- მზე თავის ჭეშმარიტ სამყოფელში ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს, სადაც იგი უახლოეს ერთ თვეს დაჰყოფს. ლომის ზოდიაქოს როგორც უკვე აღვნიშნეთ, მზე მართავს. ამიტომ ამ პერიოდში ქვეყანას გამოკვეთილი ეგოს მქონე, დიდი გულისა და კიდევ უფრო დიდი ამბიციების პატრონი, ამაყი და საოცრად დიდსულოვანი ხალხი ევლინება. ლომებს უყვართ უფროსობა და მეფობა, თუ ნამდვილ სამეფო ტახტზე მჯდომებს არა, საყვარელი ადამიანების გულებში მაინც. ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარ იმიჯს, განიცდიან იმას თუ რას ფიქრობენ მათზე სხვები, თუმცა ამას არასოდეს აღიარებენ რეალურად. როგორც მამაკაცი, ისე ქალი ლომი თანდაყოლილი არტისტული მონაცემებით, ბავშვურობით და სიცოცხლის უზომო სიყვარულითაა გამორჩეული. ისინი ყოველთვის ახერხებენ იყვნენ გამორჩეულნი საზოგადოებაში, ჯერ კიდევ ბავშვობის პერიოდიდან , თუმცა თუკი მათ ამის საშუალებას არ აძლევენ, ხშირად გულჩათხრობილ მოზარდებად იზრდებიან, მანამ სანამ თავს ნამდვილ ადგილს იპოვნიან ცხოვრებაში.
ლომის ზოდიაქო სამედიცინო ასტროლოგიის მიხედვით გულით იმართება. ამიტომ ლომები ამქვეყნად ყველაფერს გულით აკეთებენ - უყვართ გულით, შრომობენ მთელი გულით, მტრობენ ასევე მთელი არსებით. მართალია, ლომი ცეცხლის ნიშანია და მას ზოგადად ბოღმიანობა არ ახასიათებს, თუმცა, გამოკვეთილი სიამაყისა და უზომოდ დიდი თავმოყვარეობის გამო ლომები საკმაოდ საშიში მტრები არიან თავიანთი ოპონენტებისთვი ს.
ცეცხლის ნიშნის სამ წარმომადგენელს შორის ლომი ყველაზე უფრო დაბალანსებული, წინდახედული და ჭკვიანია. იგი საკმარისი დოზით ფლობს ცეცხლოვან ტემპერამენტს და ბრძოლისუნარიანობას, თუმცა იშვიათად იფუჭებს რეპუტაციას და იმიჯს დაუფიქრებელი საქციელის ან სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებების გამო.
ლომები კარგი სტრატეგები და შესანიშნავი ორგანიზატორები არიან. მათთვის მარტივია ლიდერობა. შესაბამისად, ბევრი მათგანი ესწრაფვის და აღწევს კიდეც ხელმძღვანელ თანამდებობებს. ლომის ბუნება შესანიშნავად ითავსებს მმართველის, ორგანიზატორის და მფარველის ფუნქციას. რაც უფრო მეტ ხალხს პატრონობს, ლომი მით უფრო ამაყი და ბედნიერია. ასე აღიქვამს იგი თავს ჭეშმარიტ მეფედ.
ზოდიაქოს ამ ნიშნით სამყაროს ბევრი ცნობილი მსახიობი, მომღერალი და შოუ-ბიზნესის მოღვაწე მოევლინა. ლომის ზოდიაქო ხომ ჰოროსკოპის მეხუთე სახლს განაგებს, რაც თავის მხრივ გართობას, სანახაობას შეესაბამება. ამასთან ერთად, ლომებს უყვართ და ადვილად გამოსდით საზოგადოების წინაშე საკუთარი ნიჭის დემონსტრირება. შესაბამისად, იყოს საჯარო და ცნობადი ფიგურა, ლომისთვის სავსებით ბუნებრივი მდგომარეობაა.
პირად ცხოვრებაში ლომების დიდი ნაწილი პარტნიორისგან პატივისცემასა და თაყვანისცემას ითხოვს. ისინი მხურვალე საყვარლები, რომანტიკული მეორე ნახევრები და ავტორიტეტის მქონე მშობლები არიან . გამომდინარე იქედან, რომ ლომი გულით იმართება და მას ჰოროსკოპის მეხუთე (სიყვარული, სანახაობები, ბავშვები) სახლი შეესაბამება, ლომისთვის მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელი სუბსტანციაა სიყვარული. ამიტომ თუკი შეყვარებული არაა, ლომი ყველა დადებით თვისებას ერთდროულად კარგავს. ზუსტად ამით აიხსნება ის ფაქტი, რატომ ქმნიან ლომის ნიშნით დაბადებულები ცხოვრებაში არა ერთ არამედ რამდენიმე ოჯახს. ყოველ ჯერზე ლომებს ახალი პარტნიოირი, ახლებურად უყვართ.
ეს არის კეთილი, თუმცა ერთი შეხედვით ამაყი და გოროზი ხალხი. მართალია, ხშირად უხეშობა და უტაქტო გამოხდომებიც ახასიათებთ, მაგრამ მათ გულში ყოველთვის მოიძებნება ადგილი თანადგომისთვის. ლომს არ უყვარს ბოდიშის მოხდა, შესაბამისად, ცდილობს საკუთარი შეცდომები საქციელით და გულუხვობით გადაფაროს. ამიტომ ნურასოდეს აიძულებთ მათ მუხლზე დადგომას. თუკი ამ ადამიანს სიყვარულითა და სითბოთი მოეპყრობით, ხშირად შეაქებთ და წაახალისებთ, მისი სახით უერთგულეს მეგობარს და მფარველს შეიძენთ მთელი ცხოვრების მანძილზე, რომელიც ნებისმიერ განსაცდელს ყოჩაღად დაუპირისპირდება საყვარელი ადამიანების გამო, მათთვის ვისაც მისი ნამდვილად სჯერა.