მზე ახლა ზოდიაქოს ბოლო ნიშანს - თევზებს გადის. თავად სტატუსი "ბოლო" ხშირად ხდება ხოლმე ამ ზოდიაქოს გავლენით დაბადებულებისთვის გარკვეული უკმაყოფილების წყარო, რატომღაც ადამიანებს მიაჩნიათ რომ იყო "ბოლო ნიშანი" რაღაც ნეგატიურს მოიცავს საკუთარ თავში. არადა, ასტროლოგიური პრინციპებით რომ ვისმჯელოთ, პირიქით გახლავთ და ახლავე აგიხსნით რატომ:
თევზების ზოდიაქოს მეთორმეტე სახლს მართავს, ე.წ. ფარული მტრების და ინტრიგების სახლს. სახლი მეთორმეტე ასევე განიხილება ასტროლოგების მიერ როგორც ფსიქოლოგიური პრობლემების, სირთულეების, ინტრიგების, ჭორებისა და მოულოდნელი წინააღმდეგობების სახლი. თუმცა ამ სახლის სფეროებში ასევე შედის სულიერების თემაც. როცა ასტროლოგები ამა თუ იმ ადამიანის პირად კოსმოგრამაზე მუშაობენ, თევზების ზოდიაქოს გავლენის მიხედვით დგინდება ის თუ რამდენად ძლიერია ამა თუ იმ ინდივიდში სულიერების დონე, ინტუიციური აღქმის უნარი და რელიგიურობა. გარდა ამისა, თევზების კიდევ ერთი და მე ვიტყოდი სრულუფლებიანი მართვის სფეროა - შემოქმედება. რომ არა ეს ზოდიაქო და მისი მმართველი პლანეტა ნეპტუნი, მსოფლიო ვერასოდეს იხილავდა ცნობილ და უნიჭიერეს მსახიობებს, მხატვრებს, მუსიკოსებს და მწერლებს. ამასთან ერთად, ამ ქვეყანაზე არ იარსებებდა მაღალი სულიერება და ადამიანები , ვისაც ამ მხრივ მსოფლიო ისტორიაზე განსკუთრებული კვალი აქვთ დატოვებული... მაგალითად რუდოლფ შტაინერი.
თევზების ზოდიაქო თავისი არსითა და ხასიათით ხშირად, სირთულის მხრივ მორიელსაც კი უთანაბრდება. მე ვიტყოდი არათუ უთანაბრდება, უსწრებს კიდეც გარკვეული თვალსაზრისით ხასიათის თავისებურებებიდან გამომდინარე. ზოდიაქოს ეს ნიშანი, თავის თავში აერთიანებს ფაქტობრივად წინამორბედი თერთმეტი ზოდიაქოს ნიშნის ყველა თვისებას, ამიტომაცაა, რომ თევზებს ხშირად ქაოსური ცხოვრება აქვთ და თავადაც ვერ გაუგიათ, რა სურთ, ვინ არიან და რა მიმართულებით ურჩევნიათ ცურვა.
თავად თევზების ზოდიაქოს სიმბოლო ორი, ურთიერთსაპირისპიროდ მცურავი თევზია, რომელიც ბედის უკუღმართობით ერთმანეთზე გადააბა განგებამ. თუკი სიმბოლისტურ განმარტებებს მოვიშველიებთ, ამ გამოსახულების მიხედვით ზუსტად შეგვიძლია ზოდიაქოს ნიშნით თევზების დახასიათებაც - ნებისმიერ მათგანს აქვს შანსი განვითარდეს და დინების საწინააღმდეგოდ შესძლოს ცურვა, თუმცა უმთავრესი ბრძოლა მათთვის არის არა ცხოვრების დინებასთან ჭიდილი, არამედ საკუთარი თავში ფსიქოლოგიური სირთულეების და წინააღმდეგობების გადალახვა , რომლის სწორად წარმართვაც ნებისმიერ თევზს წარმატებაში დაეხმარება.