მიხეილ ცაგარელი: "უკრაინის შემდეგ აქ ჩამოირეცხა რადიაციით დაბინძურებული ღრუბელი“

მიხეილ ცაგარელი: "უკრაინის შემდეგ აქ ჩამოირეცხა რადიაციით დაბინძურებული ღრუბელი“

"გვატყუებენ, გვიმალავენ, ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით"... - ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. მისი თქმით, სამყაროში ბევრი ისეთი რამ ხდება, რის შესახებაც საზოგადოების უმეტესობას წარმოდგენაც კი არა აქვს. ზოგი რამ საერთოდ არ ვიცით, ზოგიერთ ამბავსა თუ მოვლენაზე სანახევრო ან საგანგებოდ შეცვლილი ინფორმაცია გვაქვს, ზოგი კი მკაცრად გასაიდუმლოებულია. როგორც ბატონი მიხეილი ამბობს, ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას საქართველო ინახავს, აქ ყველაზე მეტი საიდუმლოა... ისიც უდავოა, რომ ჩვენმა წინაპრებმა ჩვენზე გაცილებით მეტი იცოდნენ. მათ შეეძლოთ, ყოფილიყვნენ განსაკუთრებულნი და გამორჩეულნი მსოფლიოს ხალხებს შორის. რა იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა და რა საიდუმლო შეიძლება ინახებოდეს ჩვენს ქვეყანაში, ამის შესახებ მიხეილ ცაგარელი დაწვრილებით გვესაუბრება.

Astrologia

- ბატონო მიხეილ, ასტროლოგები და ეზოტერიკოსები ამბობენ, რომ ყველა ქვეყანას თავისი მისია აქვს დედამიწაზე. როგორია ჩვენი ქვეყნის კოსმოსური მისია?

- როგორც ყველა სხვა ქვეყანას, საქართველოსაც თავისი ზოდიაქოს ნიშანი აქვს. საქართველოს ამჟამად ლომის ზოდიაქო მართავს, თუმცა ეთნოსის შექმნის პერიოდში მშვილდოსნის ზოდიაქო მართავდა, უფრო მოგვიანებით, ანუ ოქროს საწმისის ეპოქაში ქვეყნის მმართველი ზოდიაქო ვერძი იყო, ახლა კი ლომია. ანუ ცეცხლის სტიქიასთან გვაქვს საქმე. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მისია რეგიონში ლიდერობაა. შესაბამისად, ორიენტირებულნი უნდა ვიყოთ განათლებაზე, სიყვარულსა და ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებაზე. გვატყუებენ, როდესაც დღეს გვეუბნებიან, რომ ევროპელები ვართ, სინამდვილეში ევრაზიელები ვართ, რაც ევროპელობაზე უპირატესია. ჩვენი მისიაა, გავაწონასწოროთ ევროპული და აზიური ტენდენციები, დავამყაროთ ჰარმონიული ურთიერთობები როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან, ჩრდილოეთთან და სამხრეთთან. ქართველები ერთადერთი ადგილობრივი ეთნოსი ვართ კავკასიაში, ყველა დანარჩენი მოსულია.

ჩრდილოკავკასიელებს არ ვგულისხმობ, თუმცა მათ შორისაც არიან "მოსულები". სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვასრულებთ დაკისრებულ მისიას და აქცენტს ლომის უარყოფით თვისებებზე - ეგოიზმზე, დიქტატურაზე, ფულის ფლანგვაზე, სულსწრაფობაზე ვაკეთებთ... ჩვენი ასეთი არჩევანი ნეგატიურ ენერგიას ქმნის, ამიტომაც აირია ქვეყანა.

Astrologia

- თუ ეთნოსის შექმნის პროცესში ჩვენი ქვეყნის ზოდიაქოს ნიშანი მშვილდოსანი იყო და მერე ვერძი, ბოლოს როგორ გახდა ლომი?

- საუკუნეების განმავლობაში თანავარსკვლავედის ადგილმდებარეობა იცვლება, რაც თავისებურ ზეგავლენას ახდენს ამა თუ იმ ქვეყანაზე.

- დღესასწაულებს ორ-ორჯერ რომ აღვნიშნავთ, რაზე მეტყველებს ეს?

- თარიღი ყოველთვის ძალზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკის მატარებელია. ჩვენი ქვეყნის მეთაურნი ამას ყურადღებას არასდროს აქცევდნენ. დავით აღმაშენებელს, ვახტანგ VI-ს და გიორგი პირველს არ ვგულისხმობ, ისინი შესანიშნავად ერკვეოდნენ ასტროლოგიაში, შემდეგი თაობები მყავს მხედველობაში. მაგალითად, ნოე ჟორდანიას მთავრობამ დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისი დაგვიწესა. ეს იყო დღე, რომელიც მათ აწყობდათ და საერთოდ არ დაინტერესდნენ, რა ხდებოდა კოსმოსში. ნახეთ, რა დაუბევეს ქვეყანას: 26 მაისი არის ტყუპის ზოდიაქო, გაორებული ნიშანი, ერთ ტყუპს ერთი უნდა, მეორეს - სხვა, მათ შორის მუდმივი ბრძოლაა და საბოლოოდ, თავად აღარ იციან, რა უნდათ. სხვათა შორის, ტყუპს დადებითიც ბევრი აქვს. ინტელექტუალური ნიშანია, უმაღლესი ლოგიკური აზროვნებით გამოირჩევა. თუმცა, ამ დადებით თვისებებზე უარი ვთქვით, რატომღაც ჩვენი კოსმოსური გზა სწავლასა და ინტელექტის განვითარებას არ დავუკავშირეთ. ადრე ქართველების ასეთი პრინციპი ჰქონდათ - "ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა". რუსეთის პრინციპი იყო - "სილა იესტ, უმა ნე ნადა". ჩვენ რა ვქენით? მონსტრ რუსეთს ძალით დავუპირისპირდით, თანაც არაერთხელ. ე.ი. ცოცხალი თავით არ გვინდა, რომ გავერკვეთ ასტროლოგიაში, გავიგოთ, რა არის ჩვენი კარმული მისია და რა ვალდებულებები უნდა ვიკისროთ, რომ სამყაროსგან სასჯელი კი არა, ჯილდო მივიღოთ. უარს ვამბობთ, ჩვენი მმართველი ზოდიაქოს ნიშნების დადებით თვისებებზე, უარყოფითს კი ვავითარებთ. მაგალითად, მოვსპეთ სამეცნიერო ინსტიტუტები, უმაღლეს სასწავლებლებში დიპლომებით ვაჭრობა გავმართეთ, გვერდზე გადავდეთ წიგნი და ხელი მივყავით სმა-ჭამასა და ღრეობას. თითო დღესასწაული რომ არ გვეყო, ორ-ორი დავიწესეთ. დამიჯერეთ, სუფრიდან სუფრაზე სიარული ქართული ტრადიცია არ არის, ჩვენი წინაპრები ასე არ ღრეობდნენ. ჩვენ ასევე უარს ვამბობთ ლომის საუკეთესო თვისებებზე, ოჯახის კულტზე, სიყვარულსა და მეგობრობაზე და ვცდილობთ, შევითვისოთ ჩვენი ეთნოსისთვის მიუღებელი ლიბერალური პრინციპები. ეს ყველაფერი ერს საბოლოოდ დეპრესიაში აგდებს. ვიდრე საქართველო ტყუპის გაორებას არ მოიშორებს, დღესასწაულების ორ-ორჯერ აღნიშვნას, ღრეობებს არ შეეშვება და ახალ დამოუკიდებლობის დღეს არ გამოაცხადებს, არაფერი გვეშველება. ნახეთ, ამერიკამ როგორი დღე დაიბევა დამოუკიდებლობის აღსანიშნავად?! 4 - უდიდესი კოსმოსური ძალის მატარებელი რიცხვია.

Astrologia

- გამუდმებით გვესმის, რომ საქართველო განსაკუთრებული ადგილია დედამიწაზე. ეს ქართული ნარცისიზმის გამოვლინებაა, თუ ქვეცნობიერი გვალაპარაკებს?

- საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და განსაკუთრებული ენერგეტიკაა. ამაზე საუბრობენ ინდოელი იოგები, რომლებიც აქ არაერთხელ ჩამოვიდნენ. კავკასიის მთებში დღემდე ცხოვრობენ განდობილი ადამიანები, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი საიდუმლოა, რაზეც ჩვენ წარმოდგენაც კი არა გვაქვს.

- რას ნიშნავს განდობილი ადამიანები?

- ესენი არიან განსაკუთრებული ენერგიის მატარებელი ადამიანები. კავკასიის მთებში არის ღვთიური ენერგია, ისევე როგორც ტიბეტში. საქართველო არის მსოფლიოს ჭიპი. ქართული სუფრა (რომელიც დღეს ღრეობად აქციეს) განსაკუთრებული მაგიის მატარებელია, ისევე როგორც ბევრი ქართული ტრადიციული ელემენტი. მონღოლები, რომლებმაც მსოფლიო დაიპყრეს, დღემდე ვერ ხსნიან და დღემდე იკვლევენ, რატომ ვერ დაიპყრეს ხევსურეთი და მთიულეთი. მათ მეცნიერული კვლევის საფუძველზე დაადგინეს, რომ ქართული და მონღოლური ორთაბრძოლების 75% ერთსა და იმავე ელემენტებს შეიცავს. როდესაც ინდოეთში ქართული დელეგაცია ჩავიდა იოგის შესასწავლად, იქაურმა დიდმა გურუმ გაიცინა და თქვა, საქართველოდან ჩამოხვედით იოგის სასწავლად მაშინ, როდესაც იოგა აქ თქვენგან ჩამოვიტანეთო. იცით, რამდენ რამეზე არ აქვთ დღევანდელ ქართველებს წარმოდგენა? თქვენ ოქროს საწმისი მართლა ოქრო ხომ არ გგონიათ? ეს უდიდესი საგანძურია კოსმოსური ცოდნისა, რომელიც ბერძნებმა მოგვტაცეს. მისი დაკარგვის შემდეგ დაიწყო საქართველოს დაკნინება და საბერძნეთის აღმასვლა.

Astrologia

- ე.ი. თქვენ ამბობთ, რომ საქართველოში განსაკუთრებული ენერგეტიკაა?

- აბა, რა. ნახეთ, რა დღეში არიან უცხოელები, როდესაც აქ ჩამოდიან. უკან წასვლა აღარ უნდათ. როგორ გგონიათ, არაბები, თურქები, ჩინელები და სხვა ერის წარმომადგენლები რატომ ცდილობენ აქ დასახლებას? მათ იციან, აქ რა ხდება, ჩვენ კი აქედან გავრბივართ.

- თუ ასეთი განსაკუთრებული ენერგეტიკაა, მაშინ რატომ არის ამდენი დაავადება ქვეყანაში?

- იმიტომ, რომ მძიმე სოციალური ფონის გამო ნევროზული ვითარებაა მთელ ქვეყანაში. გარდა ამისა, ჩვენ დიდხანს გვიმალავდნენ სიმართლეს და ბოლომდე დღესაც არ გვიმხელენ, რომ ჩერნობილის ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლნი ვართ.

- რას გულისხმობთ?

- ჩვენ დაგვიმალეს, რომ უკრაინის შემდეგ აქ ჩამოირეცხა რადიაციით დაბინძურებული ღრუბელი. სწორედ ამიტომ გავრცელდა ონკოლოგიური დაავადებები, იმპოტენცია... ახლა ჩვენს გენეტიკურ კოდში საშინელი რადიაციაა. ამასაც გვიმალავენ. კიდევ ბევრი უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს, რის შესახებაც არაფერი ვიცით.

- კი, მაგრამ რადიაცია და კიდევ ბევრი სხვა უბედურება (რომელსაც, თქვენი თქმით, გვიმალავენ) იმ უცხოელებზე არ მოქმედებს, აქ რომ შესანიშნავად გრძნობენ თავს?

- ჩერნობილის ტრაგედია 30 წლის წინ იყო. ბოლო წლებში რადიაცია შედარებით შემცირდა, მაგრამ ჩვენ ეს უკვე დნმ-ში ჩაგვეწერა. იაპონელებს დღესაც აქვთ დნმ-ის კოდში რადიაცია. ჰიროსიმას ტრაგედია 1945 წელს მოხდა, მაგრამ მისი საშინელი შედეგი ჯერ კიდევ აისახება ამ ხალხის გენეტიკაში და ჯერ კიდევ იბადებიან მათ შორის მუტაციური გადახრის მქონე ადამიანები.

- განსაკუთრებულ ძალასა და ენერგიას, რომელიც თქვენი აზრით, საქართველოშია, ასეთ პრობლემებთან გამკლავება არ შეუძლია?

- ამისთვის დროის გასვლა და პოზიტიური ენერგიაა საჭირო. პოზიტიურ ენერგიას რა სჭირდება? სიმშვიდე, ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობის შეგრძნება, ეკლესიაში სიარული, ლოცვა. დღეს რა ხდება? სახელმწიფო სახელმწიფოს არ ჰგავს და ეკლესია - ეკლესიას. იმის მაგივრად, რომ ხელისუფალნი ქვეყანაში შექმნილი უამრავი პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავდეს, საკუთარი პოზიციებისა და ძალაუფლების გაძლიერებისთვის იბრძვიან. ქვეყანაში წარმატებული და ფულიანი ადამიანების კასტაა შექმნილი, რომელსაც დანარჩენი ხალხის ბედი საერთოდ არ აინტერესებს.
Astrologia

- ვარსკვლავები რას გვეუბნებიან, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები უახლოეს მომავალში როგორ განვითარდება?
- რომელი პოლიტიკური მოვლენები? სად არის საქართველოში პოლიტიკა? ხელისუფლებაში ვინმემ იცის საერთოდ, რა არის პოლიტიკური მეცნიერება? მე ვთხოვ თქვენს ჟურნალს, ჩაატარეთ გამოკითხვა, ჰკითხეთ პარლამენტარებს, რა არის პოლიტოლოგია. არ გაინტერესებთ, რამდენი გაგცემთ ამ კითხვაზე სწორ პასუხს? ვიდრე ასე უპასუხისმგებლოდ ვიქცევით, ვიდრე ასეთი უცოდინარი ადამიანების ხელშია ქვეყანა, სამყაროსგან ყოველთვის სასჯელს მივიღებთ.

- ამბობთ, რომ ქართულ პოლიტიკაში განათლებული ადამიანები საერთოდ არ გვყავს?

- გვყავს, მაგრამ ძალიან ცოტა. გარდა ამისა, მხოლოდ განათლება არ არის საკმარისი, წესიერებაც აუცილებელია. განათლებული გარეწარი რა ხეირს დაგვაყრის? რამდენიმე წესიერი და განათლებული ადამიანიც გვყავს, მაგრამ მათ არ სურთ პოლიტიკაში მოსვლა ან ხელისუფლება ბლოკავს.

- ასეთებად ვინ მიგაჩნიათ?

- ლევან ვასაძე, რომელსაც ძალიან სწორი დოქტრინა და იდეოლოგია აქვს. თუმცა, არ ვიცი, პოლიტიკაში რატომ არ მოდის. ასევე შესანიშნავი დოქტრინა აქვს სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს, ზურაბ ხონელიძეს, რომელსაც უცხოეთში საკმაოდ ხშირად სთავაზობენ სამსახურს, მაგრამ თავად არ მიდის. ჩვენი ხელისუფლება კი დიდი მონდომებით ბლოკავს მას. ძალიან საინტერესო პიროვნებაა კახი კახიშვილი. უნიჭიერესი ადამიანია, რომელსაც ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა შეუძლია. ნახეთ, როგორი წესრიგი დაამყარა ერთ-ერთ ყველაზე რთულ უწყებაში ანუ სასჯელაღსრულებაში. და მერე რა? იმის მაგივრად, რომ დაეწინაურებინათ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სფერო ჩაებარებინათ, თავის აწყობილ საქმეს ჩამოაშორეს და სადღაც აპარატის უფროსად გადაისროლეს. არ მინდა, ისედაც სტრესში მყოფი ხალხი კიდევ უფრო დიდ დეპრესიაში ჩავაგდო, მაგრამ დღეს ქვეყანაში ძალიან უიმედო მდგომარეობაა, შეცდომების ჩადენას ვაგრძელებთ და სამყაროც ახალ-ახალ განსაცდელს გვიგზავნის. თუმცა, შანსსაც გვაძლევს.

- ახლა რა შანსს ხედავთ?

- 2020 წლიდან ახალი 12-წლიანი ციკლი იწყება. ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია სიახლეებისა და განვითარებისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ ორ წელიწადში გამოჩნდება ახალი ძალა, რომელიც კოსმოსის მიერ გამოგზავნილ კიდევ ერთ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. მივმართავ რეპუტაციაშეულახავ, განათლებულ და პატიოსან ადამიანებს, რომლებსაც მესამე პოლიტიკური ძალის შექმნა შეუძლიათ. ტყუილად არ დაკარგონ წლები, გააქტიურდნენ, თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთონ და ხელისუფლება ნელ-ნელა გადაიბარონ. ახალმა ძალამ 12 წელიწადში ძირეული ცვლილება უნდა შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. ეს ბოლო შანსია და თუ ამასაც გავუშვებთ ხელიდან, მერე უკვე წასულია ჩვენი საქმე.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი "გზა"

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?