ვინ არიან მორიელები?

ვინ არიან მორიელები?

ჰარმონიული და რომანტიკული სასწორის ზოდიაქო ზუსტად ერთი წლის ვადით დატოვა და ძალაუფლებისმოყვარული, მანიპულატორი და უკიდურესობებით აღსავსე მორიელის ზოდიაქოს მიაშურა. მორიელის ზოდიაქოს ერთბაშად ორი, ძლევამოსილი პლანეტა მართავს - პლუტონი და მარსი, რის ხარჯზეც ადამიანები, რომელთაც ბედმა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის პირველ ნახევრამდე არგუნა დაბადება მებრძოლი სულით, გასაოცარი ფსიქოლოგიური სიძლიერით, მანიპულაციისა და სხვების მართვის ნიჭით, კარგი ექსტრასენსორული შესაძლებლობებით და რთულზე რთული ხასიათით არიან დაჯილდოებულნი.

მე პირადად, არ მინახავს პრაქტიკაში მორიელი, რომელიც სიამოვნებით არ ისმენს საკუთარ თავზე ეპითეტს "პრობლემური", "რთული", "მძიმე ხასიათის", "უჟმური". დიახ, მორიელებს ხშირად ბევრისთვის ძნელად გასაგები და აუტანელი ხასიათი აქვთ. თუმცა, ეს ადამიანები არასოდეს ცდილობენ მოერგონ საზოგადოებას და მით უმეტეს, რევერანსები უკეთონ ვინმეს. ისინი გამოკვეთილი პრინციპულობით, შურისმაძიებლობით და ცივი გონებით დააჯილდოვა ბუნებამ. მათთვის მარტივია ცხოვრება სირთულეებით, ამიტომ როგორც წესი, წყნარი და იოლი გზებით სვლა არც ერთ მორიელს არ იზიდავს. მეტიც - ისინი ზოგჯერ თავად ცდილობენ საკუთარი ცხოვრების არევას, მარტოოდენ იმიტომ, რომ რუტინა მათზე მომაკვდინებლად მოქმედებს და მშვიდად ყოფნა, ნებისმიერი მორიელისთვის უბრალოდ დამღუპველია.

მორიელის ზოდიაქოს ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით, საინტერესო ლეგენდა შეესაბამება. პოსეიდონის შვილს, გოლიათ ორიონს ამქვეყნად თავისი მომრევი არავინ ეგონა. იგი ხშირად ტრაბახობდა და იწონებდა თავს საკუთარი ფიზიკური სიძლიერით და ჩინებული მონადირეობით. რის სადემონსტრაციოდაც ზოგჯერ უდანაშაულო ცხოველებს სასტიკად უსწორდებოდა. ამგვარი საქციელით გაღიზიანებულმა ქალღმერთმა არტემიდემ მის დასასჯელად ერთი შეხედვით პატარა, მაგრამ შხამიანი და ჭკვიანი მორიელი გააგზავნა, რათა ამ უკანასკნელს თავხედი ორიონისთვის სამუდამოდ ესწავლებინა ჭკუა და ყოყლოჩინა მონადირეც, ზუსტად მორიელის ნაკბენითვე დაიღუპა. მას შემდეგ ცაზე მოათავსეს ღმერთებმა მორიელი, ყველა თავხედისა და მკვეხარას გასაფრთხილებლად.

პლანეტა პლუტონი, რომელიც მორიელის ზოდიაქოს მართავს, ასტროლოგიურად ტრანსფორმაციაზე, ირეალურზე, ზღვარსმიღმა მოვლენებსა და გარდაცვალებაზე (მკაფიო სახეცვლილებაზე) აგებს პასუხს. აი, რატომ არ აქვთ მორიელებს ერთი და იმავეს ატანის უნარი და როგორც გველი იცვლის ტყავს, ისინიც გამუდმებით ტყავის ცვლაში არიან. პლუტონი ბნელეთის სამეფოს მბრძანებელია, იგი მართავს ასტროლოგიაში სიკვდილისა და მასობრივი კატაკლიზმების, ომების, რევოლუციების თემას. შესაბამისად, მორიელებს სისხლში აქვთ გამჯდარი მისეული ტრანსფორმაციის ნიჭი . ნებისმიერი მორიელი ცხოვრებაში ხომ რამდენჯერმე "კვდება და იბადება", როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად და ყოველი ეს "გამოღვიძება/დაბადება" მათთვის ახალი ცხოვრების დასაწყისია.

მორიელებს უყვართ ბრძოლა და ნგრევა, რისკენაც მათ თანამმართველი მარსის გავლენა უბიძგებს. მარსი ომის, აგრესიისა და სისასტიკის ღმერთია, ნუ დაგვავიწყდება. ჰოდა, მორიელებიც გამოირჩევიან შინაგანად სისატიკითა და ბრძოლისუნარიანობით. ამასთან ერთად, მარსი მათში დესტრუქციულ ბუნებასაც აღვიძებს, რის გამოც მორიელი ხშირად ქვეცნობიერი იმპულსის კარნახს მიჰყვება და ანგრევს ყველაფერს, დაწყებული საკუთარი თავით, დასრულებული გარშემო მყოფების ფსიქიკით და პირადი ურთიერთობებით. დიახ, მორიელებს უყვართ ნგრევა, მაგრამ არა უმიზეზოდ. ისინი მხოლოდ ფორმას არ კმაყოფილდებიან, ეძებენ აზრს და სულს. შესაბამისად, ნებისმიერი მოვლენა თუ პიროვნება ბოლომდე უნდა "გამოფატრონ" ემოციურად, რათა საბოლოოდ შეულამაზებლად და უნიღბოდ დაინახვონ ყველაფერი.

ზოდიაქოს ამ ნიშნით უკიდურესობებით გამორჩეული ხალხი იბადება. მორიელისთვის ფაქტობრივად არ არსებობს ოქროს შუალედი ცხოვრებაში. თუ შრომობს გულსა და სულს დებს ამაში, თუ გაზარმაცდა, უდიდეს და უჭკვიანეს პარაზიტად იქცევა (ნუ დაგავიწყდებათ, საკმაოდ ბევრი, ცნობილი კრიმინალი დაიბადა მორიელის ზოდიაქოს ნიშანით), თუ უყვარს მზადაა სიცოცხლე გასწიროს საყვარელი ადამიანებისთვის, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, სიძულვილის გზაზე შედგეს. ასეთ დროს დანდობა უბრალოდ არ არსებობს მორიელის მხრიდან. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მორიელის სიყვარულსა და სიძულვილს შორის ძალიან, ძალიან ცოტა მანძილია... შუალედისა და კომპრომისის თემას კი არც ერთი მორიელი, არასოდეს ემორჩილება.

ეს სულით გაუტეხელი, ძლიერი და ჭკვიანი ხალხის ზოდიაქოა.

მორიელებს უყვართ ბრძოლა, თუმცა ყველაფერ ამას როგორც ხელოვნებას ისე ეკიდებიან. მათთვის თავად ბრძოლის სტრატეგიაა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ხმალამოღებული სირბილი ან თუნდაც მოწინააღმდეგეზე საბოლოოდ გამარჯვება. აი, რატომ იყო შუა საუკუნეებში აპრობირებული, მორიელის ნიშნით დაბადებული ხალხის მთავარსარდლის პოზიციაზე განაწილება. არავის ესმის ომის ფსიქოლოგია ისე კარგად, როგორც მორიელს და არავინ რჩება საბოლოოდ, ნებისმიერ შემთხვევაში მასავით უპირობოდ გამარჯვებული.

ასტროლგები თვლიან, რომ მორიელის ყველაზე დიდი ნაკლი ბოღმიანობა და წყენის დიდხანს გულით ტარების უნარია. ამის გამო ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს, ყველაზე ხშირად ტანჯავთ სხვადასხვა ტიპის ქორნიკული დაავადებები, მათ შორის უმთავრესი სასქესო ორგანოებს და სისხლის ინფექციურ დაავადებებს უკავშირდება. ეს იმიტომ, რომ პირად ცხოვრებაში დაგროვილი ნეგატივი ზუსტად ამ კონკრეტულ წერტილში იყრის თავს ეზოთერული სწავლების მიხედვით.

თუმცა, მორიელის ჯანმრთელობაც, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, თავად მორიელისვე ხელთაა. ამ ადამიანებს უსაზღვროდ დიდი სასიცოცხლო პოტენციალი გააჩნიათ, რის ხარჯზეც მათში არა ერთი, არამედ ორი ან სამი ადამიანის ენერგეტიკა ერთიანდება. ზუსტად ამით ხსნიან ასტროლოგები იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი მორიელის დაბადებას წინ აუცილებლად უსწრებს სანათესავოში ვინმეს გარდაცვალება. ხოლო, როცა მორიელი კვდება, სადმე მისი შთამომავლობა მალე აუცილებლად გრძელდება ახალი სიცოცხლის შემომატებით.

საუკეთესო პარტნიორი მორიელისთვის მისი რთული ბუნებიდან გამომდინარე ძნელი საპოვნელია. თუმცა, არა შეუძლებელი. იგი კარგად უგებს ვერძს - კიდევ ერთ, მებრძოლი სულისკვეთებით დაჯილდოებულ ნიშანს, როგორც საქმეში ისე სექსსა და სიყვარულში. მისთვის იდეალური შეიძლება იყოს ასევე თხის რქა - საოცრად ამტანი, ერთგული და პრინციპული ნიშანი. მეტ-ნაკლებად ჰარმონიულია კირჩხიბი და თევზები, რომელთაც გააჩნიათ უნარი მორიელის ღრმად ემოციური ბუნება ასე თუ ისე გაიგონ და ჩასწვდნენ მის სულიერ ქარტეხილებს. რთულად შეეფერება ტყუპი და ლომი, ერთთან თავქარიანი და არაპროგნოზირებადი ხასიათის გამო წამოიწყებს ომს, მეორესთან - ძალაუფლების ვერგაყოფის ნიადაგზე დაიწყება უთანხმოება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?