როცა კირჩხიბ უფროსთან იწყებთ მუშაობას, პირველ რიგში კარგი ვარცხნილობა გაიკეთეთ, კლასიკური სამოსი შეიძინეთ და თავი მძიმე, დაძაბულ სამუშაო გრაფიკთან შესაგუებლად მოამზადეთ. სერიოზული, შრომისმოყვარე კიბო უფროსი თავის გვერდით, უსაქმურ და ზარმაც თანამშრომელს ვერასოდეს აიტანს. სამაგიეროდ, ხელქვეითთა იმ კატეგორიისათვის, ვინც მოწესრიგებულია და მუშაობისას თავს არ ზოგავს, კიბო მშობელ მამასავით მზრუნველი და შესანიშნავი მეთაურია. ამასთან, თუკი ფირმისადმი თქვენს ერთგულებაში დარწმუნდა, საკუთარ კეთილგანწყობას იგი არამარტო სიტყვიერი შექებით, სოლიდური თანხითაც დაგიდასტურებთ.
თქვენი უფროსის ცხოვრებისეული კრედო, შემდეგში მდგომარეობს: ”რაც მეტს იმუშავებ, მით მეტ ფულს მიიღებ”, აქედან გამომდინარე, თუ მასთან მუშაობას აპირებთ, უმჯობესია ამ პრინციპით იხელმძღვანელოთ. უზარმაზარი მემკვიდრეობისა და საგვარეულო სიმდიდრის პატრონიც რომ იყოს, კიბო თავად მაინც მუხლჩაუხრელად იმუშავებს.
საქმე იმაშია, რომ ამ ადამიანისთვის, მთავარი პრესტიჟი და სიამაყე, საკუთარი ოფლით მიღწეული შედეგია და არა იოლი გზით ნაშოვნი ფული. ხელმომჭირნეა, მაგრამ თქვენს კირჩხიბ უფროსს, სიძუნწეში ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ. საყვარელი ადამიანებისთვის მას სულიც არ ენანება და იმ თანამშრომლებსაც მაქსიმალური ზრუნვით ეკიდება, ვინც მის ნდობას იმსახურებს და მით უმეტეს, ამართლებს. თანდაყოლილი ინტუიციის წყალობით, კიბო უფროსები ყოველთვის გრძნობენ, თუ როგორაა მათ მიმართ განწყობილი, ესა თუ ის თანამშრომელი. ამიტომ, მის წინაშე, ზედმეტ ფამილიარობასა და სიყალბეს მაქსიმალურად ერიდეთ. თუმცა, თუ საკუთარ გულწრფელ სიმპათიასა და პატივისცემას ხანდახან, ტაქტიანად და დელიკატურად დაუფიქსირებთ, ურიგო არ იქნება.