გამონათქვამი "ძალა აღმართსა ხნავსო" - ჰოდა, მიმდინარე კვირა, უფრო სწორად მისი დასაწყისი შესაძლოა ზუსტად ამ გამონათქვამის საილუსტრაციოდ გამოვიყენოთ. დიახ, რთული და საკმაოდ ემოციური კვირა გველის წინ, მეგობრებო.
იმიტომ რომ, ზუსტად ამ კვირას ემთხვევა საკმაოდ რთული ასპექტი მარსისა და სატურნის კვადრატურა, რომელიც 19 იანვრიდან 24 იანვრის პერიოდში იქნება აქტუალური. ეს არის ასპექტი, რომელიც თავის მხრივ საკუთარი ძალაუფლებისა და გავლენის ბოროტად გამოყენების ცდუნებას გაზრდის ადამიანებში. მარსი და სატურნი ნეგატიურ ასპექტაციაში შეფერხებები, წინააღმდეგობებია - პრობლემები ძირითადად ზემდგომებთან კომუნიკაციაში ჩნდება. ასეთ დღეებში არ ღირს დანიშნოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები უმაღლესი ინსტანციის წარმომადგენლებთან, ასევე სასურველია, ნაკლებად გამოიჩინოთ სიურჩე სამართალდამცავებთან მიმართებაში. სიფრთხილე გმართებთ ასევე სპორტის ისეთი სახეობით დაკავებისას როგორიცაა თხილამურებით სრიალი (მატულობს მოტეხილობებისა და ტრავმების რისკი).
ზოგადად, ნუ შეეცდებით ამ პერიოდში საკუთარი მოსაზრებისა და ინტერესსების "რქებით" გატანას, იმიტომ რომ, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცდუნება ძალზე დიდი იქნება მიმდინარე კვირის მანძილზე. მსოფლიო პოლიტიკის კუთხით ეს ასპექტი შესაძლოა სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს - დაწყებული საომარი ქმედებების გააქტიურებით რიგ ადგილებში, დასრულებული კონფლიქტებითა და დაპირისპირებებით მაღალ პოლიტიკურ ეშელონებში. მსგავსი პლანეტარული კომბინაცია ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებების პროგრესირებას. ასე რომ, მიმდინარე კვირის მანძილზე სასურველია, ჯანმრთელობასა და პროფილაქტიკურ მკურნალობასაც არანაკლები ყურადღება დაუთმოთ.
19 იანვარი ზოგადად მოვლენებით დატვირთული დღეა. მარსი-სატურნის კვადრატურის გარდა ამ დღეს მზე თხის რქის ზოდიაქოს დატოვებს და კრეატიული, არაორდინალური და პროგრესული მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს მიაშურებს. ამ პერიოდიდან მოყოლებული აქტიურ ფაზაში შედის ჯგუფური და მეგობრული კავშირების აქტუალურობა. აქტიური პერიოდი დგება ასევე პოლიტიკაშიც. ადამიანებში მოიმატებს ორიგინალურად თვითგამოხატვის სურვილი, გამძაფრდება დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოთხოვნილება.
20-22 იანვარს ვენერა-პლუტონის ასპექტის გამო, პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია ემოციურობის მატება, ეჭვიანობა და დრამატული მოვლენები. ამ დღეს დაწყებულმა ნაცნობობამ კი შესაძლოა მომავალში ერთობ მხურვალე რომანის სახეც კი მიიღოს. რაკი ამ კომბინაციაში მთვარეც მონაწილეობს, ეს პერიოდი კარგად აისახება ოჯახურ და ნათესავურ კავშირებზე. შესაძლებლობა მოგეცემათ წარმატებით აწარმოოთ სხვადასხვა სახის, მსხვილბიუჯეტიანი ფინანსური ოპერაციებიც.