რომელი პლანეტაა თქვენი მფარველი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და რა თვისებებით გაჯილდოებთ იგი

რომელი პლანეტაა თქვენი მფარველი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და რა თვისებებით გაჯილდოებთ იგი

ნებისმიერ ნიშანს კონკრეტული პლანეტა მართავს. ზემოხსენებული პლანეტები კი საკუთარ "ხასიათს" და გავლენის სფეროებს ფლობენ, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანის პიროვნულ თვისებებსა და ფსიქოლოგიურ მახასიათებლებზე. მინდა ამ სტატიაში მოკლედ გაგაცნოთ თქვენი პლანეტები, მათი ღირსება და ნაკლი და იმ თვისებებზეც ვისაუბროთ, რაც მათი გავლენით ნეგატიურ გამოვლინებებსაც იძლვა.

ვერძს მარსი მართავს – აგრესიის, ომისა და კონფლიქტების პლანეტა. ამიტომ ვერძები ფიცხები და ფეთქებადები არიან. თუმცა, მარსი ასევე მოქმედებას, დინამიკასა და სასიცოცხლო ენერგიასაც განასახიერებს. შესაბამისად, ვერძები ოპტიმიზმით სავსე, მოუსვენარი და ძალზე სიცოცხლისუნარიანი ხალხია.

კუროს ვენერა მართავს – ვენერა, გარდა სიყვარულისა და მშვენიერებისა კვების, სიამოვნებისა და ხორციელი სიამოვნების სფეროებსაც "კურირებს". ამიტომ კუროს შემთხვევაში იგი გურმანული თვისებებით, კომფორტისადმი სიყვარულით და რომანტიკოსის ხასიათით ვლინდება.

ტყუპის მმართველი პლანეტა მერკურია. ღმერთების "ფრთოსანი მალემსრბოლი" – გახსოვთ ალბათ, მერკური "ფეხფრთიანი" ღმერთია. შესაბამისად, ტყუპიც ქარივით სწრაფი, პლასტიკური და მოუსვენარი არსებები არიან. მათ უყვართ ლაპარაკი, ინფორმაციის მიღება-გადაცემა-გაზიარება და მუდმივად ეჩქარებათ სადღაც.

კირჩხიბს მთვარე მართავს – ქალური ენერგეტიკის, ემოციების და ცვალებადობის მქონე პლანეტა. შესაბამისად, კირჩხიბები ბუნებით სენსიტიური, უზომოდ ინტუიციური და ხასიათცვალებადი ტიპაჟები არიან. მათ უჭირთ რეალობასთან შეგუება და ახასიათებთ განწყობის ხშირი ცვლა.

ლომის მმართველი მზეა. ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ყოველთვის მზესავით ბრწყინვა სწადიათ. მზის ენერგია ყველას ათბობს, ამიტომაცაა, რომ ლომებს უზომოდ დიდი გული აქვთ და ყოველთვის გააჩნიათ სურვილი ირგვლივმყოფები სიყვარულითა და სითბოთი მოამარაგონ.

ქალწულის მმართველი ისევე როგორც ტყუპის, პლანეტა მერკურია. თუმცა, ასტროლოგები ზოდიაქოს ამ ნიშნის "თანამმართველის" სტატუსს ცერერასაც ანიჭებენ. შესაბამისად, მერკური-ცერერას დუეტი იძლევა კარგ ანალიტიკურ გონებას, წვრილმანებისადმი ყურადღებიანობას, მოწესრიგებულობასა და შრომისუნარიანობას. რაც ქალწულს ნამდვილად გააჩნია.

სასწორის მმართველი, მსგავსად კუროსი არის პლანეტა ვენერა. თუმცა, ეს პლანეტა სასწორთან საკუთარ ესთეტიზმს გაცილებით მძლავრად ავლენს სასწორისეული ჰაეროვნების გამო. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ვენერა ვიზუალური მომხიბვლელობით, დახვეწილი გემოვნებით, პოეტურობითა და ჰარმონიის სიყვარულით აჯილდოებს.

მორიელის მმართველი პლანეტა პლუტონია. ქვესკნელისა და მკვდართა სამეფოს გამგებლის ჰადესის ასტროლოგიური სინონიმი. პლუტონი ტრანსფორმაციის უნარს, გასაოცარ გამძლეობასა და საოცარ სიმამაცეს ანიჭებს მორიელებს. ხოლო თანამმართველი პლანეტა მარსი ამ ხალხს ბრძოლისუნარიანობისკენ, რისკის სიყვარულისა და კონფლიქტურობისკენ აქეზებს ხოლმე.

მშვილდოსნის მმართველი პლანეტა იუპიტერია. მასშტაბების, გაფართოებისა და წარმატების მომტანი პლანეტა. იუპიტერი მშვილდოსნებს ქუდბედიანობით, უშრეტი ოპტიმიზმით, ქარიზმატულობითა და ხეტიალისადმი სიყვარულით აჯილდოებს. მათ მიმართ საზოგადოება ყოველთვის კეთილგანწყობილია, სწორედ მმართველი პლანეტის პოზიტიური გავლენის გამო.

თხის რქა პლანეტა სატურნის მმართველობის ქვეშაა. სატურნი დისციპლინის, ასკეტიზმის, მკაცრი ჩარჩოებისა და დოგმატიზმის პლანეტაა. თუმცა, მას აქვს დიდი პლიუსიც – იგი ყოველთვის აჯილდოებს მშრომელ ადამიანებს. თხის რქებიც მხოლოდ მუხლჩაუხრელი შრომით ახერხებენ დიდ სიმაღლეებზე ასვლას. თუმცა, სატურნისვე გავლენით მათ საამისოდ სიჯიუტე, ამტანობა და საოცარი გამძლეობაც უმაგრებთ ზურგს.

მერწყულის მმართველი პლანეტა ურანია, რომელსაც ასტროლოგები ორსახოვნებასა და ბისექსუალური ენერგეტიკის ქონას მიაწერენ. ურანის გავლენით მერწყული ჰუმანისტი, კოსმოპოლიტურად მოაზროვნე ინდივიდია. მას არ გააჩნია გამოკვეთილად კეთილი ან ბოროტი ხასიათი. თუმცა, შეუძლია საზოგადოება შოკში ჩააგდოს საკუთარი გამოხდომებით, მარტოოდენ იმიტომ, რომ ამბობს იმას, რასაც ფიქრობს.

თევზების მმართველად პლანეტა ნეპტუნი ითვლება – უმაღლესი ინტუიციის, მისტიციზმის, ბუნდოვანებისა და მაღალი სულიერების "კურატორი" პლანეტა. ამიტომ თევზებს მუდმივად გააჩნიათ სურვილი გაექცენ რეალობას და თავი გაცილებით უფრო საინტერესო სამყაროს შეაფარონ. მათგან კარგი ფსიქოლოგები გამოდიან სწორედ ნეპტუნის გავლენის დამსახურებით.