იგი ნებისმიერი ადამიანის კოსმოგრამაში, პირველი სახლის უმაღლეს ნიშნულზე მდებარეობს და თავისი მნიშვნელობით ლამის მზის განლაგებას უტოლდება. ასცენდენტის ნიშანი განაპირობებს იმას თუ როგორი ნიღაბი გვიკეთია სოციუმში. როგორ აღგვიქვამენ გარშემო მყოფები ერთი შეხედვით. ასცენდენტი ასევე განაპირობებს ჩვენს გარეგნულ თავისებურებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმ ზოდიაქოს ნიშნის იერს ვიღებთ, რომელშიც ჩვენი ასცენდენტია განლაგებული. თუმცა უფრო კონკრეტულად და ვრცლად რომ გაგარკვიოთ ასცენდენტის თემაში, მოდით დეტალურად განვიხილოთ ასცენდენტის მდებარეობა თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანში.
ფოტოზე მსახიობი ელაიშა ქათბერდი – ასცენდენტით ლომი
ასცენდენტი ლომში
ამგვარი ასცენდენტის მქონე ადამიანებს, ხშირად ხვეული თმა, გამოკვეთილი ნაკვთები და მრგვალი ფორმის პირისახე აქვთ. ხელები და ფეხები ხშირად ფართო, თითები მსხვილი და ბუთქუნა (ლომის თათებივით). ბევრ მათგანს ყურის ფორმაც გამოარჩევს. ფართო ყური, მსხვილი ბიბილო – ესეც ლომის ასცენდენტის ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანია.
აღნაგობით ძვალმსხვილი ან მძიმეწონოსანი ხალხი უფრო გვხვდება მათ შორის. გამხდრები და სიფრიფანები, იშვიათობას წარმოადგენენ. ხშირად, ტანთან შედარებით თავი უფრო დიდი უჩანთ, თუმცა ეს არ არღვევს სხეულის ერთიან პროპორციებს. ტორსი გრძელი აქვთ, ხოლო თეძოები ვიწრო. ამაყად, წელში გაჯგიმულები დადიან (დედოფლური-მეფური მანერით). ასაკთან ერთად ქალებს, მიდრეკილება აქვთ სიმსუქნისკენ, ოღონდ მხოლოდ სხეულის ზედა ნაწილში (გვერდები, მუცელი).
დამახასიათებელია ფართო და ხშირი წარბები. თვალები მომრგვალებული ფორმის ან ნუშისებრი, გვერდებში კატასავით აპრეხილი ბოლოებით.
ცხვირი უმეტესად ფართო და ხორციანი აქვთ. იშვიათად კეხიანი. ძირითადად ფართო ნესტოებით.
ტუჩები ხშირად სქელი და გამოკვეთილი კონტურით.
თმები უმეტესად ხვეული ან ოდნავ ტალღოვანი აქვთ. მამაკაცები მიდრეკილი არიან სიმელოტისკენ.
განსაკუთრებული დეტალი: ახასიათებთ თავის ქნევა ურჩი კულულების მოსაცილებლად ან ხელის ხშირი მოძრაობა თმის დასატკეპნად. ხმის ტემბრი ჟღერადი და მკვეთრი აქვთ. სხეულზე ხშირად გააჩნიათ დაბადების ხალები. აქვთ მიდრეკილება წამოწითლებისკენ, როცა ნერვიულობენ ან უხარიათ რამე.