ტოპ-ხუთეული, რომელშიც მეტ-ნაკლებად ერთგული მამრები შედიან. თუმცა, აქვე მინდა გაგაფრთხილოთ იმის შესახებაც, რომ მოცემული სტატისტიკა ზოგადი გახლავთ (მამაკაცები განხილულნი არიან, მხოლოდ მზის ზოდიაქოს ნიშნით), შესაბამისად, ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტი, რომ რეალურად ნებისმიერი ადამიანის ხასიათის თავისებურებებს, პირადი რუკა და მისი ასპექტები განაპირობებს და თავად ერთგულების ცნებაც მოგეხსენებათ პირობითია და ბევრ რამეზეა დამოკიდებული ამა თუ იმ ადამიანის ერთგულება.
ვერძი – მართალია, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბდებული მამრები ერთი შეხედვით გამოუსწორებელი მექალთანის ან მაჩოს შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ მანამ სანამ თქვენ მას ნამდვილად შეუყვარდებით. ვერძი ბუნებით ერთგულია, განურჩევლად იმისა, როგორი გარეგნობით დააჯილდოვა იგი ღმერთმა. ამასთან ერთად, ეს მამაკაცი, საშინლად ბავშვური, იდეალისტი და ეგოისტია. შესაბამისად, მისი ინტერესის ობიექტი ქალი თუ შესძლებს ხანგრძლივი დროის მანძილზე შეინარჩუნოს იდუმალება და იყოს მუდმივად საინტერესო მისთვის, ვერძი არასოდეს გაცვლის სხვაზე მას.
კურო – მამაკაცი კურო სტაბილურობის მოყვარული ადამიანია. მართალია, როგორც ყველა მამრს ლამაზმანებისკენ თვალი ხანდახან მასაც გაურბის, მაგრამ კუროს აქვს ერთი დიდი სისუსტე, რომელიც მის პირად ცხოვრებასა და სასიყვარულო ურთიერთობაზეც აისახება. საქმე იმაშია, რომ იგი ძალიან ძნელად ეგუება სიახლეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, – შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ ლხინს. ამიტომ ძვირფასო მანდილოსნებო, თუ იმდენს შეძლებთ, რომ ამ კაცს თავი შეაყვაროთ (რაც საკმაოდ ძნელი, რთული და ხანგრძლივი პროცესია), მისი მხრიდან ღალატის შიში ნაკლებად უნდა გქონდეთ. ბოჩოლებს მშობლიური მდელო ურჩევნიათ, აუთვისებელ იალაღებს.
ლომი – ლომის ზოდიაქო გულით იმართება. ამიტომ მამაკაცი ლომი ცხოვრებაში გულით ხელმძღვანელობს თითქმის ყველაფერში, მათ შორის, რა თქმა უნდა, სიყვარულში. თუმცა, ლომის გულის მოგება არცთუ მარტივი საქმეა. უბრალოდ საჭიროა, როგორც ჭკვიანმა მომთვინიერებელმა ცირკში, ერთი ორი "საფირმო ტრიუკი" აითვისოთ. ესაა და ეს. ხოლო თუკი ამ კაცის გულისკენ მისასვლელი გზა სწორად იპოვნეთ, დამიჯერეთ, იქ დიდი ხნით მოგიხდებათ გაჩერება. უმთავრესი პრინციპი რომლითაც უნდა იხელმძღვანელოთ ლომთან ურთიერთობისას, არის ის რომ იგი უპირობოდ უნდა გააღმერთოთ. თუ დარწმუნდა, რომ თქვენთვის ამქვეყნად სამყარო მის გარშემო ბრუნავს, დამიჯერეთ, სხვაზე არასოდეს გაგცვლით. ამასთან ერთად, იგი ბუნებით ზარმაცია, შესაბამისად, თუკი სახლში ძუ ლომი ეგულება, გაურკვეველი წარმოშობის ფისუნიებს ნაკლებად დაუწყებს დევნას გასართობად.
ქალწული – მამაკაცი ქალწული, არამარტო საყვარელი ქალის ზოგადად ნივთების, სამოსის და კბილის პასტის ერთგულებითაც კი გამოირჩევა. ქალწულების უმრავლესობას გამძაფრებული აქვს მესაკუთრეობის გრძნობა. მათ ასევე ახასიათებთ ბევრი რამის აჩემება. ამ ჩამონათვალში კი ადამიანებიც შედიან. შესაბამისად, თუკი ქალწულმა თავი ქალთან კომფორტულად იგრძნო, მიეჩვია და აიჩემა შემდგომში მისი ერთგულების იმედი თავისუფლად შეგიძლიათ გქონდეთ.
მორიელი – მორიელი მამაკაცების ქარიზმატულობასა და სექსუალურ ტემპერამენტზე ლეგენდები დადის, ალბათ გიკვირთ, საიდან მოხვდნენ ისინი "ერთგულების ხუთეულში". მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, მორიელი ხარისხს ეძებს ურთიერთობაში. შესაბამისად, მან თუ ჭეშმარიტად ხარისხიანი ქალი იპოვნა, შეუძლია თავს ამ უკანასკნელის ერთგულებაც აიძულოს. თუმცა, რომც უღალატოს კიდეც ფიზიკური თვალსაზრისით, ემოციურად მორიელი ერთბაშად ორ ან სამ ქალს იშვიათად ეჩვევა. ამიტომ მისი ხანმოკლე გასეირნების ამბავი, სავარაუდოდ მეუღლის ყურამდე არც არასოდეს მიაღწევს.