კვირა გველის წინ. პირველ რიგში იმის გამო, რომ ზუსტად ამ კვირაში შედის ძალაში ორი დამანგრეველი პლანეტის - მარსისა და პლუტონის კვადრატი. რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს მასშტაბით და ლოკალურად, ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში გააქტიურდება ძალაუფლებისთვის ბრძოლის სურვილი, უმისამართო აგრესიის გამოვლენის მოთხოვნილება, საკუთარი მიზნების ძალისმიერი მეთოდებით მიღწევის ტენდენცია და ა.შ. ბევრს გაუჩნდება სურვილი მის ხელში არსებული ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოს და პრინციპით "ძალა აღმართს ხნავს" იმოქმედოს, რაც დამიჯერეთ, არ დარჩება პასუხგაუცემელი სამყაროს მხრიდან.
ასე და ამგვარად. უახლოესი ერთი კვირის მანძილზე მოგიწოდებთ მეტი სიმშვიდისკენ, მეტი დიპლომატიისკენ, მეტი ლოიალურობისა და კოლეგიალურობისკენ. იმიტომ რომ, სატურნი სიმბოლურად ზოდიაქოს მეათე სახლს - კარიერულ სარბიელს შეესაბამება და მარსთან დაპირისპირებაში იგი არაერთი ადამიანის ცხოვრებაში წამოჭრის კარიერული დაპირისპირებების ალბათობას. გახსოვდეთ, მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას და ჩვენ, ყველანი პირველ რიგში ადამიანები ვართ. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ და მოვიქცეთ ადამიანურად!
ყველაფერი ზემოთ თქმულის პარალელურად, კვირის მანძილზე აქტიურია ვენერასა და იუპიტერის შეერთება, რაც აუცილებლად მოგვცემს შანსებს, ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდეთ სხვადასხვა ტიპის მომაბეზრებელი ფინანსური ვალდებულებებისგან. ჩავატაროთ საკუთარი შემოსავლების სწორი "რევიზია" და გადავაფასოთ მატერიალურ საკითხებთან ჩვენი დამოკიდებულებები. მით უმეტეს, რომ ზუსტად ამ კვირას უწევს ახალმთვარეობაც მორიელის ნიშანში, რაც ისევ და ისევ იძლევა საშუალებას სწორად განვსაზღვროთ პრიორიტეტები ფინანსურ სფეროში და მოვიპოვოთ მეტი თავისუფლება მატერიალური კუთხით.
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ყველაფრის პარალელურად 12-15 ნოემბრის შუალედში მერკურისა და ნეპტუნის კვადრატიც დაფიქსირდება, აუცილებელია საკუთარი გეგმები რეალისტურად დასახოთ და ერიდოთ ე.წ. "ვარდისფერი კოშკების" შენებას სამომავლოდ. ვინაიდან ზემოხსენებული ტრანზიტის გამო არარეალური და უტოპიური გეგმების დასახვის ტენდენცია ერთობ მოსალონდელი იქნება.
ვენერასა და იუპიტერის შეერთება მორიელის ნიშანში, კვირის მანძილზე დიდ და ვნებიან კოცონს დაანთებს არაერთი შეყვარებული წყვილის ცხოვრებაში. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ცაზე მარსისა და პლუტონის დაპირისპირებაც აქტიურია კვირის მანძილზე, ამიტომ ზედმეტად ნუ "გაერთობით" ეჭვიანობითა და საყვარელი ადამიანის გრძნობებზე თამაშით. არ დაგავიწყდეთ, მართალია ვენერა და იუპიტერი ერთად ორივე "კეთილი" პლანეტებია, მაგრამ მათი შეერთება არც მეტი, არც ნაკლები მორიელის ზოდიაქოში ხდება. ასე რომ "ცეცხლთან თამაშს" პირადი ურთიერთობების კუთხით ნამდვილად არავის გირჩევთ!
17 ნოემბერს მარსისა და მერკურის ასპექტის გამო აქტუალური იქნება მსუბუქი კინკლაობის და კამათის ელემენტები ყოველდღიურ ურთიერთობაში. თუმცა, უკვე მომდევნო დღეს უწევს ახალმთვარეობა, რომლის ენერგეტიკაც, როგორც წესი, ნებისმიერი დაშვებული შეცდომისა და არასწორი ნაბიჯისს გააზრების შესაძლებლობას იძლევა. ამიტომ ახალმთვარეობა, რომელიც მორიელის ნიშანში ხდება აუცილებლად გამოიყენეთ საკუთარი აზრების, ფიქრების გასაანალიზებლად. მორიელის ნიშანი ხომ თავის მხრივ ტრანსფორმაციას შეესაბამება. შესაბამისად, კვირის ბოლოს ნებისმიერ ჩვენგანს მიეცემა შანსი საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრდეს და სამომავლოდ თუ ყველა არა, ბევრი ურთიერთობა და საქმე აბსოლუტურად სუფთა ფურცლით დაიწყოს.
მშვიდობიან და ნაყოფიერ კვირას გისურვებთ!