- ვნებები მძაფრდება, ემოციები ხურდება - მორიელი მაქსიმალურ ძალას ავლენს. დამდეგი კვირიდან ეს ყველაფერი პირად და პარტნიორულ ურთიერთობებზე დატოვებს საკუთარ კვალს, იმიტომ რომ, პლანეტების აღლუმს მორიელის ნიშანში არც მეტი არც ნაკლები თავად პლანეტა ვენერაც შეუერთდება.
ვენერას ტრანზიტი კი ვნებიან და ემოციურ მორიელში, ზუსტადაც რომ პირდაპირი გაგებით კოცონს დაანთებს სასიყვარულო ასპარეზზე. შესაბამისად, არ გაგიკვირდეთ დრამა, ეჭვიანობის სცენები და გაუგებრობები, რომელთა სიმრავლეც უახლოესი პერიოდის მანძილზე წყვილებს შორის ერთობ თვალშისაცემი იქნება. ვენერა ასტროლოგიაში სასიყვარულო სფეროსთან ერთად, ფულისა და მატერიალური რესურსების თემატიკასაც განაგებს, ამიტომ უახლოესი რამდენიმე კვირის მანძილზე ზემოხსენებული თემაც ერთობ შეფერილი იქნება ემოციური ქვეტექსტებით. სამაგიეროდ, ზუსტად ამ კვირის დასაწყისში ვენერა შეერთებაშია დიდი სიხარულის და წარმატების მომტან პლანეტა იუპიტერთან, ამიტომ ფინანსური ოპერაციები, რომელსაც რისკის გარკვეული დოზაც ახლავს თან არათუ გამართლებული, ფრიად მომგებიანი და პერსპექტიულიც კი იქნება.
9 ნოემბრიდან შავი მთვარე მშვილდოსნის ზოდიაქოს ტოვებს, რომელშიც იგი ბოლო თვეების მანძილზე აქტიურად იყო "გამაგრებული" და ამ ეტაპიდან რთული პერიოდი უკვე თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის დაიწყება, იმიტომ რომ შავი მთვარე ზუსტადაც რომ თხის რქაში დაიდებს ბინას. შავი მთვარის ტრანზიტი თხის რქაში არამხოლოდ ადამიანებზე, მიმდინარე მოვლენებზეც აისახება. რაც პირველ რიგში შეეხება საზოგადოების უმაღლეს ეშელონებს და პოლიტიკას. ამ ტენდენციას კი თავის მხრივ გააძლიერებს იუპიტერი მორიელში. რაც შესაბამისად ნიშნავს იმას, რომ უახლოესი თვეების მანძილზე არაერთი, მაღალჩინოსნის "გამოაშკარავებას" უნდა ველოდოთ საზოგადოების თვალწინ. ბლომად იქნება ასევე პოლიტიკური სკანდალები და დაპირისპირებები. მოკლედ, მედიას სამუშაო თავზესაყრელად მიეცემა რისი დასტურიც გახლავთ ამ ეტაპზე თეთრი მთვარე ტყუპის ზოდიაქოში (წარმატებული პერიოდი ჟურნალისტებისთვის).
10 ნოემბერს მერკურისა და ნეპტუნის ნეგატიური ასპექტი ურთიერთობაში ქაოსის, ინტრიგებისა და ტყუილების მოთხოვნილებას გააძლიერებს. სიფრთხილით მოეკიდეთ ასევე მნიშვნელოვან დოკუმენტაციას და საქმიან მიმოწერას.
11 ნოემბერს ძალაში შედის ხანგრძლივი, ერთობ რთული და ფეთქებადსაშიში კომბინაცია - მარსისა და პლუტონის კვადრატი. რაც თავის მხრივ როგორც ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში, ისე მსოფლიოს მასშტაბით აგრესიის გამოვლენის მასშტაბებს გაზრდის. მისი გავლენით ადამიანებში მოიმატებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისკენ მიდრეკილება და ფარული ან ღია დაპირისპირებები, რომელიც ისევ და ისევ ძალაუფლების თემასთან იქნება დაკავშირებული. აქედან გამომდინარე მაქსიმალური სიმშვიდისა და სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ.
მშვიდობიან, ნაყოფიერ და წარმატებულ კვირას გისურვებთ!