ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული პატარა, არცთუ ხშირად და ადვილად აჯილდოვებს გარშემო მყოფებს საკუთარი მომხიბვლელი ღიმილით. სავარაუდოდ, თქვენი შვილის საყვარელი პოზა გარემოს ეჭვნარევი მზერით თვალიერება და ყველა დეტალის გულდასმით შესწავლა იქნება. საკუთარი სიმპათიისა და ანტიპათიის მკვეთრად გამოხატვის ჩვევა მას მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვება. ამიტომ, გაითვალისწინეთ, რომ ეს პატარა თუმცა, საკმარისად გონიერი და ემოციური არსება, თქვენ მიმართ სიყვარულს მთელი გულით მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოამჟღავნებს, თუკი თქვენგანაც ზუსტად ასეთივე დამოკიდებულებას მიიღებს.
არ დაგავიწყდეთ, ღრიანკალი პატივს მხოლოდ მასზე ძლიერ და ღირსეულ ადამიანებს სცემს. ამიტომ, შვილს ხშირად მოეფერეთ. მაგრამ შექებასა და წახალისებას რაც შეეხება, ამ მხრივ სიფრთხილე გამოიჩნეთ და მხოლოდ იმ დროს დაუფიქსირეთ მას საკუთარი აღფრთოვანება, როცა იგი ამას სრული ასი პროცენტით იმსახურებს. სხვა შემთხვევაში სიყალბეს იგი ადვილად მიგიხვდებათ და სამომავლოდ მისთვის თქვენი აზრი ავტორიტეტულობას დაკარგავს.
ღრიანკალი ბავშვი ლაპარაკს საკმაოდ ადრე სწავლობს. ამიტომ, ხშირად მოგიწევთ მისი უსასრულო კითხვებისთვის თავის გართმევა. თუმცა, დროდადრო მისი გონება სხვა გასართობითაც დაკავდება. რაკი წყლის სტიქიის წარმომადგენელია, სააბაზანოდან მისი "გამოძევების" მტკივნეული პროცედურაც არაერთგზისაა მოსალოდნელი. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, თავიდან ფეხებამდე გაწუწვის სანაცვლოდ, თქვენს შვილს შედარებით მშვიდი გასართობი შეგიძლიათ შესთავაზოთ, მაგალითად ძერწვა – ეს მას ძალიან მოეწონება.