ყოველ შემთხვევაში საქართველოს მაგალითზე ნამდვილად ასე გახლავთ. პრინციპში ამ ფაქტში არც არაფერია გასაკვირი, მორიელის მმართველობის პერიოდი ექსტრიმის გარეშე ვერაფრის დიდებით ვერ ჩაივლის. პლუტონი მორიელის მმართველი პლანეტა ხომ ტრანსფორმაციებისა და დიდი ცვლილებების პლანეტაა. შესაბამისად, ნოემბრის თვესაც არაერთი მოულოდნელი მოვლენა მოაქვს პოლიტიკურ პირად და თუ ოჯახურ ურთიერთობებში – ძირითადი მესიჯით: "შეიცვალე, ან მოკვდი"...
პირქუშ ნოტაზე საუბარი ჩვენი საიტის სტილი არ გახლავთ. შესაბამისად, ზემოთ ნათქვამი ფრაზა პირდაპირი მნიშვნელობით არც უნდა გაიგოთ მეგობრებო. ნებისმიერ მოვლენას გააჩნია საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარე. ამიტომ თუკი მაინც გეჩვენებათ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი თავზე გენგრევათ, კარგად დააკვირდით სიტუაციას... იქნებ სწორედ ამ ნანგრევებმა უნდა გაგითავისუფლოთ გზა, რომელსაც გაცილებით უფრო ნათელი მომავლისკენ მიჰყავხართ!
მიმდინარე კვირა ერთობ იშვიათი და საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენით მარსი-პლუტონის შეერთებით დაიწყება, რომელიც სავარაუდოდ არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე ძვრებზე იქონიებს გავლენას . სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქმე ეხება რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სახის დიპლომატიურ გადათამაშებას მსოფლიო ლიდერებს შორის. რომელიც რეალურ შედეგს ცოტა მოგვიანებით მოიტანს. გამომდინარე იქიდან, რომ შეერთება თხის რქის ზოდიაქოში ხდება, თანაც ერთ-ერთ სამეფო გრადუსზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოსთვის ეს მოვლენები უფრო კარგის მომტანი უნდა იყოს ვიდრე ცუდის. გამორიცხული არ არის სამომავლოდ ჩვენმა ქვეყანამ სტრატეგიული დანიშნულება შეიძინოს, ამის საფუძველი კი სწორედ ამ წლის ნოებერში შეიძლება გაჩნდეს.
12-14 ნოემბრის შუალედში კარგი დროა საიმისოდ, რომ პარტნიორულ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან ადამიანებმა. კარგია დაოჯახება, ხელის მოწერის ცერემონიალის დაგეგმა, სხვადასხვა სახის საოჯახო ღონისძიებები.
13-15 ნოემბრის პერიოდში სასურველია თავი აარიდოთ დიდ გზაზე მოგზაურობას, თვითმფრინავით მგზავრობას, სიფრთხილე გამოიჩინეთ ელექტროხელსაწყოებთან მუშაობისას . ნუ გააკეთებთ მსხვილ შენაძენებს, განსაკუთრებით თუ ეს ტექნიკის ან ავტომობილის ყიდვას ეხება.
პოლიტიკური კუთხით ზემოხსენებული პერიოდი შესაძლოა საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქციით გამოირჩეოდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. მოსალოდნელია სკანდალები, მოულოდნელი დაპირისპირებები სახელმწიფო მოხელეებსა და ჩინოსნებს შორის.
კვირის ბოლოსკენ სიტუაცია შედარებით დასტაბილურდება. ყოველ შემთხვევაში შანსი გაჩნდება იმისა, რომ ნებისყოფის დაძაბვისა და გონივრული მიდგომის მეშვეობით ბევრი მწვავე პრობლემა უმტკივნეულოდ გადაიჭრას. განსაკუთრებით თუკი ეს ეხება საზოგადოებრივ, საბიუჯეტო და კორპორატიულ საქმიანობას. გარდა ამისა, 16 ნოებრიდან დადებითი პლანეტარული კონფიგურაციების გამო შესაძლოა გაცილებით გაადვილდეს პოლიტიკური მოლაპარაკებები და მოხდეს მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევა, როგორც უმაღლეს ეშელონებში ისე ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში.
სიმშვიდეს, ობიექტური ხედვის უნარსა და ურთიერთსიყვარულს გისურვებთ!