პლანეტა მერკური, რომელიც თავის მხრივ პასუხს აგებს აზროვნებასა და კომუნიკაციაზე, საქმიან მოლაპარაკებებსა და ახალ წამოწყებებზე, ცეცხლოვანი და იმპულსური ვერძის ზოდიაქოდან დინჯი და მშვიდი კუროს ზოდიაქოში გადადის. რის ხარჯზეც შეიძლება თამამად ითქვას, რომ დამდეგი კვირა ფინანსური ოპერაციების მხრივ ერთ-ერთი წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. განსაკუთრებით მათთვის, ვინც მიწის სტიქიას განეკუთვნება. ამიტომ კურო, ქალწული და თხის რქის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მაქსიმალურად ვურჩევთ იაქტიურონ ამ მხრივ. მერკურის კუროს ნიშანში გადასვლა ხელს შეუწყობს ადამიანებში გაცილებით უფრო გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებას. შესანიშნავი პერიოდი დგება საიმისოდ, რომ ნებისმიერმა ჩვენგანმა ჩაატაროს საკუთარი ფინანსური სპექტრის რევიზია , სწორად გადაანაწილოს ხარჯები, დაგეგმოს ბიუჯეტი. არანაკლებ ხელსაყრელი პერიოდია საიმისოდ, რომ გადახვიდეთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, შეცვალოთ კვების რეჟიმი და უარი თქვათ არაჯანსაღ საკვებზე.
კვირის შუა პერიოდი აქტიური იქნება იმით, რომ ადამიანებში მოიმატებს შემოქმედებითი პოტენციალი. შესაძლოა თავში არაერთი ორიგინალური იდეა მოგივიდეთ, ხოლო თუ ხელოვანი ხართ, უდავოდ გეწვევათ ამ კვირის მანძილზე მუზა. კარგი პერიოდია ფსიქოლოგებისთვის, სოციალურ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, დიზაინერებისთვის, მომღერლებისთვის, მხატვრებისთვის.
კვირის მანძილზე მატულობს ტენდენცია იმისა, რომ ადამიანებმა ერთმანეთს მორალი უკითხონ, ესაუბრონ თითის ქნევით და ზოგადად გადამეტებულად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები.
სასურველია მოთოკოთ ემოციები და საკუთარი სიამაყეც მაქსიმალურად აკონტროლოთ. გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში ამბიციები ცოტა არ იყოს და დამახინჯებული ფორმით პოულობს გამოხატვას ჩვენში. რის ხარჯზეც არ არის გამორიცხული კონფლიქტშიც კი აღმოჩნდეთ ჩართული.
კვირის მიწურულს სატურნი-ურანის დადებითი ასპექტის მეშვეობით გააქტიურდება სამსახურებრივი საკითხები. იდეალური პერიოდია საიმისოდ, რომ უფროსობას საკუთარი თამამი იდეები გააცნოთ, მოითხოვოთ ხელფასის მატება ან დაწინაურება. თუმცა, აქვე ისიც გაითვალისწინეთ, რომ ვენერასა და იუპიტერის ნეგატიური ასპექტის გამო სასურველია, ფინანსური მადა ასტრალურ ციფრებში არ გაგექცეთ. თქვენი მოთხოვნები, მით უმეტეს, ფინანსური კუთხით ზომიერი და რეალობასთან შესაბამისი უნდა იყოს.
ვიქენდზე ერიდეთ ზედმეტ ხარჯებს. პირად ურთიერთობაში კი მეორე ნახევარს ნუ წაუყენებთ მაღალ მოთხოვნებს. ვენერა-იუპიტერის ასპექტის გამო, კვირის მიწურულს წყვილებს შორის უთანხმოების მიზეზად სავსებით შესაძლებელია ფინანსები იქცეს . ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ პარტნიორს არ ექნება საშუალება თქვენი მაღალი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
დაბოლოს, კვირის მიწურულს მზე დინჯი კუროს ზოდიაქოს ტოვებს და აქტიური, მოუსვენარი, სუპერკომუნიკაბელური ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი ერთი თვის მანძილზე, სამყარო ძალიან ხმაურიანი, აქტიური, დინამიკური მოვლენებით დაიტვირთება. მოიმატებს ცნობისმოყვარეობა და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის დონე. კარგი პერიოდია ჟურნალისტებისთვის, მწერლებისთვის. შესანიშნავად წარიმართება მოკლევადიანი მივლინებები და მოლაპარაკებები.