ბევრს ჰგონია, რომ თუ სიზმარი არ ახსოვს, ე.ი. საერთოდ არაფერი უნახავს. სინამდვილეში, სიზმარს ყველა ვნახულობთ, უბრალოდ ჩვენი ტვინი დილით „დიდ წმენდას“ ატარებს და ზედმეტ ინფორმაციას ფილტრავს.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სიზმრების დავიწყება სრულიად ნორმალურია, თუმცა არსებობს კონკრეტული მიზეზები, რის გამოც დილით მხოლოდ „ცარიელი ფურცელი“ გვხვდება.
რატომ ვერ ვიხსენებთ სიზმრებს?
ძალიან სწრაფი გაღვიძება: თუ მაღვიძარას ხმაზე წამოხტებით და მაშინვე ტელეფონს ეცემით ან შხაპისკენ გარბიხართ, სიზმრის ნაგლეჯებსაც კი შანსს არ უტოვებთ. ტვინი მომენტალურად გადაერთვება რეალურ საქმეებზე და ძილის მოგონებებს შლის.
ძილის ნაკლებობა: როცა ორგანიზმს ძილი აკლია, ის ცდილობს, მთელი ენერგია სხეულის დასვენებას მოახმაროს. ასეთ დროს სიზმრებისთვის დრო აღარ რჩება.
საღამოს ალკოჰოლი: ერთი ჭიქა ღვინოც კი ძილს აგირევთ. შეიძლება გეგონოთ, რომ კარგად გეძინათ, მაგრამ სინამდვილეში ტვინმა ვერ მოასწრო ძილის იმ ფაზაში შესვლა, სადაც ფერადი და დასამახსოვრებელი სიზმრები „იხატება“.
სტრესი და დაღლილობა: როცა გონება გადატვირთულია პრობლემებით, ძილი ზედაპირული ხდება. ამ დროს სიზმრები წყვეტილია და მათი აღქმა რთულდება.
ტვინის „გენერალური დალაგება“ : ჩვენი მეხსიერება ისეა მოწყობილი, რომ თუ სიზმარი გაღვიძებისთანავე არ „გადავარჩინეთ“, ტვინი მას უსარგებლო ნივთიერებად თვლის და შლის, რათა ადგილი ახალ დღეს დაუთმოს.
როგორ „დავიჭიროთ“ სიზმრები?
თუ გაინტერესებთ, რას გკარნახობთ ქვეცნობიერი, სცადეთ ეს მარტივი მეთოდები:
გაჩერდით ერთი წუთით: გაღვიძებისთანავე თვალები არ გაახილოთ და არ გაინძრეთ. ეცადეთ, დაიჭიროთ ის ემოცია ან სურათი, რაც ბოლოს ნახეთ.
დაიწყეთ პატარა ჩანაწერები: საწოლთან დაიდეთ ბლოკნოტი და კალამი. ჩაწერეთ თუნდაც ერთი სიტყვა (მაგალითად: „ზღვა“, „ფრენა“, „შიში“). რაც უფრო ხშირად გააკეთებთ ამას, მით უფრო მეტ დეტალს დაიმახსოვრებს ტვინი დროთა განმავლობაში.
დაიძინეთ ადრე: მიეცით საკუთარ თავს უფლება, ბუნებრივად გამოიძინოთ. სიზმრების უმეტესობას გათენებას ვნახულობთ.
როდის არის ეს საყურადღებო?
ჩვეულებრივ, სიზმრების დავიწყება პრობლემა არ არის. თუმცა, თუ ამას თან ახლავს ძლიერი ხვრინვა, დღისით გადამეტებული დაღლილობა ან ძილში ლაპარაკი და მოძრაობა, აჯობებს კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.