ავტორი:

ვენერა კუროში: რას მოგიტანთ სიყვარულისა და ფულის პლანეტა, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვენერა კუროში: რას მოგიტანთ სიყვარულისა და ფულის პლანეტა, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

სიყვარულისა და ფულის პლანეტა ვენერა 28 მაისს (23 ივნისამდე) კუროში, თავისი მმართველობის ნიშანში გადავა და უმრავლესობის ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს. მოგინდებათ მეტი კომფორტი, მატერიალური კეთილდღეობა, სიამოვნების მიღება, გემრიელობების მირთმევა, ჩახუტება, მოფერება და ზოგადად სიყვარულისა და სილამაზის გამოვლენა. გარდა ამისა, თავისი ტრანზიტის დროს ვენერა დაგვეხმარება გავიუმჯობესოთ პირადი ურთიერთობები. ზოგიერთს ელის დაუვიწყარი შეხვედრა, ზოგს ძველი კავშირის აღდგენა, ზოგს მომაბეზრებელ პარტნიორთან დაშორება და ა.შ.

კურო არის მიწის სტიქიის წარმომადგენელი, მას სურს სტაბილურობა და საიმედოობა. კურო მყარად უნდა იდგეს მიწაზე, მას არ უყვარს ცვლილებები, ფულის ფლანგვა, უფრო შემგროვებელია. ამასთან, სიამოვნებს, როცა ლამაზად და გემოვნებით იცვამს, გემრიელად იკვებება. ამისთვის ფულს არ დაიშურებს. არც მასაჟისა და სპა-პროცედურებისთვის. აქვე გირჩევთ, ტკბილეული ზომიერად მიირთვათ, ვენერა კუროში ყოველთვის იწვევს წონის მატებას. კუროს უყვარს სტაბილური პარტნიორული ურთიერთობები. ის დარწმუნებული უნდა იყოს პარტნიორში და სურს, რომ მასზე ფინანსურად იზრუნონ. ამ პერიოდში გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი ძვირად ღირებული საჩუქრებით, ძვირფასი სამკაულებით. ამასთან, არ აეჭვიანოთ, კურო მესაკუთრეა და ღალატს კი არა, ფლირტსაც კი არ გაპატიებთ. პირად რუკაში ვენერას უარყოფითი ასპექტისას მომატებული იქნება გადამეტებული ჭამა და შოპოჰოლიზმი.

კუროში ვენერას ტრანზიტის დროს გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. გაგიჩნდებათ ახალი, მდიდარი კლიენტები ძირითადად მანდილოსნები, რადგან ვენერა ქალური პლანეტაა.

11 ივნისს ვენერა ურანის შეერთება მოგიტანთ მოულოდნელ რომანტიკულ შეხვედრას, ცვლილებებს, მოულოდნელობებს არსებულ სასიყვარულო კავშირში. რომანი შეიძლება გააბათ განსხვავებულ, ორიგინალური პროფესიის მქონე ადამიანთან. ან შეიძლება ურთიერთობა იყოს არატრადიციული, სხვებისთვის შოკის მომგვრელი. დაწყვილებულებმა განსხვავებულ რომანტიკული სიურპრიზები მოუმზადეთ საყვარელ ადამიანს. ხოლო თუ უკვე აღარ გსიამოვნებთ ერთად ყოფნა, დაშორება უმტკივნეულო იქნება.

15 ივნისს ვენერა აღმავალ კვანძს შეუერთდება. მოგინდებათ მატერიალური მდგომარების გაუმჯობესება, კომფორტი და სიამოვნების მიღება, გემრიელობების დაგემოვნება. დაფიქრდებით, როგორ უნდა მიაღწიოთ უზრუნველ ცხოვრებას.

18 ივნისს ვენერა სატურნის დაპირისპირება გველის. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაძაბული ასპექტია, სასიკეთო მაინც იქნება. რადგან ფარფატა ვენერას ხანდახან ჩარჩოები და აკრძალვები სჭირდება და ცივ და მკაცრ სატურნს კი რომანტიკული გრძნობების გაღვიძება. ამიტომ, დაფიქრდით რა უნდა შეამციროთ, ან რაზე უნდა თქვათ უარი. ან სად უნდა გამოავლინოთ მეტი სიყვარული და სილამაზე. ზოგიერთმა შეიძლება ჩაცმულობაში შეიტანოს სიმკაცრე, აკადემიურობა, ზოგმა შეიძლება სპეცფორმა მოიხდინოთ. გამორიცხული არაა, ცოტა გაცივდეს ურთიერთობა, სასიყვარული პარტნიორი გახდეს პრეტენზიული, ჯუჯღუნა. ამიტომ დაიცადეთ, არ იკამათოთ, იყავით დიპლომატიური, მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

19 ივნისს ვენერას სასიამოვნო ასპექტი აქვს ნეპტუნთან. ეს საუკეთესო დროა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად; რომანტიკული პაემნისთვის. საყვარელ ადამიანთან ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებას. ამასთან გართხილდით, რომ სიყვარულით თავბრუდახვეული არ გახდეთ ტყუილის, აფერისტების მსხვერპლი, განსაკუთრებით ახალგაცნობილებთან გმართებთ ყურადღება.

21 ივნისს ვენერას ასევე სასიამოვნო ასპექტი აქვს პლუტონთან (რომელიც ახლა რეტროგრადულ სვლაშია 29 აპრილიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით). ეს არის წარსულის შეცვლის, სასიყვარულო ურთიერთობაში დაშვებული შეცდომების გამოსწორების დღე. გამორიცხული არაა დაბრუნდეს ყოფილი პარტნიორი, ან მიიღოთ ფული ადრე შესრულებული საქმისგან, დაიბრუნოთ ვალი. პლასტიკური ოპერაციით გაიუმჯობესოთ გარეგნობა ან უკვე არსებული გამოასწოროთ.

29 ივნისს ვენერას კარგი ასპექტი ექნება იუპიტერთან. დიდი და მცირე ბედნიერების პლანეტები ერთიანდებიან, რათა ბედნიერება და კეთილდღეობა მოგვიტანონ. ეს საუკეთესო დღეა ყველა სასიკეთო თემის და საკითხის მოსაგვარებლად. საუკეთესო ცვლილებები გელით სოციალურ თემებში, ეს არის აღიარებისა და წარმატების დრო. მატერიალური და სასიყვარულო საკითხების თქვენს სასარგებლოდ მოგვარების. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოს დაქორწინება; დაწყვილებულებმა ჰარმონიული გახადეთ არსებული კავშირი. მარტოხელებს კი რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ.

ახლა კი წაიკითხეთ პროგნოზი მზისა და ასცენდენტის ნიშნის მიხედვით, რათა იცოდეთ, სად შეხვდებით ახალ სიყვარულს და რა სფეროებში გელით სიამოვნების მიღება.

ვერძი

ფინანსური საკითხების მოგვარების დრო დაგიდგათ; ფული საკმარისად გექნებათ და მოგინდებათ ძვირად ღირებული, ლამაზი ნივთების შეძენა (მაგრამ არ გირჩევთ, აჩქარებას, სანამ მერკური რეტროგრადული სვლიდან არ გამოვა). გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მადაც და თუ გასუქებას არ აპირებთ, ეცადეთ აკონტროლოთ საკუთარი თავი, მოერიდეთ დელიკატესების ჭამას. მოიძიეთ შემოსავლის დამატებითი წყარო. დააბანდეთ ფული საკუთარ ჯანმრთელობაში. კარგია ცურვა: მასაჟი. აგრეთვე კარგია კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება.

კურო

მოგინდებათ ფულის დაბანდება საკუთარ თავში, იმიჯში, სამოსში, განათლებაში. უნდა გააქტიურდეთ, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება გააძვიროთ მომსახურება, მოითხოვოთ ხელფასის მომატება ან გამონახოთ შემოსავლის დამატებითი წყარო. კარგი იქნება, თუ გავლენიანი ადამიანების ყურადღებას მიიქცევთ. კარგ შედეგს მოგიტანთ თვითრეკლამა. საკუთარ თავს ხშირად გაინებივრებთ საჩუქრებით ან შეიძლება საყვარელი ადამიანისგანაც მიიღოთ. მარტოხელები გააქტიურდით, რომ თავად გაეცნოთ იმ ადამიანს, ვის მიმართაც სიმპათიას გაქვთ.

ტყუპი

გამორიცხული არაა, გააბათ ფარული სასიყვარულო კავშირი; არ გირჩევთ სასიყვარულო სამკუთხედის შექმნას ან პირიქით, შეიძლება ყველასგან მალულად იქორწინოთ. ზოგიერთმა კი შეიძლება წერტილი დაუსვათ ფარულ კავშირს - დაასრულოთ ან გამოააშკარაოთ. შეიძლება მიიღოთ ფული ფარული წყაროდან ან გამონახოთ ახალი სამსახური, რომელზეც არავის მოუყვებით. გაგიტაცებთ ფსიქოლოგია, ოკულტური მეცნიერებები ან შეიძლება ისეთი ადამიანი გაიცნოთ, ვინც ამ სფეროთი იქნება გატაცებული.

კირჩხიბი

გახშირდება რომანტიკული შეხვედრები. ახალ სიყვარულს შეიძლება მეგობრების წრეში შეხვდეთ ან მათი დახმარებით, ან ინტერნეტქსელში. ვენერა მოგიტანთ პოპულარობას, აგისრულებთ სურვილებს. თუ ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი ხართ, დაიწყეთ ინტერნეტსაქმიანობა. გაიჩენთ ახალ თანამოაზრეებს. ფულს მიიღებთ თანამოაზრეებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად მუშაობისთვის. გახსოვდეთ, რომ თქვენს ნიშანშია ლილიტი, ნუ აჰყვებით ცდუნებას და ნუ გარისკავთ სასიყვარულო და ფინანსურ სფეროში.

ლომი

თქვენი სიყვარული პოპულარულს გაგხდით. მარტოხელებმა კი შეიძლება რომანი გააბათ წარმატებულ, გავლენიან პიროვნებასთან. შეყვარებულებმა შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოთ. თუ სილამაზის სფეროში მუშაობთ, მოიმატებს თქვენი პოპულარობა. თუ შემოქმედებით სფეროში ხართ, თქვენი საქმიანობა მოგიტანთ ფულს, ცნობილის გაგხდით. ამასთან, მოერიდეთ სასიყვარულო ინტრიგებს, უფროსთან რომანის გაბმას და მერე მის შანტაჟს.

ქალწული

გაგიმძაფრდებათ სიყვარული მოგზაურობისადმი. შეიძლება საშოპინგოდ წახვიდეთ საზღვარგარეთ ან სიყვარულის გამო, ან მოგზაურობისას დაიწყოთ რომანი. თუ შემოქმედებით სფეროში ხართ, შეიძლება თქვენი ნაწარმი გაიტანოთ უცხოეთში. პოპულარობას მიაღწევთ ლიტერატურის (განსაკუთრებით, თუ რომანს წერთ), იურისპრუდენციის სფეროში. ზოგიერთმა შეიძლება ლექტორთან გააბათ რომანი. დაფიქრდით, რით შეიძლება გაილამაზოთ ცხოვრება, მიიღოთ სიამოვნება.

სასწორი

მიიღებთ მატერიალურ სარგებელს ან შეიძლება ბიზნესი მიიღოთ მემკვიდრეობით. გადაწყვეთ სილამაზის გამო ოპერაციის გაკეთებას; არ დაინანებთ ფულს სპა-პროცედურებსა და მასაჟში. მოგინდებათ ფულის დაბადება ლამაზ, ძვირად ღირებულ ნივთებში. გამოგიჩნდებათ ახალი სექსუალური პარტნიორი ან არსებულ პარტნიორთან გაგიუმჯობესდებათ ინტიმური სფერო. ამასთან, გაფრთხილდით, რომ თქვენი რომანი არ გარდაიქმნას დრამაში. ზოგიერთის ცხოვრებაში შეიძლება დაბრუნდეს ყოფილი.

მორიელი

მარტოხელების ცხოვრებაში მოიმატებს ახალი რომანტიკული ნაცნობობა. შეიძლება ახალი საქმიანი პარტნიორი გამოგიჩნდეთ, რომელიც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. თუ თქვენი საქმიანობა მომსახურების სფეროა, გაიჩენთ ახალ და მდიდარ კლიენტებს. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება იურიდიული საკითხები. მერკურის რეტროგრადული სვლიდან გამოსვლის შემდეგ საუკეთესო დრო დგება ახალი ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ქორწინებისთვის.

მშვილდოსანი

იოლად შეასრულებთ ვალდებულებებს, მოალამაზებთ თქვენს სამუშაო ადგილს. შეიძლება სილამაზის სფეროში დაიწყოთ მუშაობა. ზოგადად, მეტად იზრუნეთ საკუთარ თავზე: სილამაზეზეც და ჯანმრთელობაზეც. თუ შინაური ცხოველი გყავთ, შეიძლება გაგიმრავლდეთ, მან მოგიტანოთ ფული. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბათ კოლეგასთან.

თხის რქა

რომანტიკული განწყობა მოიმატებს. მოგინდებათ საკუთარი თავის მეტად განებივრება. შეიძლება შვებულების დროს გაიცნოთ რომანტიკული პარტნიორი. დაწყვილებულების შემთხვევაში მოიმატებს რომანტიკულობა, გაანებივრებთ საყვარელ ადამიანს სიურპრიზებით, საჩუქრებით. ფული შეიძლება ლატარიაში მოიგოთ. გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის, რამაც შეიძლება მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესოთ.

მერწყული

მოგინდებათ სახლის მოლამაზება, ჰარმონიული ურთიერთობის შექმნა ოჯახის წევრებთან. ბინისთვის შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს, ხელოვნების ნიმუშებს. შეიძლება გადაიფორმოთ უძრავი ქონება ან ფულადი სარგებელი მიიღოთ ბინის გაქირავებით. იყავით მზრუნველი მშობლების მიმართ. ზოგიერთმა შეიძლება ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტოთ, ან თუ საზღვარგარეთ ხართ, მშობლიურ ადგილს დაუბრუნდეთ.

თევზები

რომანტიკული ნაცნობობა მოსალოდნელია ინტერნეტით მიმოწერისას ან მგზავრობისას: ექსკურსია, ტური, პიკნიკი. გახშირდება შეხვედრები მეგობრებთან და შეიძლება რომანიც კი გააბათ ერთ-ერთთან. ზოგიერთმა შეიძლება ლამაზი ავტომობილი შეიძინოთ (მაგრამ რეტროგრადული მერკურის პერიოდში არ გირჩევთ, მოცდა ჯობია). კარგ შედეგს მოგიტანთ მივლინება, საქმიანი შეხვედრები. მოგინდებათ სასწავლო კურსებზე დასწრება, რაც სილამაზესთან, თავის მოვლასთანაა დაკავშირებული და გამორიცხული არაა, საბედოს შეხვდეთ სწავლისას, ტრენინგებზე.