თუ თქვენ უკვე ერთხელ მაინც გიმშობიარიათ, შესაძლოა თქვენმა ქვეცნობიერემა ინფორმაცია გადაახარისხა და ამ პროცესში უდროოდ ამოგიგდოთ ერთ-ერთი მოგონება, მაგრამ თუ მსგავსი გამოცდილება არასდროს მიგიღიათ, ნუ იფიქრებთ, რომ სულ მალე დედა გახდებით.
საქმე იმაშია, რომ უახლოეს მომავალში თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელობების ქარი დაუბერავს; რუტინა, რომელმაც ასეოდენ დაგღალათ, გადახალისდება; სიზმარი გიდასტურებთ, რომ თქვენი გონება და შინაგანი სამყარო მზად არის საფუძვლიანი ძვრებისა და ცვლილებებისთვის, რომელიც უახლოვდება. იცოდით, რომ თქვენი ქვეცნობიერი გაცილებით ადრე გრძნობს მომავალ საფრთხესა თუ ბედნიერებას, ვიდრე გონების ყველაზე ლოგიკური ნახევარსფერო? ამაზე პასუხს აგებს განვითარებული, გავარჯიშებული ინტუიცია. მოსალოდნელია ფიზიკური ან სულიერი გაძლიერება, რაც მოგვიანებით - როცა კარგი პერიოდი გადაივლის - თავს დამტყდარი პრობლემების მარტივად გადაწყვეტაში დაგეხმარებათ.
გარდა ამისა, შესაძლოა მიგიწვიონ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ან კონცერტის, გადაცემის, შეჯიბრების, საქველმოქმედო საღამოს წამყვანობა გთხოვონ.
დიდი ალბათობით, დაგაწინაურებენ სამსახურში.
თუ ფეხმძიმედ ხართ, ამგვარი სიზმარი თქვენი შიშის გამომჟღავნების ერთ-ერთი ხერხია, იმისთვის, რომ ნერვიულობამ ნაყოფი არ დააზიანოს, ან თქვენი ფსიქიკა, ქვეცნობიერი ნელ-ნელა ფსიქოლოგიურად გამზადებთ მოსალოდნელი მოვლენისთვის. თუ არ შფოთავთ და მშობიარობის პროცესს სრულიად მშვიდად ელოდებით, რადგან გაცნობიერებული გაქვთ, რომ სამყაროს ყველა ქალი აჩენს ახალ სიცოცხლეს და თქვენ ერთადერთი არ ხართ, მაშინ ეს სიზმარი მოასწავებს თქვენს მზაობას, იკისროთ სხვა სიცოცხლის მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობა. შესაძლოა სამყარო იმასაც განიშნებდეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნება წარსულში ჩატოვებული ეტაპებისგან.
თუ დაგესიზმრათ, რომ იმშობიარეთ ბიჭზე, რომელმაც მომენტალურად დაიწყო საუბარი და სიარული, საკუთარ თავში აღმოაჩენთ ახალ ნიჭსა და უნარებს, რომლებიც დაგეხმარებათ გამდიდრებაში და თქვენს გზას სულ სხვა მიმართულებით წაიყვანს - არა ისე, როგორც გეგმავდით.
თუ სიზმარში ახლოს არავის იკარებდით და გინდოდათ დამოუკიდებლად გემშობიარათ, სულ მალე აიხდენთ იმ ოცნებას, რომლის რეალიზებისაც არავის სჯეროდა.
თუ გოგონა შეგეძინათ, მოიმატებს თქვენი კრეატიულიბა და შემოქმედებითობა, ამიტო ხელოვნების, ლიტერატურის, მარკეტინგის და
პიარის სფეროებში მოღვაწეებს მუზაც დაგიბრუნდებათ და ყურადღებასაც მიიქცევთ არაორდინალური ხედვით.
თუ კაცს ესიზმრება მარტოხელა, მშობიარე ქალი, ცხოვრებაში სირთულეებს გადაეყრება.
თუ ვინმეს ეხმარებოდით მშობიარობაში, გაიხსენეთ, როგორ მიმდინარეობდა პროცესი - რთულად თუ მარტივად? თუ ქალმა მარტივად იმშობიარა ფორტუნა თქვენკენ გადმოიხრება და ყველაფერში გაგიმართლებთ; ხოლო, თუ მშობიარობა გაუჭირდა, წააწყდებით რთულად გადასალახ წინააღმდეგობებს.