– " რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე კარგი?" საქმე იმაშია ჩემო კარგებო, რომ ზოგადად ასტროლოგიის გადმოსახედიდან არ არსებობს ამ მხრივ სიტყვა კარგის და ცუდის ზუსტი დეფინიცია. ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშანი ფლობს საკუთარ თავში, როგორც დადებით, ისე უარყოფით სახასიათო შტრიხებს, რომელთა გამოვლენა-გაძლიერება ან პირიქით დამუშავება და განეიტრალება, მარტოოდენ პიროვნული განვითარების დონეზე და ნებისყოფის სიძლიერეზეა დამოკიდებული ნებისმიერი ჩვენთაგანის შემთხვევაში.
შესაბამისად, არც ქალწული მამაკაცები წარმოადგენენ საყოველთაო ქირქილის საგანს თავად ამ ნიშნის სახელწოდებიდან გამომდინარე, არც ვერძი ქალები არიან ალქაჯები და ხისთავიანები და არც მორიელები ფლობენ ლეგენდად ქცეულ და დაუშრეტელ სექსუალურ პოტენციალს. ყველაფერი ჩვენს ინდივიდუალიზმსა და პიროვნული განვითარების დონეს ექვემდებარება. თუმცა, სიამისოდ, რომ კიდევ უფრო ახლოს გაგაცნოთ საკუთარი ნიშანი და ამასთან ერთად, უკეთ აგიხსნათ და დაგანახოთ ის, თუ რატომ უნდა იამაყოთ სწორედ იმით, რომ კონკრეტულად ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელი ბრძანდებით, მე გადავწყვიტე, დავიწყო სტატიების ციკლი, სადაც ნიშნის მახასიათებლებთან ერთად, თქვენი ზოდიაქოს ცნობილ, წარმატებულ და პოპულარულ წარმომადგენლებს გაგაცნობთ. სწორედ მათი მაგალითით შევეცდები აგიხსნათ ის მარტივი ჭეშმარიტება, თუ როგორ გამოიყენოთ საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის დადებითი მხარეები ცხოვრებაში მაქსიმუმის მისაღწევად, ხოლო უარყოფითს ეფერქტური ბრძოლა გამოიცხადოთ.
რა პრიორიტეტები აქვს მორიელს?
"ნუ ელით ცხოვრებისგან საჩუქრებს, მიდით და აიღეთ რასაც გთავაზობთ იგი. და იყავით იმის მადლობელი, რომ ყველაფერი იმაზე უკეთაა ვიდრე შესაძლოა ყოფილიყო"
მარგარეტ მიტჩელი
მაქსიმალისტი – ამ სიტყვის დეფინიციის სრული და აბსოლუტური შესაბამისობაა ადამიანი, რომელიც მორიელის ზოდიაქოს ნიშნით ევლინება ქვეყანას. არ აქვს მნიშვნელობა იგი სულით ძლიერია, მენტალურად განვითარებული თუ პრიმიტივი (მორიელებში სხვადასხვა ტიპის ინდივიდი გვხდება), ნებისმიერი მათგანის უმთავრესი ცხოვრებისეული პრინციპი ტრანსფორმაციაა. ისინი ან თავად იცვლებიან რადიკალურად ან გარემოს ცვლიან საკუთარი არსებობის ხარჯზე.
მორიელის ზოდიაქოს უმთავრესი დევიზი "ნგრევა და შენებაა". მმართველი პლანეტა პლუტონის და თანამმართველი მარსის გამო, მორიელები მთელი ცხოვრება იბრძვიან ხან საკუთარი თავის, ხანაც გარემოებების ან კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ. ბრძოლა ეს ის თემაა, რომლის გარეშეც მორიელს არსებობა არ შეუძლია, ექსტრიმი მისი "ჟანგბადია" სიცოცხლისთვის საარსებო უმთავრესი არხი.
მორიელი გიჟდება სირთულეებზე. იმიტომ რომ თავად ამ სირთულის ლიკვიდაციის პროცესით იღებს უზომო სიამოვნებას. შესაბამისად, რამდენიც არ უნდა ამტკიცოს, რომ დაიღალა და მშვიდი ცხოვრება სურს, გულის სიღრმეში იგი ნებისმიერ ასაკში მზადაა ცხოვრებისეულ გამოწვევას გამოწვევითვე უპასუხოს და რაც მთავარია, გაიმარჯვოს ყველაზე და ყველაფერზე.
ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უზომოდ დიდი სასიცოცხლო პოტენციალი და გამძლეობა გააჩნიათ. მათი ნებისყოფა ამოუწურავია, მოთმინების უნარი კი გასაოცარი. მორიელს ძალა შესწევს წლების მანძილზე დაელოდოს ხელსაყრელ მომენტს საიმისოდ, რომ ოდესღაც მისთვის კუდზე უშნოდ ფეხის დამბიჯებელ ადამიანებს სამაგიერო ღირსეულად გადაუხადოს. გახსოვდეთ, წყენას არც ერთი მათგანი არასოდეს ივიწყებს. ამიტომ სანამ, მორიელის ნიშნით დაბადებულ ინდივიდთან უკბილო ხუმრობას წამოიწყებთ კარგად დაფიქრდით – რა ფასად შეიძლება დაგიჯდეთ ეს!
ალბათ არ არსებობს უნივერსალური რჩევა, რომელსაც ასტროლოგი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულს მისცემს საიმისოდ, რომ მან საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. მორიელი თავადაა თავისი ბედის მჭედელი და შესაბამისად, შეუძლია თავი სრული დეგრადაციიდან სრულ ტრანსფორმაციამდე მიიყვანოს, იმის მიხედვით თუ რა სახის გრძნობებს მისცემს ბატონობის უფლებას. ოქროს შუალედის არქონა ეს ალბათ ყველაზე დიდი პრობლემაა მათთვის. თუმცა მაქსიმალისტის ბუნება რომ არა, ისინი ვერასოდეს შეძლებენ იმ სიმაღლეების დაპყრობას, რომლისკენაც სხვები, ოცნებითაც კი ვერ მიილტვიან.