- მამაკაცები ბავშვებივით არიან - ინფანტილურად აზროვნებენებ, მხოლოდ საკუთარ პრიორიტეტებს აყენებენ წინა პლანზე და მაქსიმალურად არ სურთ შეიზღუდონ თავისუფლება. ნაწილობრივ იქნებ ასეც გახლავთ. თუმცა, იმ ფაქტსაც ვერსად დავემალებით, რომ არსებობენ გამონაკლისებიც - მზრუნველი, ერთგული, მეოჯახე, შვილებსა და მეუღლეზე ორიენტირებული მამრებიც. თუმცა, მათი გულის მოსაგებად, ქალსაც არანაკლები დოზით მოეთხოვება გარჯა და მუშაობა საკუთარ თავზე. დღეს კი მინდა იმ ტიპის მამაკაცებზე ვისაუბროთ, ვისთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაც საკმაოდ რთული და ხშირად აბსოლუტურად აუტანელიც კი შეიძლება იყოს ქალისთვის. მამაკაცი-ნარცისები ჩვენს "ასტრო-ობიექტივში".
ქალწული - დეტალებზე ორიენტირებული, ქრონიკული "ვორკოჰოლიკი" და წესრიგზე შეყვარებული მამრია. მართალია, ყოველთვის აქვს ფული და კარგი ფინანსური ბეგრაუნდის პატრონია, მაგრამ მერწმუნეთ, მხოლოდ ამ მოტივაციით მასთან ოჯახის შექმნა არ ღირს. მით უმეტეს, თავადაც ძნელად იღებს დაოჯახების გადაწყვეტილებას. ქალწული მამაკაცი რთულად ასატანი ქმარია. მის ცოლს მოეთხოვება მუდამ იყოს მოწოდების სიმაღლეზე. სახლი იდეალურ წესრიგში იქონიოს, თავად კი ჰიგიენურად გამოიყურებოდეს, მაგრამ ამასთანავე - არაგამომწვევად. იცოდეს ფულის ყადრი და გონივრული ეკონომია. ნაკლებად უბურღოს ქმარს ტვინი სამსახურის შემდეგ, როცა იგი საღამოს სიმშვიდეში გატარების მომხრე იქნება. გახსოვდეთ, იგი შეშლილია საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე. ამიტომ მოგეთხოვებათ შეისწავლოთ მისი კვების გრაფიკი, კვებოთ საათობრივად და რაც მთავარია, ჯანსაღად. მოკლედ, იზრუნოთ მისი ნარცისული იმიჯის მაქსიმალურ სრულყოფაზე.
ბონუსად მიიღებთ ერთგულ ქმარს, რომელიც იშვიათად დადის საეჭვო ყოფაქცევის ქალებში. საღამოებს მუდამ ატარებს სახლში და მუდმივად ზრუნავს თავისი მატერიალური დონის ამაღლებაზე.
სასწორი - შარმიანი, გალანტური, უზომოდ ქარიზმატული და დელიკატური კაცია. უკვე თუ მოასწრო და საკუთარი განუმეორებელი იმიჯით დაგახვიათ თავბრუ, ალბათ არც კი მიაქცევთ ყურადღებას იმას, რომ ამ კაცს გადაწყვეტილების მიღება საშინლად უჭირს. მუდმივად სჭირდება კონსულტაციის გავლა მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ან საკუთარ ადვოკატთან იმის შესახებ გადადგას თუ არა ესა თუ ის კონკრეტული ნაბიჯი ცხოვრებაში. ქორწინებამდეც სავარაუდოდ თქვენი შემტევი ხასიათი მიგიყვანთ და არა მისი გულმოდგინება, შექმნას ოჯახი. როგორც ქმარი იგი არასოდესაა უხეში, მაგრამ პერიოდულად მისი ინერტულობა და აბსოლუტური უმოქმედობა აუცილებლად გაგაბრაზებთ. მას არ მოეწონება, თუკი თქვენ ვიზუალურ იმიჯზე გამუდმებით არ იზრუნებთ. აუცილებლად მოგცემთ შენიშვნას მომატებული კილოგრამების ან არეული სახლის გამო. თუმცა, იმავე ნაკლის ქონის უფლებას საკუთარ თავს დიდსულოვნად მისცემს. ყოველთვის დაელოდება თქვენგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და ეცდება, ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ცხოვრებაში შეექმნება, თქვენგან მიღებულ რჩევას ან მოსაზრებას გადააბრალოს.
ბონუსად მიიღებთ ქმარს, რომელიც "საგარეო სამკაულად" გამოგადგებათ. რა მნიშვნელობა აქვს რა ხდება ოჯახში? სამაგიეროდ, გარშემო მყოფები მუდამ შურის თვალით დაგიწყებენ ცქერას თქვენ - ასეთი მომხიბვლელი, ენაწყლიანი, გალანტური და ნიჭიერი კაცის ცოლს. რომელსაც არასოდეს, არავისთან არაფერი ეშლება.
თხის რქა - გარეგნულად უემოციო, შინაგანად საშინლად ამბიციური და ძალაუფლების მოყვარული მამაკაცია. თავიდან იქნებ გეგონოთ, რომ ეს სიმორცხვით მოსდის. თუმცა, დროთა განმავლობაში, როცა მასთან ერთ ჭერქვეშ მოგიხდებათ გაძლება მიხვდებით, რომ თქვენი ქმარი საოცრად ჯიუტი, პრინციპული და კონსერვატორულად მოაზროვნე პიროვნებაა. იგი პირველობას ითხოვს ოჯახში, ამიტომ ყოველთვის შეეცდება, თქვენ როგორც დამხმარე პერსონალს ხმის უფლება ნაკლებად მოგცეთ. ერთპიროვნულად მიიღებს ხოლმე ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც ოჯახის მომავალს ეხება. სხვანაირად მას არ წარმოუდგენია ჭეშმარიტი "ოჯახის უფროსის" კომპეტენცია. სამსახური და პროფესიული სარბიელი მისთვის ყოველთვის წინა პლანზე იქნება, აზრი არ აქვს სცენების გამართვას და სენტიმენტებს. თუკი სამუშაო გრაფიკი ითხოვს, საქორწინო ცერემონიალის გადადებაც კი შეუძლია უპრობლემოდ, სამსახურის სასარგებლოდ. იშვიათი სიტყვაძუნწი და აბსოლუტურად არარომანტიკული პერსონაა.
ბონუსად მიიღებთ ქმარს, რომელსაც თუკი აცლით და "ამოასუნთქებთ" ცხოვრების ბოლოს თქვენი სასიამოვნოდ გაოცება შეუძლია. იმიტომ რომ, იგი სხვა მამაკაცებისგან საპირისპიროდ ვითარდება - წლებთან ერთად კი არ ბერდება, ახალგაზრდულ შემართებას იძენს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მისი ერთგულება ოჯახის მიმართ უსაზღვროა, ხოლო თქვენდამი სიყვარული (რომელსაც იგი ენის მოჩლექით ვერ გამოხატავს) სამუდამო და ყოვლისმომცველი.