პატარა თევზებს როგორც წესი გამჭვირვალე ლურჯი, მწვანე ან ნაცრისფერი თვალები აქვთ. შავგვრემანები მათ შორის იშვიათად გვხვდებიან და თუ მაინც გვხვდებიან, აუცილებლად სახესთან შედარებით გამკვეთილი, ფართო ჭრილის მქონე თვალებით. ისინი ერთი შეხედვით, საბავშვო ზღაპრის წიგნში დახატულ ელფებს ჰგვანან და თავადაც არანაკლებ უყვართ ზღაპრები. თუმცა, თუ რეალური ცხოვრების ზღაპრულისგან გამიჯვნას, პატარა ასაკიდანვე დელიკატურად არ მიაჩვევთ, შესაძლოა, მისგან უპასუხისმგებლო ადამიანი გაიზარდოს, რომელიც საკუთარ პრობლემებს ყოველთვის სხვას გადააბრალებს და მუდმივად თავის შეცოდებაში იქნება!
ნუ ინერვიულებთ, თუ თქვენი შვილი სიარულს სხვა თანატოლებზე გვიან დაიწყებს. გაითვალისწინეთ, რომ თევზებისთვის საკმაოდ რთულია მიეჩვიონ "საკუთარ ფეხზე დგომას", როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით! სამაგიეროდ, თუ თქვენს თანადგომასა და მხარდაჭერას ხშირად დაუფიქსირებთ, პატარა თევზი ნელ-ნელა ისწავლის "დამოუკიდებლად ცურვას" ცხოვრების დიდ მდინარეში.
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ბავშვების უმრავლესობა, როგორც წესი, რაიმე სახის შემოქმედებითი ნიჭითაა დაჯილდოებული. თუმცა, თუ მასში პატარაობიდანვე არ განავითარებთ ამ ნიჭის შესაბამის კონკურენციის უნარს და საკუთარი თავის რწმენას, სამომავლოდ მას ძალიან გაუჭირდება საკუთარი მონაცემების შესაბამისად გამოყენება. რადგან ბუნებით ძალიან მგრძნობიარე და ემოციურია, პატარა თევზი ხშირად შეეცდება თქვენთვის სასიამოვნო საქციელი ჩაიდინოს. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ გახსოვდეთ ისიც, რომ თევზები ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ. ამიტომ, შეეცადეთ, ბავშვს ასეთმა მაამებლურმა ჩვევებმა საკუთარი ინდივიდუალობა არ დააკარგვინოს!