ნიშანია ყველაზე კარგი?" საქმე იმაშია ჩემო კარგებო, რომ ზოგადად ასტროლოგიის გადმოსახედიდან არ არსებობს ამ მხრივ სიტყვა კარგის და ცუდის ზუსტი დეფინიცია. ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშანი ფლობს საკუთარ თავში, როგორც დადებით, ისე უარყოფით სახასიათო შტრიხებს, რომელთა გამოვლენა-გაძლიერება ან პირიქით დამუშავება და განეიტრალება, მარტოოდენ პიროვნული განვითარების დონეზე და ნებისყოფის სიძლიერეზეა დამოკიდებული ნებისმიერი ჩვენთაგანის შემთხვევაში.
შესაბამისად, არც ქალწული მამაკაცები წარმოადგენენ საყოველთაო ქირქილის საგანს თავად ამ ნიშნის სახელწოდებიდან გამომდინარე, არც ვერძი ქალები არიან ალქაჯები და ხისთავიანები და არც მორიელები ფლობენ ლეგენდად ქცეულ და დაუშრეტელ სექსუალურ პოტენციალს. ყველაფერი ჩვენს ინდივიდუალიზმსა და პიროვნული განვითარების დონეს ექვემდებარება. თუმცა, სიამისოდ, რომ კიდევ უფრო ახლოს გაგაცნოთ საკუთარი ნიშანი და ამასთან ერთად, უკეთ აგიხსნათ და დაგანახოთ ის, თუ რატომ უნდა იამაყოთ სწორედ იმით, რომ კონკრეტულად ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელი ბრძანდებით, მე გადავწყვიტე, დავიწყო სტატიების ციკლი, სადაც ნიშნის მახასიათებლებთან ერთად, თქვენი ზოდიაქოს ცნობილ, წარმატებულ და პოპულარულ წარმომადგენლებს გაგაცნობთ. სწორედ მათი მაგალითით შევეცდები აგიხსნათ ის მარტივი ჭეშმარიტება, თუ როგორ გამოიყენოთ საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის დადებითი მხარეები ცხოვრებაში მაქსიმუმის მისაღწევად, ხოლო უარყოფითს ეფერქტური ბრძოლა გამოიცხადოთ.
რა პრიორიტეტები აქვთ თევზებს?
"მადლობელი ვარ ყველასი, ვინც დახმარებაზე უარი მითხრა, სწორედ ამის გამოა, რომ შევძელი თავად გამეკეთებინა ყველაფერი"
ალბერტ აინშტაინი
თევზების ზოდიაქოს ასტროლოგთა დიდი ნაწილი ერთობ რთულ და პრობლემატურ ზოდიაქოს ნიშნად მიიჩნევს. ერთი შეხედვით ეს ხალხი რბილი, დამყოლი, ხათრიანი და უპრეტენზიო მოჩანს, ამიტომ შესაძლოა გაგიკვირდეთ კიდეც რატომ მიაჩნიათ ასტროლოგებს თევზების ზოდიაქო რთული ინდივიდების წარმომშობ ნიშნად, თუმცა მოდით, თავად ნიშნის სიმბოლოს გააზრებით დავიწყოთ საუბარი და მივხვდებით "სად არის რეალურად ძაღლის თავი დამარხული".
თევზების ზოდიაქოს მმართველად პლანეტა ნეპტუნი ითვლება, თუმცა მას ჰყავს ასევე თანამმართველი პლანეტაც – იუპიტერი გახლავთ ეს. ამიტომ თუ ნეპტუნი ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს ცვალებად ხასიათს, ემოციური ბუნებას, ილუზიებისადმი სიყვარულს და საკუთარი თავის მოტყუების გამუდმებულ სურვილს ანიჭებს, იუპიტერი, რომელიც თავის მხრივ წარმატების მომტან პლანეტად ითვლება, მზადაა რეალურად დაასაჩუქროს იგი იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები ისწავლიან დინების წინააღმდეგ ცურვას და ცხოვრებისეული სირთულეებისთვის თვალის მამაცად გასწორებას.
დაკვირვებიხართ თევზების ასტროლოგიური სიმბოლოს გრაფიკულ გამოსახულებას? მასზე ორი ერთმანეთზე კუდით გადაბმული თევზია გამოსახული, რომელთაც მიუხედავად ფატალური კავშირისა, მაინც ურთიერთსაწინააღმდეგოდ ცურვის სურვილი გააჩნიათ. რეალურად კი რა გამოდის? წინააღმდეგობრივი სურვილები და ერთ კონკრეტულ მიზანზე მკვეთრად კონცენტრირების უუნარობაა ეს ის ნაკლია რომელიც თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთაგან ბევრს, ხშირად უსაქმურობისკენ ან სრული დეგრადაციისკენ უბიძგებს ცხოვრებაში.
ნეპტუნის შვილებს ყოველთვის აქვთ მოთხოვნილება იოცნებონ და ცხოვრებისეული წვრილმან-მსხვილმანი პრობლემები სხვებს გადააბარონ მოსაგვარებლად. ისინი თითქოსდა ოცნებაში ჩარჩენილები არიან, ამიტომაც უჭირთ რეალურ ცხოვრებასთან ადაპტირება. თუმცა ოცნებასაც გააჩნია თავისი "პრაქტიკული გამოყენება" – შემთხვევითი როდია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით ქვეყანას არაერთი მუსიკოსი, მხატვარი და მსახიობი ევლინება. შემოქმედებითი სარბიელი ეს ის ნავსაყუდელია, რომელსაც თევზები თავს სიამოვნებით აფარებენ რეალური ცხოვრების ბორკილებისგან გათავისუფლების მიზნით.
მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ სიმბოლოს და მის ალეგორიულ განმარტებას. კი ბატონო, ორნი ხართ და ამასთან ერთად ერთმანეთს გადაბმული, თანაც სხვადასხვა მიმართულებით მცურავი... მაგრამ გაიხსენეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის საამაყო წარმომადგენელი – უდიდესი გენიოსი ალბერტ აინშტაინი... მან ჭეშმარიტად შეძლო გამოემუშავებინა ცხოვრებაში დინების წინააღმდეგ ცურვის გამოცდილება. რის გამოც მოგვიანებით მადლობას უხდიდა იმ ადამიანებს, ვინც თავის დროზე მის დახმარებაზე უარი თქვა, ან უბრალოდ გულგრილობა გამოიჩინა მის მიმართ.
ზუსტად ასე აღმოჩნდა ბატონი აინშტაინი საბოლოოდ ნაპირზე უწყლოდ დარჩენილი თევზივით პირდაფჩენილი და დასაღუპავად განწირული... მაგრამ სწორედ ამ ფაქტმავე გააღვიძა მასში ის ზემოთ ხსენებული დინების საპირისპიროდ ცურვის უნარი, რომელიც ნებისმიერს გააჩნია, ვინც თევზების ზოდიაქოს ნიშნით ევლინება ქვეყანას. ნეპტუნის გარდა ხომ თევზებს კეთილდღეობის პლანეტა იუპიტერი მფარველობს, რომელიც მზადაა გულუხვად დააჯილდოოს ისინი, ოღონდ დაინახოს, რომ მათ დამოუკიდებლად ცურვის სურვილი გააჩნიათ ცხოვრებაში!