ცხოვრებაში ხდება მნიშვნელოვანი და კარდინალური ცვლილებები ზუსტად მარტ-აპრილის პერიოდში. იმიტომ რომ, სიმბოლურად ზუსტად ეს პერიოდი აერთიანებს თავის თავში ორ ზოდიაქოს ნიშანს თევზებს, რომელიც ზოდიაქოს რკალის დამასრულებლად ითვლება და ვერძს, რომელიც ყოველივე ახლის საწყისია. შესაბამისად, ზუსტად ეს გარდამავალი პერიოდი - დასასრულსა და ახალ ციკლს შორის, ხშირად არის ხოლმე ბევრი ჩვენგანისთვის გარკვეული ემოციური დისკომფორტის მიზეზი. ამ მხრივ არც დამდეგი კვირა იქნება გამონაკლისი, მით უმეტეს, რომ ზუსტად ამ კვირის მანძილზე ველით ახალმთვარეობას და პლანეტა მარსის გადასვლას თხის რქის ნიშანში, რაც თავისთავად ორი ძალიან მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა. ეს კი შესაბამისად მოიტანს გარკვეულ მოვლენებს ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. თუმცა, მოდი, მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრულად...
კვირის დასაწყისი ვენერასა და სატურნის ნეგატიური ასპექტით ხასიათდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სავსებით შესაძლებელია პირად და პარტნიორულ კავშირებში ემოციურმა სიცივემ, ეგოიზმმა, გაუცხოვებამ იჩინოს თავი. ამიტომ ამ კვირაში ისე როგორც არასდროს საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი ლოიალურობა და დათმობა საყვარელი ადამიანების მისამართით. არანაკლებ მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ფინანსურ საკითხებს, იმიტომ რომ, პლანეტა იუპიტერის ტრანზიტთან ერთად, რომელიც ამ ეტაპზე მორიელის ნიშანში, რეტრო ფაზას გადის, სატურნისა და ვენერას კვადრატურაც შეუწყობს ხელს ფინანსურ გაუგებრობებსა და შეფერხებებს. შესაბამისად, აუცილებელია ნებისმიერი ტიპის ფინანსური ოპერაციისას მეტი წინდახედულება და სიფრთხილე. ფულადი რესურსები ამ კვირაში მაქსიმალური წინდახედულებით ხარჯეთ.
თუმცა, როგორც ყოველთვის ხდება ცხოვრებაში, ყველა მედალს გააჩნია ორი მხარე და ამ კვირაშიც ასე იქნება. ზემოთქმული ნეგატიური ტრანზიტი შესაძლოა მზისა და იუპიტერის დადებითმა ასპექტმა გაანეიტრალოს. როგორც წესი, მსგავსი კონფიგურაცია ცაზე ადამიანებში ოპტიმისტური განწყობის მატებას და მომავლის რწმენას ააქტიურებს. ასე რომ, შეხედთ ყველაფერს იმედის თვალით და გწამდეთ, რომ ნებისმიერი სირთულე უკეთესობისკენ ცვლილებისთვის გვეძლევა.
17 მარტს ახალმთვარეობას ველით თევზების ზოდიაქოს ნიშანში, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემოთქმული საკითხი - განვლილი ეტაპის გაანალიზება, საკუთარ თავსა და შეცდომებში ჩაღრმავება ამ დღეს ერთიორად აქტიური იქნება. ახალმთვარეობისას ყოველთვის გვაქვს საშუალება გავთავისუფლდეთ წარსულის ნეგატიური "ბარგისგან" და სრულიად ახალი ფურცლით დავიწყოთ ცხოვრების ახალი ეტაპი. თევზების ზოდიაქოს ნიშანი კი ზუსტადაც რომ სულიერ და ფსიქოლოგიურ ძვრებს შეესაბამება.
17 მარტსვე პლანეტა მარსი მშვილდოსნის ზოდიაქოდან თხის რქის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული ადამიანებში მოიმატებს მიზანმიმართულობა, კარიერული მისწრაფებები, დასახული მიზნებისკენ პრინციპულად სვლის სურვილი. მარსის ტრანზიტი თხის რქაში ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას საკუთარი შესაძლებლობები და ძალები რაციონალურად გამოიყენოს. ეს კარგი პერიოდია ნებისმიერი, გრძელვადიანი და შორსმიმავალი გეგმის დასაგეგმად და განსახორციელებლად. გახსოვდეთ, ყველა დიადი მიზანი პირველი ნაბიჯით იწყება!