– "რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე კარგი?". საქმე იმაშია ჩემო კარგებო, რომ ზოგადად ასტროლოგიის გადმოსახედიდან არ არსებობს ამ მხრივ სიტყვა კარგის და ცუდის ზუსტი დეფინიცია. ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშანი ფლობს საკუთარ თავში, როგორც დადებით, ისე უარყოფით სახასიათო შტრიხებს, რომელთა გამოვლენა-გაძლიერება ან პირიქით დამუშავება და განეიტრალება, მარტოოდენ პიროვნული განვითარების დონეზე და ნებისყოფის სიძლიერეზეა დამოკიდებული ნებისმიერი ჩვენთაგანის შემთხვევაში.
შესაბამისად, არც ქალწული მამაკაცები წარმოადგენენ საყოველთაო ქირქილის საგანს თავად ამ ნიშნის სახელწოდებიდან გამომდინარე, არც ვერძი ქალები არიან ალქაჯები და ხისთავიანები და არც მორიელები ფლობენ ლეგენდად ქცეულ და დაუშრეტელ სექსუალურ პოტენციალს. ყველაფერი ჩვენს ინდივიდუალიზმსა და პიროვნული განვითარების დონეს ექვემდებარება. თუმცა, სიამისოდ, რომ კიდევ უფრო ახლოს გაგაცნოთ საკუთარი ნიშანი და ამასთან ერთად, უკეთ აგიხსნათ და დაგანახოთ ის, თუ რატომ უნდა იამაყოთ სწორედ იმით, რომ კონკრეტულად ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელი ბრძანდებით, მე გადავწყვიტე, დავიწყო სტატიების ციკლი, სადაც ნიშნის მახასიათებლებთან ერთად, თქვენი ზოდიაქოს ცნობილ, წარმატებულ და პოპულარულ წარმომადგენლებს გაგაცნობთ. სწორედ მათი მაგალითით შევეცდები აგიხსნათ ის მარტივი ჭეშმარიტება, თუ როგორ გამოიყენოთ საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის დადებითი მხარეები ცხოვრებაში მაქსიმუმის მისაღწევად, ხოლო უარყოფითს ეფერქტური ბრძოლა გამოიცხადოთ.
რა პრიორიტეტები აქვს კუროს?
"ადვილია მოატყუო თვალი, მაგრამ ძნელია მოატყუო გული"
ალ პაჩინო
კურო ზოდიაქოს მეორე ნიშანია. მიწის სტიქიის წარმომადგენელი, პლანეტა ვენერას მფარველობის ქვეშ. ამ ადამიანების ხასიათში გასაოცარი ჰარმოიით ერწყმის ერთმანეთს რომანტიზმი და პრაგმატიზმი. კურო რეალისტია, მიწაზე მყარად დგომის უნარი აქვს, მაგრამ მას შესანიშნავად შეუძლია სილამაზის აღქმა-დაფასება. ხოლო როცა შეყვარებულია, წარმოუდგენელი რამეები შეუძლია ჩაიდინოს სიყვარულის სახელით – სხვაგვარად როგორ, კურო ხომ ვენერას შვილია ვენერა კი სიყვარულის ქალღმერთი გახლავთ.
კურო ბუნებით სტაბილურობის მოყვარული ინდივიდია. უყვარს მყუდროება, შრომა და კომფორტი, რომელსაც საკუთარი ხელით ქმნის. უკონფლიქტოა, მანამ სანამ ვინმე ზედმეტად არ გააღიზიანებს ცხვირწინ წითელი ნაჭრის ფრიალით. აი, მერე კი უფრთხილდით!
კუროს ხასიათის უმთავრესი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგია ნებისმიერი ყველაზე დიდი, გრანდიოზული და მასშტაბური პროექტის ხერხემალი. იგი ხშირად "საპატიო მეორეს" სტატუსს სჯერდება. მაშინ, როცა მისი მომიჯნავე ვერძი ან ტყუპი იდეის ავტორია, კუროს გარეშე არც ერთი იდეა არ განხორციელდება რეალობაში. მხოლოდ მას შესწევს ძალა ფრთები შეასხას ნებისმიერი იდეის მატერიალისტურ მხარეს, რომლის გარეშეც იდეები იდეებადვე დარჩება ვინმეს თავში. ამ ჩუმი, მოწესრიგებული და სიტყვაძუნწი ადამიანების გარეშე ძალიან ბევრი ფინანსური დასწესებულება ვერ იარსებებს, კურო არის იდეალური შემსრულებელი, რეალურ შედეგებზე ორიენტირებული ადამიანი. თუმცა ვენერას გავლენა მის ესთეტიურ აღქმაზეც ძალზე ძლიერად მოქმედებს, ამიტომაც არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ კუროებს შორის ბევრი კარგი მსახიობი გვხვდება. კურო შესანიშნავად ახერხებს შეუთავსოს სასარგებლო სასიამოვნოს. რეალური მაგალითი ამ მხრივ ცნობილი ამერიკელი მსახიობი ალ პაჩინო გახლავთ. ამასთან ერთად, კუროებს ვიზუალურადაც განსაკუთრებული "ვენერასეული" შარმი გააჩნიათ, რაც დამეთანხმებით აუცილებელია სამსახიობო კარიერისთვის.
გარეგნული უშფოთველობის მიღმა ამ ადამიანებს საკმაოდ სათუთი ფსიქიკა გააჩნიათ. ნებისმიერი კურო გაურბის ემოციურ ტკივილს, ამიტომაცაა, რომ ამ ნიშნით დაბადებულები ხანგრძლივი დროის მანძილზე იღებენ გადაწყვეტილებას დაოჯახების შესახებ. სამაგიეროდ, მათ მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება მყარი და მართლაც საბოლოოა.
კუროს უმთავრესი ნაკლი ხასიათში არის სიახლეების მიმართ გარკვეული შიში და ნოვაციის მიუღებლობა. ამ ხალხს ყოველთვის დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს. თუმცა ამგვარი წინდახედულების გამო, ბევრი კურო კარგავს განვითარებისა და ცხოვრებაში გაცილებით მეტის მიღწევის რეალურ შანსებს. მათ ოპოზიციური ნიშნის მორიელისთვის დამახასიათებელი რისკიანობა, ნოვატორული ხედვა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი აქვთ გამოსამუშავებელი. რის ხარჯზეც ნებისმიერ კუროს ეძლევა შანსი არამხოლოდ საკუთარ თავს, გარშემო მყოფებსაც მოუტანოს სიმშვიდე და სტაბილურობა.