ჰოდა, მოდით, ერთად გავარკვიოთ, ის თუ კონკრეტულად რა სახის პლანეტარული გავლენები განაპირობებენ ამ ქვეყნად მსახიობის დაბადებას ან რა მიუთითებს იმაზე, რამდენად შეძლებს ესა თუ ის ადამიანი ამ პროფესიით საკუთარი სახელის უკვდავყოფას.
ასტროლოგების ვარაუდით, ყველაზე მეტი მსახიობი ტყუპის - ჯონი დეპი , თევზების - ჯულიეტ ბინოში , სასწორის - ჰიუ ჯექმანი , ლომის - რობერტ დე ნირო და ვერძის - გენიალური ჩარლი ჩაპლინ ი, ზოდიაქოს ნიშნით იბადება. ვენერას გავლენით, არცთუ ურიგო მსახიობი შეიძლება დადგეს ასევე კუროსგანაც - მაგ. უმა თურმანი . გაცილებით იშვიათად გამორევა სამსახიობო ნიჭის მქონე ხალხი მერწყულებს შორის. იმიტომ რომ მერწყულის სფერო უფრო მეცნიერება და მომავლის ტექნოლოგიების კვლევაა, ვიდრე "სხვის ტყავში ძვრომის" უნარის ათვისება. მსახიობების არცთუ დიდი რაოდენობა გვხვდება მორიელებს შორის - მაგ. ენ ჰეთუეი, ალენ დელონი . თუმცა, თუკი მორიელი ამ სფეროს მაინც მოჰკიდებს ხელს, მისგან უდაოდ დიდი პროფესიონალი დგება. კარგი გარდასახვის უანრი აქვთ ასევე კიბორჩხალებს - მაგ. მერილ სტრიპი . თუმცა, თანდაყოლილი მორცხვობა უშლის ბევრ მათგანს ხელს იმაში, რომ ამ სფეროში პოპულარობას მიაღწიოს.
ცნობილ მსახიობთა კოსმოგრამებს თუ გადავავლებთ თვალს, ძირითადად შემდეგი ასპექტებია აქტუალური: მთვარე-ვენერა-ქირონი, მთვარე-მერკური-ქირონი და ვენერა-ურანი.
რაც შეეხება სტიქიების თანხვედრას, საუკეთესო ამ მხრივ არის წყალი-ჰაერის და ჰაერი-ცეცხლის კომბინაციები.
რუკაში ძლიერად გამოხატული მიწის სტიქია, როგორც წესი, ხშირად მსახიობის ხელოსნურ ოსტატობაზე მიუთითებს, ვიდრე ჭეშმარიტ ნიჭზე. ხოლო თუ კოსმოგრამაში წყლის სტიქია დომინირებს, მაშინ ამგვარ ადამიანს უფრო მიუზიკლის ან პანტომიმის ჟანრისკენ ექნება მიდრეკილება.
რაც შეეხება სახლებს, კარგი მსახიობის რუკაში 11, 5, 7, 3 სახლები უნდა დომინირებდეს.
მსახიობებს რომელთაც უფრო კინემატოგრაფისკენ აქვთ მიდრეკილება, პირად რუკაში ურანი ექნებათ ძლიერი, ხოლო თეატრის მსახიობების კოსმოგრამაში სატურნის დომინანტობა ფიგურირებს.
საიმისოდ, რომ ამა თუ იმ ადამიანის სამსახიობო კარიერა შედგეს, გარდა მზის ზოდიაქოს ნიშნისა, რუკაში აუცილებლად უნდა იყოს ძლიერად გამოვლენილი მერკურის (კომუნიკაციის უნარი) თვისებები - მსახიობი ხომ პირველ რიგში ვერბალური მაგია. მან სწორედ საკუთარი მეტყველებით უნდა შეძლოს პუბლიკის დამორჩილება. მეორე ადგილზე, სიძლიერით უნდა იყოს მთვარე - ეს იმიტომ, რომ სუსტი მთვარის მქონე მსახიობი, ვერასოდეს შეძლებს როლში ბუნებრივად გარდაისახოს. გარდა ამისა, აუცილებელია ისიც, რომ მსახიობს არანაკლებ ძლიერი ჰქონდეს რუკაში ვენერა - ურანის განლაგება. ორიგინალურობისა და ვიზუალური მომხიბვლელობის გარეშე ხომ ნებისმიერი ამ სფეროს წარმომადგენელი დაიკარგება.
გაცილებით სუსტი უნდა იყოს მსახიობის კოსმოგრამაში სატურნი და პროზერპინა, საიმისოდ რომ პიროვნებას შეეძლოს როლის თავიდან ბოლომდე გააზრება და არა კონკრეტული მიმიკების დამახსოვრება ან როლის დაზეპირებულად წარმოდგენა სცენაზე. ასევე აუცილებელია სუსტი იუპიტერი - მსახიობი არ არის ხელმძღვანელი ფიგურა, მან არ უნდა დათრგუნოს ხალხი საკუთარი გამოსვლით.
დაბოლოს, კარგი მსახიობის რუკაში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მზე დომინანტურ პოზიციაში, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში მას ძალიან გაუჭირდება როლში "შესვლა" და პერსონაჟის თვისებების გათავისება. ამასთან ერთად, მის მიერ განსახიერებული ყველა როლი იდენტური სტილის იქნება და იგი ვერ შეძლებს პარტნიორების კარგად აღქმას სცენაზე.