ლიონელ მესი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, პიროვნება, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა შეცვალოს საკუთარი ბედისწერა უკეთესობისკენ.
მესი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ამ ქვეყანას. თუმცა გარდა კირჩხიბისა, მის პირად კოსმოგრამაში ტყუპის ზოდიაქოს ძლიერი გავლენაც იგრძნობა, ტყუპის მმართველი მერკური კი მოგეხსენებათ ხელ-ფეხის მოქნილობაზეა პასუხისმგებელი.
თუმცა, პირველი რაც ამ ადამიანის კოსმოგრამაში ყურადღებას იქცევს, არის ის, რომ მას მკვეთრად აქვს აქცენტირებული მეექვსე სახლი – ეს კი ჯანმრთელობის კუთხით პრობლემებსა და ზოგადად სუსტ ჯანმრთელობაზე მიუთითებს.
თუმცა ადამიანი, რომელიც მზის ამგვარი მდებარეობით იბადება, გარდა სუსტი იმუნური სისტემისა, შრომისმოყვარეობით, მეთოდურობითა და მიზანსწრაფულობითაც არის დაჯილდოებული.
როგორც ცნობილია, ლიონელ მესი ბავშვობიდან იტანჯებოდა ძვლოვანი სისტემის დაავადებით. ამ ფაქტის სიგნიფიკატორი მის რუკაში არის სატურნი მეთორმეტე სახლში, (სამედიცინო ასტროლოგიის მიხედვით, სატურნი სწორედ ძვალ-სახსროვან სისტემას განაგებს), რომლის დაძლევაშიც მას ინტენსიური ვარჯიში და მიზანსწრაფულობა დაეხმარა.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ ასეთი ადამიანების ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია მათ შრომისუნარიანობასთან. მარტივად რომ ვთქვათ, თუ მსგავსი კომბინაციებით დაბადებულ პიროვნებას არ აქვს ყოველდღიური სამუშაო, იგი ავადდება და "ჟანგდება". აქედან გამომდინარე, ამ ადამიანს ესაჭიროება კონკრეტულ რეჟიმში შრომა, თუმცა პარალელურად აუცილებელია ისიც, რომ მან სრულფასოვნად დაისვენოს და იკვებოს.
ლიონელ მესი დაიბადა კარმული პროგრამით, რომელიც მას ზუსტად რომ სპორტულ (ზოგადად ძალოვან) სარბიელზე მოღვაწეობას ავალდებულებს. ამ ადამიანისთვის აუცილებელია გამოიმუშაოს ცხოვრებაში გამძლეობა, კარგი რეგენერაციის უნარი, პრინციპულობა და მიზანსწრაფულობა, რის საშუალებასაც მას კარმული პროგრამა აუცილებლად მისცემს, თუკი იგი სწორად გამოიყენებს საკუთარ პოტენციალს. გარდა ამისა, აღმავალი კვანძის მდებარეობა ასევე მიანიშნებს იმას რომ ამ პიროვნებას მიეცემა საშუალება გავლენა მოახდინოს მასებზე, თუმცა მანამდე მან უნდა გადალახოს შინაგანი და ფიზიოლოგიური სისუსტეები, მოსცილდეს ოჯახურ კერას (დედ-მამას) და ისწავლოს მარტომ გაიკაფოს ცხოვრების გზა.
მესი, როგორც ტიპური კირჩხიბი საუკეთესოა მამის ამპლუაში
მესის კოსმოგრამაში არსებულ ერთი შეხედვით ნეგატიურ ასპექტებს, ძალიან კარგად კომპენსირებს წარმატების მომტანი პლანეტა იუპიტერის ძლიერი მდებარეობა ვერძში, რომლის გავლენითაც ეს ადამიანი დაჯილდოებულია ლიდერის თვისებებითა და თავისუფალი ნების ურყეობით.
ამასთან ერთად, მას აქვს უნარი, წარსულის შეცდომები სწორად გაანალიზოს და მიღებული გამოცდილება მომავალში გამოიყენოს. იგივე იუპიტერის მდებარეობა არანაკლებ მომგებიან მეხუთე სახლში აყალიბებს ადამიანს, რომელიც მთელი თავისი არსით ასხივებს ოპტიმიზს, სიცოცხლის სიყვარულს, ზოგადად დადებით ენერგეტიკას.
იუპიტერი მეხუთე სახლში ნიშნავს პიროვნებას, რომელიც დაბადებიდან გუნდური მოთამაშეა. ზოგადად, მას კარგად ესმის მეგობრობის, გუნდურობის პრინციპი და ფეხს ოსტატურად უწყობს თანამეინახეებს.
ამ თვისებებს მესის ხასიათში უფრო მეტად აძლიერებს მეშვიდე სახლის საკმაოდ ძლიერი გავლენა, რაც თავის მხრივ პარტნიორობის უნარზეა პასუხისმგებელი. ხოლო, მას ვისაც იუპიტერი ზოდიაქოს მეხუთე სახლში ჰყავს, დაუღალავად სჯერა გამარჯვების და მისი ეს რწმენა სხვებისთვისაც გადამდებია.
ასეთი ადამიანი ძალიან ქუდბედიანია ყველაფერთან ერთად, იუპიტერის წყალობით იგი ახერხებს იყოს საჭირო დროს, საჭირო ადგილას. თუმცა იუპიტერისა და მარსის კვადრატის გამო პირად რუკაში, მესისნაირ ადამიანს მუდმივად ექნება აფორიაქებულობის, დაძაბულობისა და მოუსვენრობის შეგრძნება.
ამასთან ერთად ადამიანი რომელსაც ამგავრი ასპექტი გააჩნია რუკაში, ხშირად შინაგანად აგროვებს აგრესიას, რაც მას ცხოვრების პირველ ეტაპზე დაუგროვდა, როცა სხვადასხვა სახის ბარიერს აწყდებოდა წინსვლისას. თუმცა მარსის (აქტივობა) მეშვეობით იგი ცდილობს იუპიტერის ფუნქციები (გაფართოვება) გამოიყენოს საიმისოდ, რომ საკუთარი ქმედებები ფართო საზოგადოების წინაშე წარმოაჩინოს.
თუკი საბოლოო შეჯამებას გავაკეთებთ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელის პირადი რუკის მიხედვით, ჩვენ დავინახავთ პიროვნებას, რომელიც ერთი შეხედვით წარუმატებლობისთვის განწირული, შესანიშნავად ახერხებს წინ წამოსწიოს საკუთარი პირადი რუკის დადებითი მონაცემები, საიმისოდ რომ ნეგატიური ასპექტები გაანეიტრალოს და მიუხედავად იმისა, რომ ლიონელ მესის რუკაში აშკარა მინიშნებაა იმ ფაქტზე, რომ ამ ადამიანს ხშირად მოუწევს მედიკოსებთან შეხვედრა საკუთარი ჯანმრთელობის გამო (მათ შორის არც ხანგრძლივი სამკურნალო რეაბილიტაციის პერიოდი გამოირიცხება) მის მაგალითზე, მაინც თამამად შეიძლება ითქვას, ის რომ ვარსკვლავები არ განსაზღვრავენ ჩვენ ბედს, ისინი მხოლოდ ალბათობას განაპირობებენ იმ მოვლენებისა რაც შესაძლოა მოხდეს ცხოვრებაში, ადამიანის ურყევი ნება კი განაპირობებს იმას, როგორი ცხოვრების გზას ვირჩევთ ჩვენ ვარსკვლავების დახმარებით და საკუთარ თავზე მუშაობით!