გვაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს "დაიკლებს კი ტემპერატურა" როგორც კლიმატური ისე ადამიანური თუ პოლიტიკური მოვლენების თვალსაზრისით. მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ მოგვიხდება დუღილის მაქსიმალურ ტემპერატურაზე ცხოვრება. იმიტომ რომ აგვისტოს ბოლო დეკადაში საკმაოდ რთულ პლანეტარულ ასპექტაციებთან გვექნება საქმე. შესაბამისად, აუცილებელია ეს ნებისმიერმა ჩვენთაგანმა გაითვალისწინოს. ძირითადი წილი ამ დაძაბულობებისა, საერთაშორისო სარბიელზე მოდის. ამ მხრივ განსაკუთრებული პიკი დაახლოებით 24-25 აგვისტოს შუალდეში გველის.
გაიზრდება პოლიტიკური დაპირისპირებების, მკაცრი ულტიმატუმების და შანტაჟი-დაშინების ენით საუბრის ტენდენცია, რაც დამეთანხმებით კარგ შედეგამდე არავის მიიყვანს. მომატებული იქნება სხვადასხვა სახის სამართალდარღვევებისა და კრიმინალის დონეც. გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში ადამიანები ჩვეულებრივზე უფრო უხეშად და აგრესიულად რეაგირებენ ნებისმიერი სახის შენიშვნაზე, ამიტომ კარგად დაფიქრდით ყველა სანამ ვინმეს მკაცრი ტონით მიუთითებთ რამეს. ამ პერიოდში ნურც ძველი წყენების გახსენებას და მათ გამო პასუხის მოთხოვნას შეეცდებით ვინმესთან. ხოლო მათთვის ვინც საჭესთან ხშირად ზის, დიდ სიმაღლეზე უწევს მუშაობა (მაგ. მშენებლობა) ან ფეთქებადსაშიშ, აალბად ნივთიერებებთან უწევს შეხება (ავტოგასამართი სადგურები და ა.შ.) განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო. იმიტომ რომ აგვისტოს ბოლო დეკადა სხვადასხვა ტიპის "აფეთქებების" ალბათობით უხვად გაგვანებივრებს. შესაბამისად, იყავით ფრთხილად და მაქსიმალურად მიიღეთ პრევენციული ზომები, თუკი ზემოთ ჩამოთვლილი რისკის ზონაში გიწევთ მუშაობა.
განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ კონფლიქტების წარმოშობას საქმიანი კუთხით. იმიტომ რომ მიუხედავდ დაძაბული პერიოდისა, კონსესუსის მიღწევის და დიალოგის გზით პრობლემების მოგვარების ალბათობაც არსებობს, მთავარი მოვინდომოთ და ემოციებს მაქსიმალური კონტროლი გაუწიოს თითოეულმა ჩვენგანმა.
აგვისტოს ბოლო განსაკუთრებით პრობლემატურად შეიძლება იქცეს პირადი და სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით. გახსოვდეთ, ასპექტები მუდმივი არ გახლავთ და პლანეტების ნეგატიური კავშირიც დღეს თუ არა ხვალ, პოზიტივით შეიცვლება. საყვარელ ადამიანებს კი გულს თუ ვატკენთ სიცივით და უაპელაციობით, ამ ფაქტს შესაძლოა ხანგრძლივი განშორებისა და გაუგებრობების პერიოდი მოჰყვეს ბევრის ცხოვრებაში. ამიტომ ეცადეთ მოუსმინოთ ერთმანეთს, არ წამოაყენოთ ულტიმატუმები, ნაკლებად ჩაიკეტოთ საკუთარ თავში და მაქსიმალური გულწრფელობა/სითბო გამოავლინოთ საკუთარი მეორე ნახევრების მიმართ.
გახსოვდეთ, რომ თუკი საკუთარი თავიდან დავიწყებთ ტრანსფორმაციას უკეთესობისკენ ასე სამყაროც გაცილებით უფრო ნათელი და პოზიტიური გახდება.
მოთმინებას, სიმშვიდესა და სიყვარულს გისურვებთ!