ამოისუნთქეთ და მთელი შემართებით შეეჭიდეთ დამდეგ კვირას, რომელიც არცთუ მარტივი და მშვიდი იქნება. საახალწლო სამზადისი და ფაციფუცი ძალას იკრებს, სიტუაცია ჩვენ გარშემო საოცრად დინამიკური, ხანდახან ქაოსური და ნერვოზულიც კი ხდება.
ამ ყველაფერს დამდეგი კვირიდან რეტროგრადული მერკურიც "წააშველებს ხელს". დიახ, 19 დეკემბრიდან 8 იანვრამდე აზროვნებაზე, კომუნიკაციაზე, გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პლანეტა მერკური უკანმავალი, ანუ რეტროგრადული ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემოჩამოთვლილ სფეროებში უნდა ველოდოთ შეფერხებებს. მერკური პირველ რიგში ადამიანებს შორის კომუნიკაციაზე, ინფორმაციის ობიექტურად აღქმაზე აგებს პასუხს. მისი რეტროგრადულობის ფაზაში კი ადამიანებს შორის ყველაზე მეტად ვერბალური კომუნიკაცია რთულდება. ბანალურად რომ გითხრათ - თითქოსდა "ჩინურად" ესაუბრებიან ადამიანები ერთმანეთს. ამასთანავე, შესაძლოა, ორივე მხარე ერთსა და იმავეს ამტკიცებდეს ამ დროს, ოღონდ ფაქტის კონსტატირება განსხვავებული მეთოდებით ცდილობდეს.
რეტროგრადული მერკურის პერიოდში არ არის სასურველი ახალი პროექტების წამოწყება, მნიშვნელოვან დოკუმენტაცია-შეთანხმებებზე ხელის მოწერა, ქორწინების რეგისტრაცია, სამუშაო ადგილის ცვლა ან ძველი სამსახურის საერთოდ მიტოვება, შოპინგი - განსაკუთრებით ტექნიკის შეძენა - მერკური წვრილმან ტექნიკას "მართავს". ამიტომ, სასურველია, უახლოესი ერთი თვის მანძილზე თავი შეიკავოთ მობილურის, ავტომობილის, საოჯახო ტექნიკის გამოცვლისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თქვენი შენაძენი წუნდებული ან ექსპლუატაციისთვის ხანგრძლივი ვადით უვარგისი აღმოჩნდეს . მერკურის რეტროგრადულობას, თან ერთვის პლანეტა მარსის თევზების ნიშანში "გადაბარგება", მარსი თავის მხრივ პასუხს აგებს აქტივობაზე, თევზების ნიშანში კი მარსი ერთობ სუსტია. აქედან გამომდინარე მერკურის რეტროგრადულობა და მარსის სუსტი პოზიციონირება, არაერთგზის შექმნის სიტუაციებს, რომლის რეალური არსი და საფუძველიც შესაძლოა მომავალში, სულ სხვაგვარი აღმოჩნდეს.
ამ პერიოდში გაგიძნელდებათ, ობიექტურად გაარკვიოთ სად გადის ზღვარი სიმართლესა და ტყუილს შორის. ძნელი იქნება სხვა ადამიიანების საქციელისა და მოტივაციის დადგენაც. ეს ის პერიოდია, როცა მასმედიაში გავრცელებული ნიუსების უკან შესაძლოა სულ სხვა სიმართლე და რეალობა იმალებოდეს. დეკემბრის მეორე ნახევარი მთლიანობაში აუცილებლად მოიტანს მსოფლიოს მასშტაბით იმ მოვლენების გამოძახილს ან გაგრძელებას, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ 2014 წლის მიწურულს ჩაეყარა.
კვირის მანძილზე, ცაზე შექმნილი რთული ტაუკვადრატი, რომელშიც მერკური-პლუტონი-ურანი მონაწილეობს, გააქტიურებს სკანდალურ მოვლენებს. მიმდინარე კვირის მანძილზე შესაძლოა არაერთი ხმაურიანი გარჩევის, დაპირისპირების, ღია ბრალდებების მომსწრეც გახდეს საზოგადოება. შესაძლოა ეს იყოს პერიოდი, რომელიც გაამწვავებს ბიზნესისა და სამართალდამცავების ურთიერთობას. არ არის გამორიცხული გამკაცრდეს საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც ფინანსურ სფეროს და ბიზნეს სექტორს ეხება. მოსალოდნელია იდეოლოგიურ ან რელიგიურ ნიადაგზე მწვავე დაპირისპირებები.
21 დეკემბერს მზე დინჯი, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული და გაწონასწორებული თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. რაც ასე თუ ისე მოგვცემს საშუალებას, რომ გონებამ აჯობოს გრძნობებს. ნებამ გაიმარჯვოს ემოციებზე. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ადამიანებში გარკვეულწილად მოიმატებს პასუხისმგებლობის გრძნობა, პრინციპული მიდგომა პროფესიულ საკითხებში. თხის რქა ტრადიციების, ადათ-წესების, ოჯახისა და მშობლიური კერის პატივისმცემელი ნიშანია . შემთხვევითი როდია, რომ ყველაზე უფრო "საოჯახო დღესასწაულები" - ახალი წელი და შობა, ზუსტად რომ თხის რქის პერიოდს ემთხვევა ხოლმე.
უკვე კვირის ბოლოს ამ დადებით მოვლენას ვენერასა და იუპიტერის ჰარმონიული ასპექტიც გაუმაგრებს ზურგს, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირის მიწურულს ასე თუ ისე შესაძლებელი იქნება ფინანსური ოპერაციების წარმატებით წარმოება- განხორციელება. გარკვეული ჰარმონია დაისადგურებს პირად და სასიყვარულო კავშირებში. შესაძლებელი გახდება, ემოციურ სფეროში გადაწყვეტილება გონების კარნახით, სავსებით რაციონალურად იქნეს მიღებული. რაც თავის მხრივ არავის ინტერესებს არ დააზარალებს.