იცოდით, რომ ზოდიაქოს ნიშნების მსგავსად, თითოეულ თვეს თავისი მფარველი ხე ჰყავს? ძველი კელტური ტრადიციების თანამედროვე ინტერპრეტაციით, დაბადების თვის მიხედვით განსაზღვრული ხე ბევრს ამბობს ადამიანის ხასიათზე, ენერგიასა და ცხოვრებისეულ გზაზე.
Urban Garden Center NYC-ის კრეატიული დირექტორი, სარა გატანასი, გვიზიარებს 12 სიმბოლურ ხეს და გვირჩევს, როგორ მოვუაროთ მათ, თუკი გადავწყვეტთ, რომ ჩვენი „მფარველი“ სახლში ან ბაღში გავახაროთ.
იანვარი – არყის ხე
სიმბოლო: განახლება და ახალი დასაწყისი. იანვარში დაბადებულების სიმბოლოდ თეთრი ან მდინარის არყის ხე მიიჩნევა. ბუნებაში ისინი ნესტიან ტყეებსა და მდინარის პირებზე იზრდებიან.
მოვლა: თეთრ არყს გრილი ნიადაგი და ფესვების ჩრდილში ყოფნა უყვარს. მდინარის არყი კი უფრო ამტანია და მისი გაზრდა ქალაქის პირობებში, დიდ ქოთნებშიც კი არის შესაძლებელი.
თებერვალი – ცირცელი
სიმბოლო: დაცვა და ინტუიცია. ეს ხე ბუნებრივად მთებსა და ჩრდილოეთის ტყეებში გვხვდება.
მოვლა: ექსპერტების თქმით, ცირცელს არ უყვარს სიცხე. მისი გახარება ქოთანში რთულია, ამიტომ უმჯობესია ღია გრუნტში, გრილ ადგილას დაირგოს.
მარტი – იფანი
სიმბოლო: ზრდა და ტრანსფორმაცია. მარტის ხე სიცოცხლისუნარიანობის სიმბოლოა და ბუნებაში მდიდარ, ნოყიერ ნიადაგებზე ხარობს.
მოვლა: იფანი ძალიან სწრაფად იზრდება და დიდი ვარჯი (ტოტები) აქვს. თუ მის დარგვას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ მას ბევრი თავისუფალი სივრცე სჭირდება.
აპრილი – მურყანი
სიმბოლო: ძალა და გამძლეობა. აპრილის სიმბოლო ნესტიან ადგილებში, მდინარეებთან და დაჭაობებულ მიწებზე გრძნობს თავს საუკეთესოდ.
მოვლა: მისი წარმატებული გაზრდის მთავარი საიდუმლო მუდმივი ტენიანობაა. არ დაუშვათ ნიადაგის გამოშრობა.
მაისი – ტირიფი
სიმბოლო: ინტუიცია და მოქნილობა. მაისის თვის ეს მშვენება წყლის გარეშე წარმოუდგენელია – ის ტბებისა და მდინარეების ნაპირების ბინადარია.
მოვლა: ტირიფს სჭირდება ბევრი წყალი და დიდი სივრცე, რადგან მისი ფესვთა სისტემა ძალიან ფართოდ და აქტიურად ვრცელდება მიწაში.
ივნისი – კუნელი
სიმბოლო: სიყვარული და დაცვა. ეს კომპაქტური ხე იდეალურია მათთვის, ვისაც დიდი ბაღი არ აქვს.
მოვლა: კუნელი თავს კარგად გრძნობს ღია ტყისპირებში. ის მშვენივრად ეგუება პატარა სივრცეებს და შეგიძლიათ დიდ კონტეინერებშიც კი გაახაროთ.
ივლისი – მუხა
სიმბოლო: სიძლიერე და სტაბილურობა. ივლისის სიმბოლო ხეთა მეფე – მუხაა. ის სიმტკიცისა და დიდხანს სიცოცხლის სიმბოლოა.
მოვლა: მუხას ღრმა ფესვები აქვს და ძალიან დიდ ზომებს აღწევს, ამიტომ მას აუცილებლად დიდი სივრცე და მუდმივი ადგილი სჭირდება ბაღში.
აგვისტო – ჭყორი
სიმბოლო : გამძლეობა და თავდაცვა. ეს მცენარე მარადმწვანეა და ზამთარშიც კი ინარჩუნებს სილამაზეს.
მოვლა: ჭყორის გაზრდა შესაძლებელია როგორც ქოთნებში, ისე ცოცხალ ღობედ. ის არაჩვეულებრივია ვერტიკალური დეკორაციებისთვის.
სექტემბერი – თხილი
სიმბოლო : სიბრძნე და შემოქმედება. სექტემბრის სიმბოლო ეს მრავალღეროიანი ბუჩქია, რომელიც ტყის პირებში იზრდება.
მოვლა: თხილი საკმაოდ პრაქტიკული მცენარეა – ის თანაბრად კარგად ხარობს როგორც ღია გრუნტში, ისე დიდ საკონტეინერო ქოთნებში.
ოქტომბერი – ვაზი
სიმბოლო: ბარაქა და ვნება. ოქტომბრის ადამიანები, ვაზის მსგავსად, სიცოცხლის მოყვარულები არიან.
მოვლა : ვაზს სჭირდება ბევრი მზე და მყარი საყრდენი, რათა აცოცდეს. მისი გაზრდა შესაძლებელია აივანზე, დიდ ქოთნებშიც.
ნოემბერი – სურო
სიმბოლო: კავშირი და შეუპოვრობა. სურო ყველაფერს ეჭიდება და გადარჩენის საოცარი უნარი აქვს.
მოვლა: ის იდეალურია ვერტიკალური გამწვანებისთვის. შეგიძლიათ ააცოცოთ კედლებზე, ხეებზე ან გაზარდოთ დაკიდებულ ქოთნებში.
დეკემბერი – ანწლი
სიმბოლო : ფიქრი და განახლება. წლის ბოლო თვის სიმბოლო სწრაფად მზარდი ბუჩქია, რომელიც ტენიან ნიადაგს ამჯობინებს.
მოვლა: ანწლი შეგიძლიათ გაზარდოთ როგორც ბაღში, ისე დიდ კონტეინერებში. მას უყვარს ნესტი და მინდვრის პირები.
ასტროლოგები და მებაღეები შეთანხმდნენ – თუ თქვენი დაბადების თვის ხეს სახლში ან ბაღში დარგავთ, ის თქვენი ენერგიის გაძლიერებასა და სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ.