და დიდ კომპრომისებს მოითხოვს. თუმცა, დაოჯახებული წყვილების განქორწინების მიზეზი სხვადასხვაგვარია ხოლმე. ზოგი ეჭვიანობის გამო ცილდება, ზოგი უყურადღებობის ან გადამეტებული კონტროლის მოთხოვნილების გამო.
დღეს კი ისეთ წყვილებზე ვისაუბრებთ, ვისი ოჯახური კონფლიქტის, განხეთქილებისა და ძალზე ხშირად განქორწინების მიზეზიც უმეტეს შემთხვევაში არის ფული. მატერიალური მხარე რომ ზოგადად, ნებისმიერი ოჯახის ჰარმონიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ამაზე არც არავინ დავობს, თუმცა ხომ ხდება ისეც, რომ ცოლ-ქმარს შემოსავალი საკმარისზე მეტი აქვს, მაგრამ დავა ფულის გამო მაინც ნომერ პირველ პრობლემად რჩება მათ ცხოვრებაში. ჰოდა, ზუსტად ასეთი ტიპის წყვილებზე ვისაუბრებთ დღეს და განვიხილავთ იმას, თუ რატომ აღიქვამს ერთი ინდივიდი მეორეს მხრიდან გამოვლენილ გონივრულ ეკონომიას სიძუნწედ, მაშინ როცა ეს უკანასკნელი პირველის მიერ გამუდმებით გამოვლენილ სიკეთეს და ხელგაშლილობას უნიათობას ან უთავბოლო მფლანგველობას უწოდებს.
ვერძი & თხის რქა - ამ წყვილში ორივე მხარე უსაშველოდ ჯიუტი და "რქიანი" რომაა ამაზე მოდით დღეს მაინც აღარ დავკონკრეტდები. მაგრამ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები, მათთვის როგორც წესი გამუდმებული და სერიოზული დავის საგანია. თხის რქა ბუნებით გაწონასწორებული და პრაქტიკულია, ვერძს კი არასოდეს ახასიათებს შიში ხვალინდელი დღის გამო. ამასთან ერთად, მის გაცოფებას ისიც იწვევს, რომ თხის რქა გამუდმებით ასწავლის როგორ ხარჯოს ეკონომიურად მისივე (დიახ, მისი საკუთარი გარჯით!) ნაშოვნი ფული. ეს კი ვერძს საშინლად აღიზიანებს და აცოფებს. თავად იგი იშვიათად ჩაერევა თხის რქის ბიუჯეტში, თუ რა თქმა უნდა, თვითონ თხის რქამ არ მისცა საშუალება საჭიროებისამებრ ისარგებლოს მისი საბანკო-საკრედიტო ბარათით. ამ შემთხვევაში კი თხის რქას უნდა ახსოვდეს, რომ "ისარგებლოს" სიტყვის მნიშვნელობას ვერძი მას სრულფასოვნად გააგებინებს.
კურო & ლომი - ლომის მეფური ბუნება ითხოვს ფუფუნებაში ცხოვრების ელემენტებს, რაც ჩვეულებრივი საშუალოსტატისტიკური მამრი ლომის შემთხვევაში იმით შეიძლება გამოიხატოს, რომ იგი თვეში ერთხელ რესტორანს დახურავს თავისი მრავალრიცხოვანი სამეგობროს გულის მოსაგებად. ამ ყველაფერს კი მისი მეოჯახე კურო ცოლი პირქუში გამომეტყველებითა და ხანგრძლივი, ავბედითი დუმილით უპასუხებს. უფრო უარესადაა საქმე, როცა ლომი ქალია, კურო კი მამაკაცი. ცოლი ლომი ერთ დღესაც წავა და ჩინეთის იმპერიის მერომელიღაცე დინასტიის ნაქონ ლარნაკში მიაფშვნიტავს ქმრის სამი ან ოთხი თვის დანაზოგს. ალბათ წარმოგიდგენიათ, ქმარი კუროს აღშფოთება ამ ფაქტის შემდეგ - ლარნაკი დივანი მაინც იყოს ან სულაც პუფი ან გემრიელი ტოლმა... ვის რაში სჭირდება ამხელა ფულის გადახდა ფაიფურის (თუნდაც უნიკალური მეთოდით დამზადებულის) ლარნაკში? თქმა არ უნდა, ასეთ შემთხვევაში ლომის თვალში კურო ხეპრე და წუწურაქი კაცის იარლიყს მიიკერებს. კურო კი თავის მხრივ ლომს აღარასოდეს ანდობს საოჯახო ბიუჯეტს.
მშვილდოსანი & ქალწული - მათი პრობლემა მარტო ის კი არაა, რომ ქალწული შინაყუდაა, მშვილდოსანი კი მოხეტიალე. ფულიც ძალზე ხშირად გახდება მათი ცხარე კამათისა და დავის მიზეზი. მშვილდოსანი ბუნებით კოლექტივისტია, სამეგობროს სული და გული. ამიტომ იგი არასოდეს ეტყვის უარს დახმარებაზე რომელიმე მეგობარს, რომელიც შესაძლოა სულ რაღაც სამი საათის წინ ჰყავდეს დამეგობრებული. ქალწულს, რაღა თქმა უნდა, ასეთი საქციელი აბსოლუტურ ბავშვობად ეჩვენება. თუმცა, მშვილდოსნის ჭკუაზე მოყვანას გაუთავებელი შეგონებებითა და კრიტიკით საპირისპირო შედეგამდე შეუძლია მხოლოდ მიიყვანოს სიტუაცია. ისრიანი უბრალოდ და მარტივად აორთქლდება რაღაც პერიოდი ქალწულის ცხოვრებიდან, რათა საკუთარი შემოსავალი და ნერვები ერთნაირი წარმატებით "გაანიავოს".