ავტორი:

"ქრისტიანი, შესაძლოა სულის სიღრმეში განუვითარებელი იყოს, რადგან ღმერთს "გარეთ" განიცდის" - იუნგი ადამიანების შესახებ

"ქრისტიანი, შესაძლოა სულის სიღრმეში განუვითარებელი იყოს, რადგან ღმერთს "გარეთ" განიცდის" - იუნგი ადამიანების შესახებ

"ქრისტიანი, რომელსაც წმინდა ხატების სწამს, შესაძლოა სულის სიღრმეში განუვითარებელი და სტატიკური იყოს, რადგან ღმერთს მთლიანად "გარეთ" განიცდის და არა სულის სიღმეში. ყველა მისი მოტივი, იდეები, რითაც ხელმძღვანელობს და იმპულსები, იბადება არა ქრისტიანული სფეროდან, არამედ წარმართული, არქაული, განუვითარებელი ფსიქედან და არაცნობიერი შინაარსიდან. ჩემი მოსაზრების ჭეშმარიტება მტკიცდება არა ერთი, არამედ მრავალთა - მთელი ერის - ცხოვრების მაგალითზე. ჩვენი სამყაროს გრანდიოზული მოვლენები, ადამიანთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, შთაგონებულია არა ქრისტიანული, არამედ შეუნიღბავი, შეულამაზებელი წარმართული სულისკვეთებით. ამ მოვლენებს არქაული ფსიქიკური სტრუქტურა წარმოშობს, რომელსაც ქრისტიანობა ახლოსაც არ გაკარებია.

ფსიქიკურ მდგომარეობასა და რწმენის გარეგნულ ფორმებს შორის შეუსაბამობა დიდია. იგი ყველაფერს გარეთ ეძებს: ეკლესიაში, ბიბლიაში, სურათ-ხატებში, სიტყვებში, სულში კი - არასდროს. შინაგანად მას არქაული ღმერთები განაგებენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ: ღმერთის გარეგნულ სახე-ხატთან შინაგანი კავშირი სულიერი კულტურის არქონის გამო ვერ განვითარდა და ამიტომ იგი წარმართულ საფეხურზე ჩარჩა.

ცოტას თუ შეუძლია განიცადოს ღვთაებრივი სახე-ხატი, როგორც სულის საკუთრება. ქრისტეს ისინი გარეთ პოულობენ და არა საკუთარ სულებში. სწორედ ამიტომ მეფობს მათი სულის სიღრმეებში წარმართული წყვდიადი. გაცვეთილი საბურველით ცუდად შენიღბული წარმართობა ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ ცივილიზაციას წალეკვით ემუქრება", - კარლ გუსტავ იუნგი (1875-1961).

იუნგი 1875 წლის 26 ივლისს კესვილში (თურგუს კანტონი, შვეიცარია) ღარიბი პროტესტანტი მღვდლის ოჯახში დაიბადა. იუნგი იხსენებდა, რომ მამა, თუმცაღა იცავდა ყველა წეს-ჩვეულებას, როგორც ეს კეთილსინდისიერ მღვდელს შეეფერება, მაგრამ ამის და მიუხედავად შინაგანად არ იყო დარწმუნებული ღმერთის არსებობაში. იუნგის დედა ემოციურად გაუწონასწორებელი ქალი იყო. შემდგომში იუნგი მას როგორც სულიერად ავადმყოფს დაახასიათებს. საერთოდ საინტერსეოა, რომ იუნგის სანათესაოში მრავლად მოიპოვებოდა ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანები, მაგალითად მისი ბიძაშვილი ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მედიუმი იყო. იუნგმა მისი შემთხვევა თავის დისერტაციაშიც კი გამოიყენა. თავად იუნგსაც ქონდა გარკვეული პრობლემები. ის იხსენებდა, რომ ჰქონდა ხოლმე შეგრძნება თითქოს მასში ორი ადამიანი ცხოვრობს, რაც მისი პიროვნების გახლეჩაზე მიუთითებდა, თუმცა მნიშვნელოვან პათოლოგიაში არ გადაზრდილა.

ბავშვობიდანვე გულჩათხრობილ იუნგს არასოდეს ჰყოლია მეგობრები, გარესამყაროს ძნელად ეგუებოდა და საკუთარი აზრების სამყაროში ცხოვრობდა. იგი თავად იყო კლასიკური მაგალითი იმ ტიპისა, რასაც მოგვიანებით "ინტროვერტი" უწოდა.

ბაზელის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდგომ იუნგი ფსიქიატრიით, კერძოდ კი ფსიქოანალიზით დაინტერესდა. 1890 წელს, ციურიხის კლინიკაში მუშაობისას, იუნგი ფროიდის იდეების მიმდევარი და მისი თეორიის პროპაგანდისტი გახდა. იგი იყენებდა ფროიდის მიერ შემოღრებულ თავისუფალ ასოციაციათა ტექნიკას. ფროიდს და იუნგს ხანგრძლივი მიმოწერა ჰქონდათ, სადაც ორივენი დიდ აღტაცებას და პატივისცემას გამოხატავდნენ ერთმანეთისადმი. საბოლოოდ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს. მათი პირველი შეხვედრა 13 საათს გრძელდებოდა. ფროიდი იუნგს როგორც საკუთარ მემკვიდრეს აღიქვამდა.

იუნგი 1914 წლამდე იყო ფსიქოანალიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი. მიუხედავად იმისა, რომ იგი აღიარებდა ფროიდის ავტორიტეტს და თავის მასწავლებლადაც თვლიდა, მაინც ბევრ საკითხში არ ეთანხნმებოდა და 1913 წელს გაწყვიტა ურთიერთობა მასთან, მიატოვა უნივერსიტეტი და დაიწყო კვლევა და მოგზაურობა. თავად იუნგი ფროიდს აღიქვამდა, როგორც ტრაგიკულსა და ამავე დროს დიად პიროვნებას. იუნგი განხეთქილების მიზეზად მიიჩნევდა თავის ნამუშევარს "ლიბიდოს სახეცვლილებები და სიმბოლოები". იუნგის აზრით, ფროიდი ზედმეტ ყურადღება აქცევს თავის თეორიაში სექსუალურობას და გადაწყვიტა ლიბიდოს ცნება უფრო გაეფართოებინა. იუნგისეული გაგებით ლიბიდო არის არა მხოლოდ სექსუალური არამედ საერთოდ სასიცოცხლო ფსიქიური ენერგია. იქ, სადაც ფროიდი ხედავდა მხოლოდ სექსუალურ მოტივებსა და ძალადობისადმი ლტოლვას, იუნგი აღმოაჩენდა ქალური და მამაკაცური საწყისის შერწყმას, აგრეთვე ინდივიდუალური და კოლექტიური ფაქტორების გადაჯაჭვას.

იუნგის მიხედვით, ადამიანის ფსიქიკა არაცნობიერი და ცნობიერი პროცესების ერთობლიობაა, რომლის ელემენტებს შორის მუდმივად ხდება ენერგიის გაცვლა. პიროვნების სტრუქტურა წარმოდგენილია:

  • ეგო - ცნობიერების ცენტრი, პასუხს აგებს იდენტობაზე
  • პირადი არაცნობიერი - განდევნილი და დავიწყებული განცდები
  • კოლექტიური ქვეცნობიერი - წინაპრებისა და ადამიანამდე არსებული ცხოველისგან მემკვიდრეობით მიღებული გამოცდილება

ძველად ადამიანები სიზმარს, ჰალუცინაციას ღვთის მადლად მიიჩნევდნენ, რადგან ამ დროს პირდაპირ კონტაქტში შევდივართ კოლექტიურ არაცნობიერთან. იუნგი თვლიდა, რომ ადამიანის მიერ განცდილი ფსიქიკური გამოცდილება უკვალოდ კი არ ქრება, არამედ რჩება და ვლინდება არქეტიპის სახით, რომლითაც მოტივირებულია ადამიანის ქცევა. წაიკითხეთ სრულად