ დააბანდოთ სარფიან ბიზნესში. შეიძინეთ ძვირად ღირებული ნივთები, მაგრამ ფულის ფლანგვას არ გირჩევთ უსარგებლო ნივთებზე. მიიღებთ სასიამოვნო საჩუქრებს და ფულს ქალებისგან. ან შეიძლება მანდილოსნებზე დაგეხარჯოთ ფინანსები. გაისტუმრებთ ვალებს, კრედიტს.

კირჩხიბი

მოიმატებს თქვენი შარმი; აღმოჩნდებით ყურადღების ცენტრში და ეცადეთ, ყოველთვის სასიამოვნოდ, დიპლომატიურად გამოიყურებოდეთ. გამოიყენეთ ეს დრო, რომ მიიზიდოთ სასურველი პარტნიორი. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და მომავალი რომანტიკული პარტნიორი დაკვირვებით შეარჩიეთ. საუკეთესო დრო გელოდებათ, თუ შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელი ხართ. არ გირჩევთ ფულის ვალში გაცემას.

ლომი

ვენერა მოგიტანთ ფარულ რომანს, ქორწინებას ან მიმოწერას. ზოგიერთი შეიძლება დასასვენებლად გაემგზავროთ სხვებისგან ფარულად. მოგინდებათ განმარტოება ლამაზ ადგილას. გამორიცხული არაა, მიიღოთ ფარული ფული ან საჩუქარი - ფარული თაყვანისმცემლისგან. ზოგიერთმა შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, ვისი ვინაობის გამხელასაც არ მოინდომებთ. აი, როცა ვენერა ლომში გადმოვა, შეიცვლება თქვენი მდგომარეობა და მაშინ უკვე გამოამჟღავნებთ ყველაფერს.

ქალწული

სურვილების, მიზნების ასრულებას მოგიტანთ ვენერა. თუ მარტოხელა ხართ, გააქტიურდით სოციალურ ქსელებში, რომ იქ გაიცნოთ სასურველი, თქვენთვის მისაღები ადამიანი. შეიძლება გახდეთ ახალი ჯგუფის - შემოქმედებითი, სილამაზის, მოდის - წევრი. ზოგიერთმა შეიძლება სიყვარული მეგობრების წრეში ან მეგობრების დახმარებით აღმოაჩინოთ. ზოგს კი მეგობრებთან ერთად განხორციელებული პროექტი მოგიტანთ ფულს.

სასწორი

ვენერა მოგიტანთ სტატუსის შეცვლას. თუ ხელოვანი ხართ შეიძლება გააფორმოთ საინტერესო, პერსპექტიული ხელშეკრულება, რაც მატერიალურ სარგებელს მოგიტანთ. ან დაწინაურება გელით სამსახურში. შეიძლება პირად ცხოვრებაში გქონდეთ ცვლილება: დაქორწინება, შვილის გაჩენა. გაიუმჯობესეთ იმიჯი, ყოველდღე მიმზიდველი, ღიმილიანი და ჰარმონიული უნდა იყოთ. უარყოფითი მომენტი ისაა, რომ შეიძლება გააქტიურდნენ კონკურენტები სიყვარულშიც და სამსახურშიც; ან გამომჟღავნდეს თქვენი სამსახურებრივი რომანი. გაირკვეს, რომ არამიზნობრივად ხარჯავთ სამსახურის ბიუჯეტს.

მორიელი

მოგინდებათ ახლის შესწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება, სამოგზაუროდ გამგზავრება, საინტერესო ადამიანებთან დამეგობრება და უცხო კულტურის ახლოს გაცნობა. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ეგზოტიკური კერძებისადმი, მოგინდებათ ყველაფერი უცხოს დაგემოვნება. თუ ხელოვანი ხართ, შეიძლება თქვენი შემოქმედება გაიტანოთ საზღვარგარეთ. მიიღებთ ფულს უცხოეთიდან. მოგინდებათ საკუთარი წიგნის დაწერა. თუ სასამართლო საქმეები გქონდათ აღძრული თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. შეიძლება დაფიქრდეთ მეორედ ოჯახის შექმნაზე.

მშვილდოსანი

ცვლილებების პერიოდი გელოდებათ და განსაკუთრებით მაშინ, როცა ვენერა და ლილიტი ერთმანეთს შეუერთდებიან, დაახლოებით 26-28 ივლისის შუალედში. იყავით დაკვირვებული ფინანსების მიმართ. შეიძლება გაგიმძფარდეთ შიშები, რომ არ დაკარგოთ კაპიტალი. ნუ გახდებით ფინანსურად დამოკიდებული გარშემო მყოფებზე. ყურადღებით გააფორმეთ კრედიტები, დააბანდეთ ფული. გაგიმძაფრდებათ გრძნობები საყვარელი ადამიანის მიმართ; გამოგიჩნდებათ ახალი სასიყვარულო პარტნიორი, მაგრამ აქაც სიფრთხილე გმართებთ, რომ არ გახდეთ მასზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებული.

თხის რქა

ვენერას კირჩხიბში ყოფნის დროს დაარეგულირებთ დამოკიდებულებას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, კლიენტებთან. გამოგიჩნდებიან ახალი საქმიანი პარტნიორები. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მომსახურების სფეროსთან გამოგიჩნდებიან ახალი კლიენტები და მათგან გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. თუ მარტოხელებს პირადი ურთიერთობის გაუმჯობესება გსურთ, გააქტიურდით, რომ დაწყვილდეთ. დაწყვილებულებს გაგიუმჯობესდებათ ერთმანეთთან დამოკიდებულება.

მერწყული

დაარეგულირეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. მოალამაზეთ თქვენი სამუშაო ზონა. საქმეები და ვალდებულებები ისე გადაანაწილეთ, რომ დასვენებისთვისაც დაგრჩეთ დრო. მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით მანდილოსნებმა. შეიქმენით ფსიქოლოგიური კომფორტი; კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით ძველი წყენისგან, შიშისგან. ვენერამ შეიძლება მოგიტანოთ სამსახურებრივი რომანი. ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კარგი იქნება დიეტის დაცვა, ვარჯიში, ცეკვა.

თევზები

ვენერა გიბიძგებთ დასვენებისკენ და არა მუშაობისკენ. მოგინდებათ მეტი დროის გატარება შვილების, საყვარელი ადამიანის გვერდით. საუკეთესო დრო გელოდებათ ხელოვან ნიშნებს, საუკეთესო პერიოდია თქვენი ნიჭის გამოსავლენად. დაფასდება თქვენი შემოქმედება. ფული შეიძლება ჰობიმ მოგიტანოთ. გაემგზავრეთ ლამაზ ადგილებში, შვებულებაში. მარტოხელებს გელოდებათ საკურორტო რომანი. დაწყვილებულების ცხოვრებაში მოიმატებს რომანტიკა. თუ გსურთ, საუკეთესო დროა ჩასახვისთვის ან შეიძლება გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ. ნუ შეიძენთ ფუფუნების ნივთებს, ნუ გაფლანგავთ ფულს.