პლანეტარული ცვლილებები კი როგორც მოგეხსენებათ, ავტომატურად იწვევს ცვლილებებსა და მოვლენებს ადამიანთა ცხოვრებაში.
პირველი რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ ამ კვირაში არის პლანეტა მერკურის გადასვლა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. ბოლო ერთი თვის მანძილზე, მერკური დიპლომატიური და რბილი სასწორის ნიშანს გადიოდა, რის ხარჯზეც ბევრ ადამიანს მიეცა შანსი აწარმოებინა ნაყოფიერი მოლაპარაკებები იქნებოდა ეს საქმიანი თუ პირადი ურთიერთობების კუთხით. ამჯერად კი მერკური ენამწარე, საკმარისი ცინიზმით დაჯილდოებული და წინდახედული მორიელის ნიშანში გადაინაცვლებს. რაც თავის თავად გაზრდის ადამიანებში ერთმანეთთან გარკვეული ცინიზმის ელემენტებით გაჯერებული დიალოგის მოთხოვნილებას.
შესაძლებელია ზუსტად ამ კვირაში დაიწყოს ბევრმა თქვენგანმა იმის აღმოჩენა, რომ ამა თუ იმ ურთიერთობაში, არსებული მოცემულობა აღარ აკმაყოფილებს და არ მოერიდოს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მწარე ენის გამოყენებას. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ამგვარი მცდელობა არცთუ სახარბიელო შედეგამდე მიგიყვანთ. აჯობებს მერკურის ტრანზიტი მორიელში საკუთარი ქვეცნობიერის კვლევისთვის გამოიყენოთ და ახლო წრის ადამიანებთან ურთიერთობაში დაძაბულობის გაცილებით უფრო ღრმა მიზეზები მოიძიოთ ამ მეთოდით. მერწმუნეთ, პრობლემების სიღრმისეული გააზრება გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე საკუთარი უკმაყოფილების ცინიკურად დაფიქსირება. გაგიგონიათ ალბათ: "დუმილი ოქროა, სიტყვა - ვერცხლი". ამიტომ კარგად აწონ-დაწონეთ, იქნებ კონკრეტულ მომენტში სიჩუმით უფრო მეტს იგებთ.
მერკურის ტრანზიტის დროს მორიელში განსაკუთრებით უმართლებთ საბანკო-საფინანსო და სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლებს. ეს იდეალური დროა მასშტაბური ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად. მით უმეტეს, რომ 18 ოქტომბერს მერკური - წარმატებისა და იღბლის მომტან პლანეტას, იუპიტერს შეუერთდება. რაც კიდევ უფრო გაზრდის ზემოხსენებული ქმედებების შედეგად მიღებულ სარგებელს. შესანიშნავი დროა უცხოეთში მივლინებების ან უცხოელებთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დასაგეგმად.
თუმცა, რაც არ უნდა პერსპექტიულად მიდიოდეს საქმეები სასურველია, რომ 19 ოქტომბერს მზე-ურანის ნეგატიური ასპექტის გამო სათადარიგო გეგმა "ბე" აუცილებლად გქონდეთ, მით უმეტეს, თუკი საქმე ფინანსურ ოპერაციებს ეხება.
19 ოქტომბერსვე ემთხვევა ახალმთვარეობა სასწორის ზოდიაქოში, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ეს დღე, ზოგადად დატვირთული იქნება ემოციებისა და მოვლენების კუთხით. შესაბამისად, მეტი დიპლომატიის, წინდახედულების და ემოციების კონტროლისკენ მოგიწოდებთ. მით უმეტეს, რომ ახალმთვარეობა სასწორის ნიშანს ემთხვევა. ეს ყველაფერი კი ნებისმიერ ურთიერთობაში ბალანსის დაცვაზე გააკეთებს აქცენტს. თუმცა, ახალმთვარეობის ენერგეტიკის გავლენით ასევე ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს დღე კარგია ნებისმიერი სახის მომაბეზრებელი და დრომოჭმული ურთიერთობების დასასრულებლად. სასწორის ნიშანი, რომელშიც ახალმთვარეობა ხდება ზუსტადაც რომ პარტნიორულ კავშირებში კორექციის შეტანის რეალურ შანსებს მოგცემთ.
დაბოლოს, კვირის მიწურულს პლანეტა მარსიც შეიცვლის პოზიციას და ქალწულის ნიშნიდან, სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობაში ამ ეტაპიდან ბრძოლისუნარიანობაც კი დიპლომატიური ელფერით უნდა გამოვლინდეს. ზოგადადაც, უახლოესი ერთი თვის მანძილზე მომგებიანი იქნება მხოლოდ და მხოლოდ გააზრებული, აწონ-დაწონილი და დიპლომატიური სვლები როგორც საქმიან სფეროში, ისე პირად ურთიერთობაში.