ავტორი:

როგორები არიან მერწყულები - ზოდიაქოს ნიშნის ზოგადი დახასიათება

როგორები არიან მერწყულები - ზოდიაქოს ნიშნის ზოგადი დახასიათება

დოსტოევსკის სტავროგინი გახსოვთ? ტიპური მერწყულია - ექსტრავაგანტული, მეამბოხე და მოთამაშე, გიჟი და ჭკვიანი ერთდროულად, სერიოზული და თან მასხარა, თითქოს უმნიშვნელო და მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი, ლიდერი, რომელიც მოვლენების ეპიცენტრშია და მაინც არ ჩანს… კაცი, რომელსაც ვერ გაიგებ კეთილია თუ ბოროტი, ადამიანი უამრავი იდეით და საერთო ჯამში მაინც უიდეო… ქაოსური და გენიალურად შეშლილი… მისი გაგება ხალხს ძალიან უჭირს.

რა თქმა უნდა, ყველა ინდივიდში ასე მკვეთრად არ ვლინდება ეს ყველაფერი, თუმცა რაც ყველა მერწყულს აერთიანებს არის ის, რომ ვერ იტანენ გათელილი ბილიკებით სიარულს.

ძალიან პროგრესული და განვითარებული ადამიანი ხართ და ძველი, დრომოჭმული, მოყირჭებული აზრებისა და იდეოლოგიის ატანა არ შეგიძლიათ. მიუხედავად ამისა, ძალიან ჯიუტიც ხართ. მთელი თქვენი პარადოქსიც ესაა - ცვლილებებისკენ ისწრაფვით, ძალიან ღია ხართ სიახლეებისთვის და მაინც საშინლად გიჭირთ აზრის შეცვლა, კომპრომისს არ სცნობთ. ძალიან არაპროგნოზირებადი ხართ და მაინც სტაბილური… მოკლედ, ურანი, თქვენი მმართველი, ნორმიდან ყოველგვარ გადახრას მართავს და თქვენც სტანდარტებში რომ არ ჯდებით, სულაც არ არის გასაკვირი. უამრავი წინააღმდეგობით ხართ სავსე.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებთან ურთიერთობა არ გიჭირთ და სოციალური ადამიანიც შეიძლება გეწოდოთ, ცოტა ცივი და დისტანციურიც შეიძლება იყოთ. გიჟდებით მეგობრებზე, მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ და მაინც გულთან ახლოს არავის უშვებთ, სულში ბოლომდე არავის ჩაახედებთ. აქტიური ხართ, ჩართული და მაინც რაღაცნაირად გამოთიშული და იზოლირებული.

მერწყულის უმთავრესი მიზანი პერსონალური თუ სოციალური დოგმებისგან და შეზღუდვებისგან გათავისუფლებაა. გსურთ, რომ ჰგავდეთ არავის! რომ მხოლოდ თქვენი თავი იყოთ და სულ არაორდინალური ქცევებით, ცხოვრების წესითა, თუ მოსაზრებებით გამოირჩევით. თქვენ ყოველთვის იმის საწინააღმდეგო მხარეს დგახართ, სადაც მასა დგას და რა პოზიციაში იქნებით მთლიანად მასაზეა დამოკიდებული. იდეალისტობისკენ ხართ მიდრეკილი. ყველაფრის შესახებ საკუთარი თეორიები გაქვთ, თუმცა ეს თეორიები ხვალ შესაძლოა სრულიად თავდაყირა დადგეს. დღეს რასაც ამტკიცებთ ასე არგუმენტირებულად და დამაჯერებლად, რამდენიმე წლის შემდეგ სრულიად საწინააღმდეგო შეხედულებები შეიძლება გამოთქვათ და თანაც მაშინაც დიდი დამაჯერებლობით. აღიარებთ, რომ ბევრჯერ შემცდარხართ, მაგრამ ვერაფრით წარმოგიდგენიათ, რომ ახლაც შეიძლება ცდებოდეთ. საოცარი იდეები გაქვთ, მაგრამ თანმიმდევრულობა შეიძლება გაკლდეთ მათ განსახორციელებლად. "არასოდეს თქვა არასოდეს" თქვენი ცხოვრების კრედოა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ხშირად იყენებდეთ ამ სიტყვას.

თქვენ უკიდურესად რაციონალური ადამიანი ხართ, ირაციონალური ქმედებებით…. ობიექტური და თან მიკერძოებული. ლოგიკურად აზროვნებთ და არალოგიკურად იქცევით… თვითკონტროლს არ ჰკარგავთ და თან დაუდევრობაც გახასიათებთ… ყველაფერს არ ამბობთ, რასაც ფიქრობთ, მაგრამ შეგიძლიათ იმდენად გულწრფელიც კი იყოთ, რომ პუბლიკა შოკში ჩააგდოთ. ექსცენტრიკულობაც გახასიათებთ. ეპატაჟურობა და განგებ ყურადღების მიქცევის მცდელობა თქვენი სტილი არ არის (თუმცა დაზიანებული მზის შემთხვევაში გვხვდებიან ისეთი მერწყულებიც, ყურადღების მიქცევის მიზნით, განზრახ რომ სჩადიან სისულელეებს), მაგრამ ბუნებრივად ახერხებთ ამას თქვენი არაორდინალური ხასიათის წყალობით.

ანარქისტი ხართ, ბუნებით რევოლუციონერი - "იყავი შენი თავი!", "არ აჰყვე ბრბოს!" და ამ ყველაფერთან ერთად - "ძმობა, ერთობა, თანასწორობა!" - აი, თქვენი მოწოდებები. ხართ უსაშველოდ ტოლერანტული, ნებისმიერი ინდივიდის მიღება და დაფასება შეგიძლიათ, ყველაფრის გაგება და შეწყნარება, თუმცა ეს მხოლოდ თეორიულ დონეზე. პრაქტიკულ ცხოვრებაში შესაძლოა სულ სხვა სიტუაცია იყოს.

თქვენი ინტერესების სფერო ძალიან ფართოა. ერთნაირად გაინტერესებთ კვანტური ფიზიკა თუ ასტროლოგია. მოგწონთ სხვადასხვა იდეების განხილვა საინტერესო ადამიანებთან ერთად. აფასებთ ინტელექტუალებს. კრეატიული ხართ. "ფოკუსნიკი", გამომგონებელი, "ბლეფზე" თამაშობთ, თუ მოგება გიჭირავთ ხელში ვერავინ ხვდება… ემოციებს მხოლოდ მაშინ იმჩნევთ, როდესაც გაწყობთ… არაფერი გიკვირთ, ვერანაირი სიგიჟით ვერ გაგაკვირვებენ და უცებ ბავშვივით შეიძლება აღტაცდეთ რაღაც ძალიან პრიმიტიული რამით….

თქვენი უმთავრესი შიში - თავისუფლების დაკარგვაა. ჩარჩოებში მოქცევა გკლავთ, ამიტომ სხვა ადამიანებსაც აძლევთ უფლებას ისეთები იყვნენ, როგორებიც არიან. თქვენ მეფეს და პაიკს ერთნაირად ექცევით, თანასწორად აღიქვამთ ყველას. ძალიან ჰუმანური ხართ, მთელი კაცობრიობა გიყვართ… ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ თქვენთვის უმთავრესი ღირებულება ადამიანია, მაგრამ აქაც პარადოქსს წააწყდება - შეიძლება იდეა დააყენოთ ადამიანზე მაღლა.

თუკი ეცდებით, ცოტა მაინც მოახერხოთ თქვენი თავის და ცხოვრების სისტემატიზაცია, ისწავლოთ დისციპლინა, გახდეთ თანმიმდევრული და ურანთან ერთად თქვენი მეორე მმართველი სატურნიც ამუშაოთ, ცეცხლის მოტანასაც მოახერხებთ კაცობრიობისთვის და თანაც ისე, რომ მერე ღმერთების რისხვასაც გადაურჩეთ.

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - რა ელით თვის ბოლომდე ზოდიაქოს ნიშნის ყველაზე მისტიურ წარმომადგენლებს

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - ცხოვრება ხშირად შემოგთავაზებეთ მოულოდნელობებს და საინტერესო მოვლენებს