ახლა უნიკალურ დროში ვცხოვრობთ - დაბნელებების დერეფანს გავდივართ: 19 ნოემბერს მთვარის დაბნელება გვქონდა სავსემთავრეობაზე, 4 დეკემბერს კი მზის დაბნელება გველის ახალმთვარეობაზე. საინტერესო ისაა, რომ 4-ში მთვარე მაქსიმალურად იქნება მოახლოებული დედამიწას, ამიტომაც ჰქვია მას სუპერახალმთვარეობა და მის ძალას ყველანი ვიგრძნობთ. ახალმთვარეობას ველოდებით 4 დეკემბერს, თბილისის დროით 11:33-ზე, მშვილდოსნის მე-13 გრადუსში. ეს ტყუპი-მშვილდოსნის ღერძზე ბოლო დაბნელებაა. თუმცა, ამაზე ცოტა მოგვიანებით...
დეკემბრის ახალმთვარეობს მზის დაბნელებაც ემთხვევა და ეს დღე (პლუს მინუს 2-3 დღე) საფრთხილოა, ემოციურობა და ტრავმულობა მომატებულია, მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ: ურთიერთობებშიც, საქმეებშიც და საჭესთანაც. თუ წნევასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, წინასწარ მიიღეთ ზომები. მოსაფრთხილებელია, გულიც. შეიძლება შეგაწუხოთ თავის ტკივილმა.
4 დეკემბერს მშვილდოსანში იქნებიან მზე, მთვარე და მერკურიც. წელიწადნახევრის განმავლობაში მშვილდოსნისა და ტყუპის ღერძზე არიან განლაგებულნი კარმულ კვანძებიც. ეს ამ ღერძზე მათი ბოლო დაბნელებაა. ამ დღეს ბოლო კოსმიური გამოცდა უნდა ჩავაბაროთ. კარმული გაკვეთილი შეეხებოდა სწავლას, ინფორმაციების მიღება-გაცემას, კონტაქტებს, უცხოეთს, რელიგიურ-ფილოსოფიურ თემებს, იურისპრუდენციას. გამორიცხული არაა, წარსულიდან მიგეღოთ ინფორმაცია, რაც თქვენს მომავალზე იქონიებს გავლენას. ტყუპშივე მდებარეობს შიშების, ცდუნებისა და ეჭვების სიმბოლო შავი მთვარე. მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოთ კავშირებში, სწავლაში, ინფორმაციებში. გამორიცხული არა, რომ ამ სფეროებში იმატოს პანიკამ. თუმცა, არ აჰყვეთ მას და ეცადეთ, გააზრებულად, დაკვირვებულად იმოქმედოთ. მშვილდოსანი არის ფილოსოფოსების, ახალი იდეების სიმბოლო. მას სურს ჰორიზონტებს, ცნობიერების გაფართოება. ურთიერთობების გაუმჯობესება უცხოელებთან. არ გირჩევთ სნობიზმს, ყოვლისმცოდნეობასა და ქედმაღლობას.
4 დეკემბერს მზის დაბნელება და ახალმთვარეობა მოგვიწოდებს, რომ დავიწყოთ ცხოვრება თავიდან, გავიუმჯობესოთ არსებული გარემო და პირობები. ვიყოთ მიზანმიმართულები და ჩვენი ქმედებით შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ. გირჩევთ, ახალთვარეობამდე მოიცილოთ ყველაფერი უსარგებლო და დაზიანებული, რათა ადგილი გამოუთავისუფლოთ ახალს. არ იკამათოთ არავისთან და აპატიეთ ყველას ყველაფერი. მოერიდეთ ჯიუტად თქვენი აზრის მტკიცებას, აპატიეთ და გაუშვით. დააკვირდით საკუთარ ემოციებს, ფიქრებს, გამონათქვამებს. კარგი იქნება, თუ ახალმთვარეობამდე დაიცავით დიეტას: არ მიიღებთ ალკოჰოლსა და ცხოველურ პროდუქტებს. ახალმთვარეობამდე ერთი საათით ადრე შემოიარეთ ოთახები ანთებული სანთლით, ეს დაგეხმარებათ, ენერგეტიკულად გაწმინოთ ბინა. კარგი იქნება, ფურცელზე ჩამოწეროთ პირადი უსიამოვნო თვისება, რაც ხელს გიშლით წინსვლაში, ფურცელი დაწვათ და წყალს გაატანოთ. ახალმთვარეობის მომენტში უსურვეთ საკუთარ თავს, ახლობლებს და სამყაროს ჯანმრთელობა და მშვიდობა. რაც შეეხება სურვილს, მიზანს ის უნდა ჩამოწეროთ ახალმთავრეობიდან ერთი საათის განმავლობაში. ეცადეთ, რომ მიზანი იყოს კონკრეტული და არავისთვის (არც გარემოსთვის და არც ადამიანებისთვის) არ იყოს ზიანის მომტანი. სურვილიანი ფურცელი შეინახეთ მომდევნო ახალმთვარეობამდე ან თუ ნატვრა გლობალურია, 6 თვე. საუკეთესო დრო ახალი საქმეების დასაწყებად, საყიდლებისთვის, ხელშეკრულებების გასაფორმებლად გვექნება 8-17 დეკემბრის შუალედში. თუმცა, ამ მონაკვეთში უკურსო მთვარის პერიოდიც უნდა გაითვალისწინოთ, როცა არ ღირს არც მნიშვნელოვანი საქმეების წარმოება და არც ძვირად ღირებული ნივთების ყიდვა.
თუ საქმეების მოგვარებას წლის ბოლომდე ვერ ახერხებთ, გადახედეთ 2022 წლის საუკეთესო დღეებს: 2021 წლის 19 დეკემბრიდან 2022 წლის 29 იანვრამდე რეტროგრადულ სვლაში გადადის პლანეტა ვენერა. ამ პერიოდში არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, ფულის დაბანდებას, არ გააფორმოთ საქმიანი ხელშეკრულება, ოფიციალური ქორწინება და პლასტიკური ოპერაციებისგანაც შეიკავეთ თავი. შედეგით კმაყოფილი არ იქნებით. 14 იანვარს რეტროგრადულ სვლაში ვენერას მერკურიც შეუამხანაგდება 4 თებერვლამდე. 2022 წლის 4 თებერვლამდე მოერიდეთ ყველა ახალი საქმის დაწყებას, ხელშეკრულებების გაფორმებას, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. გამოიყენეთ ეს დრო საქმეების დასასრულებად, გადასაკეთებლად, გამოსასწორებლად. კარგ პერიოდს ველოდებით 2022 წლის 5 თებერვლიდან 26 აპრილის ჩათვლით. ამ პერიოდში არ გვექნება არც ერთი რეტროგრადული პლანეტა, რაც ხელს შეგიწყობთ ყველა იმ საქმის უკეთ წარმართვაში, რაშიც მანამდე შეზღუდული იყავით. მოსაფრთხილებელი პერიოდია 27 აპრილიდან 3 ივნისის ჩათვლით. მზისა და მთვარის დაბნელებებს რეტროგრადული მერკურის პერიოდიც დაემატება. ამ დროს დაწყებული საქმეები შეიძლება შეფერხდეს და ვერ მოგცეთ კარგი შედეგი. მომდევნო კარგი პერიოდი გველოდება 4 ივნისიდან 9 სექტემბრის ჩათვლით. 10 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის პერიოდში რეტროგრადულ სვლას დაიწყებს მერკური და ჩვენ ისევ ველოდებით კარგ პერიოდს, რომელიც იქნება პატარა - 3-22 ოქტომბერი - და ამიტომ, მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენეთ.
ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა და მზის დაბნელება ყველაზე მეტად: მათზე, ვინც დაბადების დღე აღნიშნავს პირველი-7 დეკემბრის შუალედში და მათზე, ვისაც პირად რუკაში პირველ-16 გრადუსში ჰყავს პირადი პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები. ელოდეთ სასიამოვნო ცვლილებებს, იყავით მზად მწვერვალების დასაპყრობად.
ახალმთვარეობა და მზის დაბნელება აქტიური ქმედებებისა და ცვლილებებისკენ გიბიძგებთ ყველას, ვინც დაიბადეთ 27 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, 30 მაისიდან 5 ივნისამდე და პირველი -7 სექტემბრის შუალედში. უნდა იყოთ მიზანმიმართული და დაკვირვებული. უშრომველად ვერაფერს მიაღწევთ, მაგრამ შედეგითა და საკუთარი თავით კმაყოფილი იქნებით. ეს ეხება მათაც, ვისაც თევზების, ტყუპისა და ქალწულის 10-16 გრადუსეში გყავთ პირადი პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები.
სასიამოვნო მოვლენები გელით ყველას, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავთ: 29 იანვრიდან 3 თებერვლის, 29 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით, პირველ- 7 აგვისტოსა და 2-8 ოქტომბერს. მთელი წლის განმავლობაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. და მათაც, ვისაც ვერძის, ლომის, სასწორისა და მერწყულის 10-16 გრადუსში გყავთ პირადი პლანეტები.
ჩაიხედეთ პირად ასტროლოგიურ რუკაში და ნახეთ, რომელ სახლში ხვდება მშვილდოსნის მე-13 გრადუსი. სწორედ ამ სფეროში გელით სიახლეები.
ბედნიერ სუპერახალმთვარეობასა და მზის დაბნელებას გისურვეთ.