იგი ნებისმიერი ადამიანის კოსმოგრამაში, პირველი სახლის უმაღლეს ნიშნულზე მდებარეობს და თავისი მნიშვნელობით ლამის მზის განლაგებას უტოლდება. ასცენდენტის ნიშანი განაპირობებს იმას თუ როგორი ნიღაბი გვიკეთია სოციუმში. როგორ აღგვიქვამენ გარშემო მყოფები ერთი შეხედვით. ასცენდენტი ასევე განაპირობებს ჩვენს გარეგნულ თავისებურებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმ ზოდიაქოს ნიშნის იერს ვიღებთ, რომელშიც ჩვენი ასცენდენტია განლაგებული. თუმცა უფრო კონკრეტულად და ვრცლად რომ გაგარკვიოთ ასცენდენტის თემაში, მოდით დეტალურად განვიხილოთ ასცენდენტის მდებარეობა თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანში.
აცენდენტი თევზებში
ფოტოზე მსახიობი ანტონიო ბანდერასი – ასცენდენტით თევზები
ასცენდენტით თევზები უმეტესად სახის მომრგვალებული ოვალით და აუღელვებელი ე.წ. "თევზური" გამომეტყველებით გამოირჩევიან. ნაკვთები მათ უმრავლესობას პატარა და ლამაზი აქვს. ყურები თავთან შედარებით ფართო და დიდი.
სხვადასხვა აღნაგობის არიან, ოღონდ ხელ-ფეხი გაცილებით გრძელი მოუჩანთ სხეულის პროპორციიდან გამომდინარე. უმეტესად ფართო ხელის მტევნები და ტერფები აქვთ. მხრები მომრგვალებული ან ჩამოთლილი ფორმის აქვთ. საოცრად მოქნილები და პლასტიკურები არიან მოძრაობისას.
თვალები ბევრ მათგანს ფართო ჭრილის მქონე და ღია ფერის აქვს. ქუთუთოები მძიმე და გამოკვეთილი. ხშირად გვხვდებიან ე.წ. "გადმოკარკლული" თვალების მქონე ადამიანებიც; რომელთაც თვალის გუგები წინ წამოწეული და ამობურცული აქვთ.
ცხვირი ბევრ მათგანს მოკლე და ფართე ნესტოიანი აქვს. იშვიათად ხასიათდებიან კეხიანი ცხვირით.
ტუჩები სქელი და მეტყველი აქვთ. მიდრეკილი არიან ღაბაბის გაჩენისკენ ასაკის მატებასთან ერთად. იმ შემთხვევაშიც კი თუ წონაში საგრძნობლად არ იმატებენ, ღაბაბი მაინც ეტყობათ.
თმა სქელი მაგრამ დამყოლი ფაქტურის აქვთ.
განსაკუთრებული დეტალი: ასაკთან შედარებით ადრე უჩნდებათ ხოლმე ნაოჭები. ერთი შეხედვით ინერტული ადამიანის შთაბეჭდლებას ტოვებენ, მაგრამ ძალიან მოქნილები და ცნობისმოყვარეები არიან სინამდვილეში. ახასიათებთ სიარულის ე.წ. "მოცეკვავე" მანერა. ნაბიჯები მსუბუქი და მოკლე აქვთ. ბევრ მათგანს უყვარს ცეკვა.