მზე პრაქტიკული, რაციონალური, "სისუფთავის და ჰიგიენის ეტალონი" ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს დატოვებს და ვენერას სამფლობელოში ანუ სასწორებთან გადაინაცვლებს სრული ერთი თვის მანძილზე. რაც იმას ნიშნავს, რომ დაწყებული სექტემბრის შუა პერიოდიდან, სანამ ოქტომბრის მეორე დეკადაში მრისხანე მორიელი გახდება პერიოდის სრულუფლებიანი მმართველი, საზოგადოება სასწორის დიპლომატიურობის, რომანტიკისა და მერყეობის საბურველში გაეხვევა.
სასწორი ზოდიაქოს მეშვიდე ნიშანია და ოპოზიციური ვერძისგან განსხვავებით, რომელიც სიხისტითა და დიპლომატიის არქონით გამოირჩევა, იგი რბილი, მერყევი, ლოიალური და დამთმობია ხშირად. თუმცა, სასწორის ნიშანით დაბადებულ ხალხს, ვინც სუსტ ან უნებისყოფო ინდივიდებად მოიაზრებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ცდება! საქმე იმაშია, რომ სასწორში პლანეტა სატურნის ეგზალტაცია ხდება, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ეს ერთი შეხედვით რბილი, მომღიმარი და კეთილმოსურნე ხალხი გასაოცარ სიჯიუტეს ავლენს მაშინ, როცა ვინმე ცდილობს მის გადაბირებას ან საკუთარ გავლენაში მოქცევას. ჰოდა, ნუ მოგატყუებთ მათი იმიჯი. სასწორი ვერ იტანს, როცა ყველა პრობლემა ან საქმე თავზე ერთდროულად "ეყრება". ყველაფრის ერთად და სასწრაფოდ მოგვარების აუცილებლობა სასწორს ნერვოზულ მდგომარეობაში აგდებს და მეტიც, იგი ხშირად ასეთ დროს უბრალოდ პარალიზებული ხდება, როგორც ემოციური, ისე ფიზიკური კუთხით. ამ ადამიანებს ჰარმონია და კომფორტი სჭირდებათ ყველაფერში, ამიტომაც ურჩევენ ასტროლოგები სასწორს, რომ ნებისმიერი სირთულის დავალება ნაწილებად დაშალონ და საქმის შესრულებას ეტაპობრივი მუშაობით გაართვან თავი . სასწორი ვერძი არ არის, რომელსაც ყველაფრის კეთება ერთბაშად, შტურმით და სასწრაფო წესით უყვარს.
ზოდიაქოს ამ ნიშანს პლანეტა ვენერა მართავს და ასტროლოგები ხშირად ხუმრობენ, რომ კიდევ ერთი ვენერით მართული ნიშნის კუროსგან განსხვავებით ვენერამ ზუსტად სასწორებზე "დაიფერთხა" თავისი მადლიანი კალთა იმ კუთხით, რომ თავისი გავლენა მათზე ვიზუალური მომხიბვლელობისა და ქარიზმის სახით გამოევლინა. სასწორებში ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს შორის, ყველაზე ლამაზი ხალხი იყრის თავს. ამასთან ერთად, სასწორის სილამაზე ზუსტად შეესიტყვება თავად სილამაზის დეფინიციის კლასიკურ განმარტებას. სასწორების უმეტესობას ნატიფი ნაკვთები, ხასხასა ფერის ტუჩები, სახის ნაზი კანი, დახვეწილი მანრები და რაც ყველაზე მთავარია, გამაოგნებლად ლამაზი ღიმილი აქვს, რომლის დროსაც უმეტესობას ლოყებზე საყვარელი ფოსოები უჩნდება - ამ ფოსოებს ასტროლოგები "ვენერას ნიშნებს" უწოდებენ, ზუსტად ასე ასაჩუქრებს სასწორებს მმართველი პლანეტა.
სასწორის ზოდიაქო ასტროლოგიურად ორ მნიშვნელოვან პროფესიას მართავს - ეს არის სახელოვნებო სფერო და იურისპრუდენცია. ამიტომ ხალხი, ვინც ამ ნიშნით ევლინება ქვეყანას, ყველაზე ხშირად ზუსტად ამ ორ პროფესიულ სარბიელზე გვევლინება დომინანტურად. თუმცა, ნებისმიერი დარგი, რომელიც კონსულტირებას, შუამავლის როლს და მოლაპარაკებებს გულისხმობს ასევე სასწორისთვისაა შესაბამისი. ზოდიაქოს ამ ნიშნით ძალიან ბევრი კარგი ადვოკატი, ტანსაცმლის დიზაინერი, არქიტექტორი, მუსიკოსი, ფოტოხელოვანი, დიპლომატი და უფლებადამცველი ევლინება ქვეყანას.
ოპოზიციური ნიშნის ვერძისგან განსხვავებით, სასწორებს არ უყვართ ჩხუბი, კამათი და აგრესია. ამიტომ ძალზე ხშირად ისინი დაძაბულ სიტუაციებში თავის გარიდების ან მოწინააღმდეგე მხარისთვის კვერის დაკვრის პოლიტიკას მიმართავენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ როგორმე თავიდან აირიდონ ჩხუბი და აგრესია. სასწორის მშვიდობიანი ბუნება კონფლიქტებს იშვიათად ეგუება.
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები ჭეშმარიტი "მეორე ნახევრები", იდეალური ცოლები და ქმრები არიან ყოველთვის. მათთვის პარტნიორის ყოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სუბსტანციაა. გამომდინარე იქიდან, რომ სასწორის ნიშანი პარტნიორობისა და ქორწინების თემას მართავს. თუმცა, თვისება ძალზე ხშირად იცხოვრონ მეორე ნახევრის ცხოვრებით და ზედმეტი კომპრომისი გასწიონ ამ უკანასკნელის ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ხშირად ხდება სასწორისთვის იმედის გაცრუებისა და დეპრესიის მიზეზი.
სასწორებმა საუკეთესო პარტნიორები მშვილდოსნის, მერწყულის, ტყუპის, მორიელის და ლომის ნიშნით დაბადებულებს შორის უნდა ეძებონ.
ისინი რთულად ეწყობიან - კირჩხიბს, თხის რქას, ვერძს და თევზებს.