ხშირად შეჩვეული ჭირი უფრო მისაღებია ვიდრე შეუჩვეველი, თუნდაც დალხინებული ცხოვრება. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ჩვენ ყველანი სხვადასხვა ფსიქოტიპებად ვყალიბდებით, ჩვენი ნაკლითა და ღირსებებით. იგივე ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სახასიათო შტრიხები განაპირობებს ხშირად ჩვენს საქციელს პირად ურთიერთობაში – კომპრომისის უნარს ან უაპელაციო სიჯიუტეს. ასტროლოგები თვლიან, რომ პარტნიორთან განშორებაც სხვადასხვაგვარად გადააქვთ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე. შესაბამისად, რჩევებსაც ამის მიხედვით აძლევენ მათ თუ როგორ გადაიტანონ განშორების ტკივილი, რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება.
რჩევები ლომს
სიყვარული ლომისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სუბსტანცია და ცხოვრების უმთავრესი არსია. ლომი გულით იმართება, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ სასიყვარულო კავშირებს. თუმცა, ბევრი მათგანისთვის ურთიერთობაში რაოდენობაზე მეტად ხარისხია. შეყვარებული ლომი აქტიური, დინამიკური და სხვების მიმართ უზომოდ კეთილი, დიდსულოვანი ხდება. იმ შემთხვევაში კი, როცა მას პირად ურთიერთობაში პრობლემები აქვს, აჯობებს ახლოს არ გაეკაროს ვინმე. თორემ თუკი თვალში უშნოდ შეეჩხირებით, გამორიცხული არ არის მისი მხრიდან აბსოლუტურად დაუმსახურებელი და არაადეკვატური აგრესიის ობიექტადაც კი იქცეთ.
სიყვარულში წარუმატებლობა ლომს საკუთარი თავის რწმენას უკარგავს. ლომები უზომოდ ამაყი და თავმოყვარე ადამიანები არიან, ამიტომ მისთვის ძნელია აღიაროს ის, რომ მოატყუეს, უღალატეს ან იმედები გაუცრუა ვინმემ. ამიტომ ძალზე ხშირად ხდება ისეც, რომ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ზოგიერთი ლომი უკვე დიდი ხნის "მკვდარ" და არაფრისმომცემ კავშირსაც არ წყვეტს ქორწინების პარტნიორთან მიზეზით – "რას იტყვის ხალხი". ლომისთვის საზოგადოების მხრიდან მისი პერსონის მისამართით სიბრალულის მზერა და ჩურჩულები ყველაზე მომაკვდინებელი რამაა. ამიტომაც ცდილობს ზოგიერთი მათგანი მაქსიმალური მცდელობა არ დაიშუროს პარტნიორული ურთიერთობების გამოსასწორებლად და გადასარჩენად. საყვარელი ადამიანის დაკარგვაზე მეტად, მას სიბრალულის საგნად გადაქცევის პერსპექტივა აშინებს გარშემო მყოფთა თვალში.
ასტროლოგები კი ლომებს ურჩევენ, ნაკლებად გაიღონ მსხვერპლი არაფრისმომცემი ურთიერთობების გადასარჩენად. აჯობებს თქვენთვის ჩვეული იუმორის და სამსახიობო ნიჭის გამოყენებით ძვირფასო ლომებო და აღიაროთ საზოგადოების წინაშე ის, რომ პარტნიორის არჩევაში შეცდით. თუკი თქვენ საკუთარ პრობლემებზე თავად შეძლებთ ღიად იხუმროთ, მერწმუნეთ საზოგადოება თქვენს ამ გამოსვლას დადებითად შეაფასებს და შესაძლოა სამომავლოდ მიმბაძველებიც კი გამოგიჩნდნენ ამ მხრივ.