შეჩვეული ჭირი უფრო მისაღებია ვიდრე შეუჩვეველი, თუნდაც დალხინებული ცხოვრება. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ჩვენ ყველანი სხვადასხვა ფსიქოტიპებად ვყალიბდებით, ჩვენი ნაკლითა და ღირსებებით. იგივე ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სახასიათო შტრიხები განაპირობებს ხშირად ჩვენს საქციელს პირად ურთიერთობაში – კომპრომისის უნარს ან უაპელაციო სიჯიუტეს. ასტროლოგები თვლიან, რომ პარტნიორთან განშორებაც სხვადასხვაგვარად გადააქვთ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე. შესაბამისად, რჩევებსაც ამის მიხედვით აძლევენ მათ თუ როგორ გადაიტანონ განშორების ტკივილი, რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება.
რჩევები ტყუპს
პლანეტა მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მფარველად ითვლება ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ანიჭებს ხასიათის ცვალებადობას, რომელიც რიგ შემთხვევაში იქნებ გამაღიზიანებელიც კია ზოგიერთისთვის. მაგრამ, როცა საქმე პირად ცხოვრებას ეხება, სწორედ ეს "ჰაეროვნება" და ორსახოვანი ბუნება ეხმარება ტიპურ ტყუპს იმაში, რომ იმედის გაცრუებას საკმაოდ მოკლე დროში გაუმკლავდეს და "ყოფილის" ღირსეული შემცვლელიც ოპერატიულად იპოვნოს. ტყუპი ცნობისმოყვარე და მრავალმხრივი ინდივიდები არიან, ამიტომ მათთვის დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებზე უფრო ადვილია სიყვარულში მარცხის უმტკივნეულოდ გადატანა. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ტყუპი მომიჯნავე კირჩხიბის ან კუროს გავლენას განიცდის პირად რუკაზე, მას დიახაც, რომ გაუჭირდება ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ასტროლოგები ტყუპს ურჩევენ, გულის გადასაყოლებლად მისთვის ჩვეულ უნიკალურ იუმორის გრძნობას მიმართოს. ტყუპზე უკეთ ხომ არავის შეუძლია ამ ქვეყნად საკუთარ წარუმატებლობას დასცინოს და სხვებიც გულიანად გააცინოს მონათხრობით. კარგი იქნება თუკი მემუარების წერასაც მიჰყოფთ ხელს გულის გადასაყოლებლად. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ტყუპის ზოდიაქოსა და ლიტერატურულ ნიჭს შორის მჭიდრო კავშირია, ჰოდა, რა იცით, იქნებ თქვენმა დღიურებმა ოდესმე ნობელის პრემიას თუ არა მრავალტირაჟიან გამოცემასაც გამოჰკრას ხელი?