ხშირად ატარებენ კვლევებსა და გამოკითხვებს იმის დასადგენად, მაინც რა აიძულებს პიროვნებას საკუთარი თავი შესწიროს პროფესიულ საქმიანობას, საზოგადოებრივ ინტერესებს, პოლიტიკურ სარბიელს ან სულაც საკუთარ ეგოიზმს? ხომ არის შემთხვევები, როცა ბერბიჭებად ან შინაბერებად, დამოუკიდებლობის გადამეტებული სიყვარულის ან ზედმეტად პრეტენზიული დამოკიდებულების გამო რჩებიან საპირისპირო სქესის მიმართ. დღეს "ოქროს სამეულზე" უნდა ვისაბროთ, ან ზოდიაქოს იმ ნიშნებზე, რომელთა შორისაც ყველაზე ხშირად ვხვდებით მარტოსულებსა და მარტოხელა ადამიანებს, რომელთა მარტოობაც უმეტეს შემთხვევაში მათივე კეთილი ნებითაა განპირობებული და არა სამყაროს "სასტიკი" კანონზომიერებით.
ქალწული - როცა საქმე პრეტენზიულობაზე მიდგება, ალბათ არ არსებობს ნიშანი, რომელიც ქალწულს ამ კუთხით გაეჯიბრება. ზოგადად ქალწულებს შორის, იდეალურ მეუღლეებსა და პარტნიორებსაც ხშირად ვხვდებით. თუმცა, სანამ იგი ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯს გადადგამს, ათასგზის აწონ-დაწონის, მომვალ ცოლს/ქმარს ლუპით დააკვირდება და თუკი მიხვდა, რომ ეს უკანასკნელი ასე თუ ისე მაინც შეესაბამება მის მიერ შემუშავებულ "სტანდარტებს" მხოლოდ ამის მერე მიიღებს დაოჯახების გადაწყვეტილებას. იდეალური ადამიანები კი მოგეხსენებათ არ არსებობენ და არც იდეალურთან ასე თუ ისე მიახლოებული ინდივიდებით გვანებივრებს სამყარო. ამიტომ ქალწულები ხშირად, სავსებით გააზრებულად ირჩევენ მარტოობას. ნაცვლად იმისა, რომ მეორე ნახევრის ნაკლოვანებებს შეეგუონ ან სცადონ მაინც ეს უკანასკნელი გამოსწორების გზაზე დააყენონ.
მშვილდოსანი - მისი მარტოობის მიზეზი ძირითადად თავისუფლების წრეგადასული სიყვარულია. თუმცა, სანამ იგი ამ კონკრეტულ კონდინციამდე მივა, ბევრჯერ მოასწრებს უღელში თავის ნებაყოფლობით გაყოფა-გამოყოფას. რის შედეგადაც აუცილებლად მივა დასკვნამდე, რომ საბოლოო ჯამში მარტოობას და დამოუკიდებელ არსებობას არაფერი სჯობია. ცხოვრების ბოლოს ბევრი მშვილდოსანი ატარებს მოგზაურობა-ხეტიალში ან ცხოველების გარემოცვაში. იმიტომ რომ ადამიანებთან კონტაქტისგან ისინი უკვე იღლებიან. თუმცა, აბსოლუტურ ვაკუუმს ამ მხრივ მაინც არასოდეს უქმნიან საკუთარ თავს. უბრალოდ ცდილობენ, მომაბეზრებელი ვალდებულებები და მოვალეობები მინიმუმამდე დაიყვანონ.
თხის რქა - ყველაზე ხშირად მისი მარტოობის მიზეზი კარიერა და პროფესიული საქმიანობაა. თხის რქები უზომოდ მუყაით და ამტან ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებიან. ამიტომ ცხოვრების მანძილზე ყოველთვის აქვთ მიზანი, რომლისკენაც მუხლჩაუხრელი შრომითა და გასაოცარი სიჯიუტით მიიწევენ წინ. გასაკვირი არაა რატომ იკავებენ ისინი უკვე მოწიფულ ან ხანდაზმულ ასაკში სოლიდურ თანამდებობებს და საკვანძო პოზიციებს სამსახურში. სამაგიეროდ, მოვალეობის გრძნობა, რომელსაც ისინი პროფესიული საქმიანობის გამო უწესებენ საკუთარ თავს, ხშირად ხდება მათთვის ხელის შემშლელი ფაქტორი პირადი ბედნიერების საპოვნელად. ისინი ხშირად სავსებით ნებაყოფლობით აკეთებენ არჩევანს საყვარელ ადამიანსა და სასურველ კარიერულ წინსვლას შორის, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. ამიტომ ხანდაზმულ ასაკში თხის რქის მარტოობა, სრულიად გააზრებული და წინასწარ დაგეგმილიც კია. უფრო მეტიც, იგი სავსებით მზადაა ასეთი ხვედრისთვის და არც არასოდეს იცოდებს თავს.