ხშირად შეჩვეული ჭირი უფრო მისაღებია ვიდრე შეუჩვეველი, თუნდაც დალხინებული ცხოვრება. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ჩვენ ყველანი სხვადასხვა ფსიქოტიპებად ვყალიბდებით, ჩვენი ნაკლითა და ღირსებებით. იგივე ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სახასიათო შტრიხები განაპირობებს ხშირად ჩვენს საქციელს პირად ურთიერთობაში – კომპრომისის უნარს ან უაპელაციო სიჯიუტეს. ასტროლოგები თვლიან, რომ პარტნიორთან განშორებაც სხვადასხვაგვარად გადააქვთ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე. შესაბამისად, რჩევებსაც ამის მიხედვით აძლევენ მათ თუ როგორ გადაიტანონ განშორების ტკივილი, რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება.
რჩევები სასწორს
სასწორის ზოდიაქოს ნიშანი პლანეტა ვენერას მმართველობაშია, ამიტომ სასწორებისთვის სიყვარულსა და რომანტიკას უდიდესი დატვირთვა აქვს ცხოვრებაში. როგორც წესი, სასწორს კონკრეტულ ადამიანზე მეტად თავად სიყვარული და ის მდგომარეობა უყვარს, რომელიც შეყვარებულობას მოაქვს. ბუნებით რომანტიკულია და ყოველთვის აქვს სურვილი იყოს აღტაცებისა და თაყვანისცემის ობიექტი. მისთვის სიყვარული ურთიერთობის პატარ-პატარა ნიუანსებში ვლინდება: სეირნობა, ლამაზი ვახშამი, დახვეწილი საჩუქრები, საერთო გატაცება და ინტერესები, ინტელექტუალური საუბრები მთვარის შუქზე და ა.შ.
აქედან გამომდინარე, როცა ურთიერთობა ფუჭდება და ეს ჰარმონია რღვევას იწყებს, სასწორი თავს ქაოსში მოხვედრილად აღიქვამს. მისი შინაგანი სამყარო ირევა და უჭირს დაალაგოს როგორც ემოციები, ისე სიტუაცია თავის გარშემო. სასწორის ფსიქოლოგიაში არ შედის აგრესიული დევნა, ჩხუბი და დრამატული სასიყვარულო გარჩევები. მას არ შეუძლია უხეშობისა და ცინიკური რეპლიკების ატანა. ამიტომ განშორების პერიოდს თუკი იგი გარკვეული კონფლიქტების თანხლებით მიდის სასწორის ფსიქიკაზე სერიოზული ზემოქმედება შეუძლია.
ასტროლოგები ურჩევენ სასწორს, ასეთ შემთხვევაში თავი აარიდოს ყოფილთან ხმაურიან გარჩევებს, დატოვოს სიტუაცია იმ კონდინციაზე, რომელზეც არის და ნაკლებად დაუბრუნდეს წარსულის "ქექვას". დაკავდეს საყვარელი საქმით ან ჰობით. არ ჩაიკეტოს საკუთარ თავში და არ დაკარგოს რწმენა იმისა, რომ ამქვეყნად რეალურად არსებობს ლამაზი, რომანტიკული ურთიერთობები.
ხშირად ეკონტაქტოს ადამიანებს და ნაკლებად გაიხსენოს წარუმატებელი რომანი. თუკი სასწორი შეეცდება შინაგანი წონასწორობა სიმშვიდის და არაკონფლიქტური გარემოს მეშვეობით აღიდგინისო, იგი მოკლე დროში დაიბრუნებს მისთვის ჩვეულ შარმს და არაჩვეულებრივ ღიმილს, რომელიც მისკენ თაყვანისმცემლების არმიას იზიდავს.