ზოგიერთისთვის ხშირად შეჩვეული ჭირი უფრო მისაღებია ვიდრე შეუჩვეველი, თუნდაც დალხინებული ცხოვრება. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ჩვენ ყველანი სხვადასხვა ფსიქოტიპებად ვყალიბდებით, ჩვენი ნაკლითა და ღირსებებით. იგივე ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სახასიათო შტრიხები განაპირობებს ხშირად ჩვენს საქციელს პირად ურთიერთობაში – კომპრომისის უნარს ან უაპელაციო სიჯიუტეს. ასტროლოგები თვლიან, რომ პარტნიორთან განშორებაც სხვადასხვაგვარად გადააქვთ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე. შესაბამისად, რჩევებსაც ამის მიხედვით აძლევენ მათ თუ როგორ გადაიტანონ განშორების ტკივილი, რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება.
რჩევები თევზს
თევზების ზოდიაქო პლანეტა ნეპტუნის გავლენის ქვეშაა, რომელიც თავის მხრივ ამ ადამიანებს სენსიტიური ბუნებით, ემოციურობითა და კარგი ინტუიციით აჯილდოებს. ამიტომ თევზი ყოველთვის გრძნობს გულით, ვისგან რა საფრთხე შეიძლება მოდიოდეს. თუმცა თანამმართველი პლანეტა იუპიტერიდან გამომდინარე, რომელიც ქუდბედიანობასთან ერთად თევზებს ადამიანებისადმი კეთილგანწყობასა და რწმენას ანიჭებს, ხშირად ხდება ისე, რომ თევზი უბრალოდ იტყუებს თავს ამა თუ იმ ურთიერთობაში. იმედოვნებს რა, რომ პარტნიორი, რომელიც საკუთარი საქციელით დიდი ხანია აზიანებს და აღიზიანებს თავისით მიხვდება ერთ მშვენიერ დღეს ჩადენილ შეცდომებს.
ემოციური ბუნებიდან გამომდინარე, თევზები ნებისმიერი კონფლიქტისას უხმოდ, მაგრამ ძალიან იტანჯებიან. თევზს არ ახასიათებს გრძნობების დრამატული გამოხატულება. ამიტომ ხშირად იგი უბრალოდ მოწყენილია ან მარტოობას არჩევს, როცა შინაგანად დისკომფორტს და სევდას განიცდის.
იმის გამო, რომ თევზები დაჯილდოებულნი არიან ადამიანების სულში წვდომის და კარგი ფსიქოლოგიური ხედვის უნარით, ხშირად მას სხვები მიმართავენ პირიქით საკუთარი პრობლემებისა და ემოციების გასაზიარებლად. თევზი კარგი მსმენელია, ამასთან ერთად იგი არასოდეს განიკითხავს არავის. შესაბამისად, ასეთ ადამიანთან საკუთარ პრობლემებსა და შეცდომებზე ღიად საუბარი, ბევრს ეადვილება. თუმცა თავად თევზები, იშვიათად ახერხებენ ვინმეს გული გადაუშალონ. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ ხასიათში არ ზის საყოველთაო აჟიოტაჟის შექმნის სურვილი საკუთარი განცდების გამო.
ასტროლოგები ურჩევენ თევზებს, დროულად შეაჩერონ ნგრევის პროცესი, როცა ატყობენ, რომ ურთიერთობები პარტნიორთან ჩიხში შედის. აუცილებელი არა არის თევზივით "პირში წყალჩაგუბებული" ელოდოთ იმას, რომ ოდესმე თქვენი მეორე ნახევარი გონს მოეგება და საკუთარ შეცდომებს თავად აღიარებს. ისწავლეთ უკმაყოფილების გამოხატვა, ასე გაცილებით გაიოლდება თქვენთვის ნებისმიერი პარტნიორული ურთიერთობა. თუმცა, თუკი მაინც აღმოჩნდებით განშორების ზღვარზე, ნუ მიიჩნევთ ამას სამყაროს აღსასრულად და ნუ დაუმეგობრდებით ალკოჰოლს, როგორც ყველაზე უპრეტენზიო და გამგებიან თანამოაზრეს. თავი ხელში აიყვანეთ და საკუთარი ნიჭი, იყოთ სხვების ტკივილისა და სევდის გამზიარებელი დადებითი კუთხით გამოიყენეთ. ისაუბრეთ თქვენს ემოციებზე, ეს სამომავლოდ საშუალებას მოგცემთ შიშებისგან გათავისუფლდეთ და გაცილებით მალე მოახერხოთ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, ახალი და უკვე წარმატებული ურთიერთობის დასაწყებად.