ხშირად გვეკითხებიან ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის ერთგულების უნარის შესახებ. თუმცა, მარტოოდენ ზოდიაქოს მიხედვით, დამეთანხმებით, ძნელია ხელაღებით "ერთ ქვაბში მოვხარშოთ" ყველა, ვინც ამა თუ იმ ნიშნით დაიბადა. არსებობს პირადი რუკა და მისი დეტალების ანალიზი, რის ხარჯზეც უფრო მარტივი ხდება კონკრეტული ადამიანის შესახებ მსჯელობა და ვერდიქტიც მის არასტაბილურობაზე ზუსტად ამ წესით გამოაქვს ასტროლოგს. თუმცა, ზოგადი მსჯელობის კუთხით, მაინც არსებობენ ე.წ. "შავ სიაში" შესატანი ნიშნები, რომელთაც თუ ღალატისკენ არა, ცვალებადობისკენ და სიახლეების სიყვარულისკენ გააჩნიათ დიდი მიდრეკილება, რაც თავისთავად ხდება ზოგჯერ ღალატის მიზეზიც.
ტყუპი - მერკურით მართული ნიშანია, მომატებული ტვინის აქტივობითა და სიახლეებისადმი დაუოკებელი სიყვარულით. ტყუპი იშვიათად ღალატობს ფიზიკურად, ამიტომ ფლირტის დონეზე მისი "ცელქობა" ასე თუ ისე ასატანია. თუკი თქვენ ამ ადამიანს მენტალურად კარგად ეწყობით და მუდმივად გაქვთ მასთან "საჭორაო" ან საკინკლაო თემა, ჩათვალეთ, რომ არასოდეს გიღალატებთ არც ფიზიკურად, არც სულიერად.
მშვილდოსანი - იდეალისტი და თავისუფლებისმოყვარული ნიშანია. ვერ იტანს აკრძალვებს და შეზღუდვებს. უყვარს ტრაბახი და თავის ქება, თუმცა დანაპირების შესრულება ხანდახან ავიწყდება და მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე ერთობ მტკივნეულად რეაგირებს. მშვილდოსანი ხშირად განიცდის იმედის გაცრუებას საყვარელ ადამიანში, იმიტომ რომ დაუფიქრებლად და ერთი ნახვით უყვარდება. მას ახასიათებს პარტნიორის ზედმეტი იდეალიზაცია. თუკი თქვენ ნაკლებად შეუზღუდავთ თავისუფლებას მშვილდოსანს და მის ფლირტს გვერდზე მსუბუქი იუმორით მიუდგებით, ის არასოდეს გაგცვლით სერიოზულად სხვაზე.
მერწყული - არაპროგნოზირებადი და ხშირად ბევრისთვის რთულად გასაგები ხალხია. მერწყულს არ უყვარს ახსნა-განმარტებების მიცემა ვისნმესთვის რას, რატომ ან რა მიზეზით აკეთებს. ამის გამო კი მას ხშირად ორპირობასა და მატყუარობაში ადანაშაულებენ. სიყვარულში მერწყული არასაიმედოა. მას ძნელად უყვარდება ვინმე, თანაც მეგობრობა და სიყვარული ხშირად ერთმანეთში ერევა. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, საყვარელი ადამიანი ერთ დღეს მეგობრად აღიქვას ან პირიქით. თუკი მერწყულის ერთგულების შენარჩუნება გინდათ, იყავით პირველ რიგში მისი კარგი მეგობარი და თანამოაზრე. ასე იგი დიდი ხნით გაჩერდება თქვენთან.