უკან მოვიტოვეთ სექტემბრის თვის მთელი ნეგატივი, რომელიც თავის მხრივ დაბნელებების ციკლს და რეტროგრადული (უკანმავალი) მერკურის პერიოდს მოიცავდა და როგორც იქნა დადგა შედარებით პოზიტიური, აქტიური პერიოდი ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში. ამ კვირაში ერთბაშად ძალიან ბევრი ასტროლოგიური მოვლენა დაგვიგროვდა განსახილველად. რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში დავიწყებ პოზიტიური ნიუსების სიას, რომ მზემ სკეპტიკური და რაციონალური ქალწულიდან - ჰაეროვან, რომანტიკულ, დიპლომატიურ სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლა. რაც იმას ნიშნავს, რომ დადგა დრო ადამიანებმა გაცილებით უფრო მეტი ლოიალურობა გამოიჩინონ ერთმანეთთან ურთიერთობაში და რაც მთავარია, ნებისმიერ ჩვენგანს რეალურად ექნება ამის როგორც სურვილი, ისე შესაძლებლობა ყოველდღიური კომუნიკაციისას გარშემო მყოფებთან. მზე სასწორის ზოდიაქოში ადამიანებს განაწყობს ყველაფერში ეძებონ სილამაზე, ჰარმონია და კომფორტი. ზოგადად მატულობს უშუალოდ ურთიერთობის მოთხოვნილება, მყარდება ახალი და პერსპექტიული როგორც საქმიანი, ისე რომანტიკული კავშირები.
ეს კვირა იმითაც არის კარგი, რომ მზესთან ერთად სასწორის ზოდიაქოს დიდი სიხარულისა და წარმატების მომტანი პლანეტა იუპიტერიც იკავებს. იუპიტერმა სულ ცოტა ხნის წინ გადაინაცვლა სასწორის ზოდიაქოში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ იგი დაახლოებით ერთ წელიწადს დაჰყოფს. სასწორის ზოდიაქო იუპიტერისთვის საკმაოდ "მშობლიური" გარემოა - შესაბამისად, განსხვავებით წინამორბედი ქალწულის ზოდიაქოსგან (სადაც იუპიტერი გასული ერთი წლის მანძილზე აკეთებდა ტრანზიტს) სასწორში იგი ერთობ გულუხვი და კეთილმოსურნე იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავი პერიოდი დგება იურიდიულ, სახელოვნებო სფეროებში მოღვაწე ადამიანებისთვის. კვირის დასაწყისში კი ზუსტად მზისა და იუპიტერის შეერთების გამო, საკმაოდ გაადვილებული იქნება საფინანსო საკითხების მოგვარება, მნიშვნელოვანი კონტაქტების (განსაკუთრებით კი უცხოელებთან) დამყარების საკითხი, შესანიშნავი პერიოდია სამსახურეობრივი მივლინებების დასაგეგმად, თრენინგებისა და სწავლისთვის. პერსპექტიულად მიმდინარეობს სამართლებრივი დავები.
27 სექტემბრიდან პლანეტა მარსი, რომელიც აქამდე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს გადიოდა გაცილებით უფრო დინჯი და გაწონასწორებული თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს, სადაც იგი დაახლოებით ორ თვეს დაჰყოფს. ამ ხნის მანძილზე ადამიანებში მოიმატებს პროფესიული თავდაჯერებულობა და კარიერული ამბიციები. შესანიშნავი პერიოდი დგება საიმისოდ, რომ შორსმიმავალ გეგმებს შეეჭიდოთ სამსახურში ან ადრე არსებული, "დაკონსერვებული" პროექტები აამუშაოთ ახლებური ძალით. მარსის ტრანზიტი თხის რქაში საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანი გეგმები გაცილებით უფრო დეტალური, ქმედითი და პრაქტიკული გახდეს. ასეთ პერიოდში არ უნდა გავცეთ ამაო დაპირებები და საკუთარ თავზე აღებულ მოვალეობებს მთელი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ.
დაბოლოს, დამდეგი კვირის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი აკორდი გახლავთ პლანეტა ვენერას გადასვლა ჰაეროვანი და რბილი სასწორის ზოდიაქოდან, ექსპანსიურ და ვნებიან მორიელში. რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი ერთი თვის მანძილზე სასიყვარულო ფრონტზე არაერთ მხურვალე რომანსა თუ თავგადასავალს უნდა ველოდოთ. მით უმეტეს, მზე და იუპიტერი სასწორის ზოდიაქოში თავის მხრივ დაუმატებენ ამ ყველაფერს ემოციურ სიღრმეს, მოგეხსენებათ, სასწორი პარტნიორობის თემაზე პასუხისმგებელი ნიშანია. ერთადერთი ნაკლი, რაც ვენერას ტრანზიტს მორიელში გააჩნია არის ის, რომ მისი გავლენით წყვილებს შორის ეჭვიანობის თემატიკა მატულობს და ახლდაწყებული რომანებიც აუცილებლად იქნება გარკვეული ფატალურობით გამორჩეული. ასე რომ, გრძობებთან ფრთხილად მეგობრებო!
სიყვარულს, სიმშვიდეს და კარგ განწყობას გისურვებთ!