ოცნებობდა ბავშვობის ასაკში, ჰყოლოდა პატარა ძაღლი ან კატა. წლების მატებასთან ერთად, უმეტესობას ამგვარი სურვილები უფერმკრთალდება და მათ ადგილს ბევრი გაცილებით უფრო დიდი „მინდა“ იკავებს. თუმცაღა უკვე მშობლის ამპლუაში, შესაძლოა ისევ დადგეს ბევრი ჩვენგანი დილემის წინაშე - მოუყვანოს თუ არა პატარა ოთხფეხა მეგობარი შვილს, მით უმეტეს როცა ეს უკანასკნელი ამგვარი საჩუქრის ჩუქებას დაჟინებით ითხოვს. ამ პრობლემის გადაწყვეტაში ასტროლოგია დაგეხმარებათ.
ასტროლოგიურად კატა სიმბოლურად მთვარის ენერგეტიკას შეესაბამება - აქედან გამომდინარე, თუკი თქვენი შვილის რუკაში მთვარე ძლიერია (კირჩხიბში, თევზებში, სასწორში, კუროში) თამამად შეგიძლიათ აჩუქოთ მას ეს ცხოველი და დარწმუნებული იყავით იმაში, რომ იგი პატარა მეგობარს დიდი რუდუნებით მოუვლის და გაუფრთხილდება. თუმცაღა კატის ყოლის გამძაფრებული მოთხოვნილება ხშირად მიანიშნებს იმას, რომ ბავშვს ოჯახის წევრების მხრიდან სითბო და გაგება აკლია. ან თავად ოჯახური ატმოსფეროა სტრესული, ხმაურიანი და ქაოსური. ამიტომ იმ შემთხვევაში, როცა ბავშვს ძლიერი მთვარე არ უფიქსირდება, შესაძლოა კატის ყოლის მოთხოვნილება, პატარას მიმართ გაზრდილი ზრუნვით და ყურადღებით გადავფაროთ.
ძაღლების სიყვარული პირიქით - მზის ენერგეტიკას უკავშირდება.
მზე ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალის, დომინანტობისკენ მიდრეკილების სიგნიფიკატორია რუკაში. შესაბამისად, რაკიღა მთვარე მზის სხივების არეკვლის ფუნქციით გამოირჩევა - კატას არ აქვს პატრონთან მიჯაჭვულობის თვისება, იგი მარტოოდენ სილუეტს - ოჯახს ეჯაჭვება და მისი ერთგულება ზოგადად ალბათობითი ხასიათისაა. მაშინ როცა ძაღლი უპირობოდ ერთგულებს კონკრეტულ პიროვნებას - პატრონს. ამიტომ თუკი თქვენი ბავშვი მზის დომინანტური მდებარეობით დაიბადა (მზე ლომში, ვერძში, მეხუთე სახლში და ა.შ) მისთვის ლეკვის ჩუქება ნამდვილად არ იქნება სარისკო ქმედება. ოთხფეხა მეგობრის ყოლა მის შემოქმედებით პოტენციალს და ინდივიდუალიზმს კიდევ უფრო გააძლიერებს. ბავშვი რომელიც ძაღლზე ოცნებობს ყოველთვის გამოირჩევა ეპატაჟურობით, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და თავის გამოჩენა საგმირო საქმეებით. იმ შემთხვევაში თუ თქვენს პატარას არ გააჩნია მზე დომინანტურ მდებარეობაში და ლეკვს მაინც დაჟინებით ითხოვს, ეს იმის ნიშანია რომ მშობლებს მასთან სათამაშოდ და საკონტაქტოდ დრო იშვიათად რჩებათ. ან შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენაში დედის ან მამის კრიტიკული დამოკიდებულება უშლის ხელს.