შეჩვეული ჭირი უფრო მისაღებია ვიდრე შეუჩვეველი, თუნდაც დალხინებული ცხოვრება. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ჩვენ ყველანი სხვადასხვა ფსიქოტიპებად ვყალიბდებით, ჩვენი ნაკლითა და ღირსებებით. იგივე ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სახასიათო შტრიხები განაპირობებს ხშირად ჩვენს საქციელს პირად ურთიერთობაში – კომპრომისის უნარს ან უაპელაციო სიჯიუტეს. ასტროლოგები თვლიან, რომ პარტნიორთან განშორებაც სხვადასხვაგვარად გადააქვთ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე. შესაბამისად, რჩევებსაც ამის მიხედვით აძლევენ მათ თუ როგორ გადაიტანონ განშორების ტკივილი, რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება.
რჩევები ქალწულს
როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა და ინდიფერენტულობისა, რაც ბევრ ქალწულს ახასიათებს, შინაგანად პარტნიორთან განშორების თემას ყველაზე მტკივნეულად და რთულად ზუსტად ეს ადამიანები განიცდიან. ასტროლოგები თვლიან, რომ ქალწულის ნიშანში ჩადებულია თვისება, რომელიც შეგვიძლია ნარკოდამოკიდებულების სინდრომს შევადაროთ.
ფხიზელი გონების წყალობით, რომელიც ქალწულებს გააჩნიათ ეს ხალხი მარტივად არასოდეს იღებს არაფერს ახალს ცხოვრებაში – არც მოვლენებს, არც ადამიანებს ისინი იოლად არ უშვებენ ახლოს. თუმცა, თუკი ხანგრძლივი აწონ-დაწონვისა და დეტალური "სკანირების" შემდგომ მათ ინტერესის ობიექტთან დაახლოება საბოლოოდ გადაწყვიტეს, ეს ურთიერთობა ქალწულისთვის ფაქტობრივად სისხლხორცეული და ორგანული ხდება. ამიტომ თუკი მიზეზთა და მიზეზთა გამო, სამომავლოდ მას მაინც მოუწია საყვარელ ადამიანთან დაშორება ქალწული ხანგრძლივ ემოციურ "კოლაფსში" ვარდება და დამოკიდებული ხდება ემოციურად ყოფილზე, ისევე როგორც ნარკომანი ნარკოტიკზე.
ამ შემთხვევაში საქმე გრძნობების სიძლიერეში კი არა, შეჩვევაშია. ქალწულები ბუნებით "აჩემება" ადამიანები არიან. მათ ახასიათებთ კომფრტული და საყვარელი ნივთების მიმართ მიჯაჭვულობა, იგივე მოსდით პარტნიორთან მიმართებაშიც, თუკი ეს უკანასკნელი რაღაც კუთხით მაინც უქმნიდა მას გარკვეულ კომფორტს.
ასტროლოგები ქალწულს ურჩევენ, საკუთარ თავზე სწორედ ამ კუთხით იმუშაონ. ნებისმიერი ქალწულისთვის მნიშვნელოვანია იმის სწავლა და გაცნობიერება, რომ ამქვეყნად არავინ, არავის არ ეკუთვნის. შესაბამისად, პარტნიორთან განშორებაც მათთვის ქვეყნის დასასრულს კი არა, ახალ შანსებსა და პერსპექტივებს გულისხმობს. ქალწულს უძნელდება სიახლეების მარტივად მიღება, ამის გამო იგი ხანგრძლივად იტოვებს სახლში რელიკვიად "ყოფილის" ნივთებს, რაც ასევე აბსოლუტურად არასწორი საქციელია.
ყველაზე ნაცადი ხერხი საიმისოდ, რომ განშორების ტკივილი ადვილად გადააგოროთ ძვირფასო ქალწულებო, არის ის, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლოთ საკუთარი ბინა, გონება და გული პარტნიორის ნივთებისა და მასზე ფიქრისგან. დაკავდით საქმით, ისეთით რომელიც დეტალურ და მუყაით მუშაობას მოითხოვს. ასეთი საქმიანობა თქვენთვის გულის გადაყოლების იდეალური გზაა. არანაკლებ გარგებთ იოგა ან წყლის პროცედურები. ასე გაცილებით მარტივად შეძლებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, სადაც წარსულისთვის ადგილი უბრალოდ აღარ დარჩება.