მაგნიტური ქარიშხალი და მისი საიდუმლო

მაგნიტური ქარიშხალი და მისი საიდუმლო

"დედამიწას ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს ბოლო ხანებში მზეზე მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აფეთქებაა. სპეციალისტები მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აფრთხილებენ. ეს დღეები იმდენად მაგნიტური იქნება, რომ სრულიად ჯანმრთელი ადამიანებიც კი თავს შეუძლოდ იგრძნობენ..." - მსგავსი შინაარსის განცხადებებები ჩვენს მოსახლეობას არაერთხელ წაუკითხავს. ძლიერი მაგნიტური ქარიშხლის შესახებ ამ დღეებშიც გვაცნობეს: გავრცელებული ინფორმაციით, ეს ქარიშხალი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა და პიკს 10 მარტს მიაღწია.

ძლიერმა მაგნიტურმა ქარიშხალმა შესაძლოა, გავლენა ბევრ რამეზე მოახდინოს: 1989 წელს კანადაში ჰიდროსადგური მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან, რის შემდეგაც 6 მილიონი ადამიანი რამდენიმე დღე დარჩა ელექტროენერგიის გარეშე, რაც მაგნიტური ქარიშხლის ბრალი გახლდათ. 2006 წელს იგივე მოხდა გერმანიაში. ნიცაში შეამჩნიეს საინტერესო კანონზომიერება - ყველაზე მეტი ინფარქტი და ინსულტი ადამიანებს იმ დღეებში ემართებოდათ, როდესაც სატელეფონო სადგურები ითიშებოდა ან ცუდად მუშაობდა. როგორც შემდგომ დადგინდა, ეს ყველაფერი სწორედ მაგნიტურ დღეებში ხდებოდა.

ასეთ დროს იზრდება ავტო და სარკინიგზო ავარიების რაოდენობაც. ჩატარდა არაერთი კვლევა, რომლითაც დამტკიცდა, რომ მაგნიტურ დღეებში ადამიანთა აზროვნების სისხარტე და რეაქციის უნარი საგრძნობლად ქვეითდება. ასეულობით ავარიის გამოკვლევის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მაგნიტურ დღეებში ავარიები და ტრავმები ერთ-ნახევარჯერ იზრდება, ამ დროს ჩადენილი დანაშაულები კი - ყველაზე შემაძრწუნებელია. თვითმკვლელობების რაოდენობაც საშუალოდ, 4-5-ჯერ იზრდება. მზის აქტივობით გამოწვეულ ცვლილებებზე ჩვენი პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი რეაგირებს... და მაინც, რა არის მაგნიტური ქარიშხალი და რამდენად საშიშია ის ჩვენი ჯანმრთელობისათვის? - ამ შეკითხვით ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, კოსმოსის ფიზიკის მკვლევარს - ზურაბ კერესელიძეს მივმართეთ.

- მაგნიტური ქარიშხალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მზეზე მიმდინარე აქტიურ პროცესებზე. საერთოდ, მზეზე მუდმივად ხდება ბირთვული აფეთქებები, მერე კი მზის გვირგვინიდან პლაზმა საპლანეტათაშორისო სივრცეში ამოიფრქვევა. სწორედ ამას უწოდებენ მზის ქარს. მზის ქარი აქტიურად მოძრაობს და როცა დედამიწას უახლოვდება, მისი სიჩქარე ძალიან მაღალია. რაც უფრო დიდია ამოფრქვევა, სიჩქარეც უფრო მეტია. საერთოდ, მზის ქარი რამდენიმე დღის შემდეგ აღწევს დედამიწას და აქტიურ ურთიერთქმედებას იწყებს დედამიწის მაგნიტურ სფეროსა და ატმოსფეროსთან. შესაძლებელია, ამ დროს მოხდეს "ძლიერი შეშფოთება", რასაც ჩვენ მაგნიტურ ქარიშხალს ვეძახით. მაგნიტური ქარიშხალი მაშინ ხშირდება, როცა მზე აქტივობის მაქსიმუმშია. ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ მზეზე მიმდინარე პროცესების პროგნოზირება იოლი არ არის, ამინდზე მზის აქტივობის გავლენაც ბოლომდე შესწავლილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენას დიდი ხანია აკვირდებიან - მის შესწავლას სამი საუკუნის ისტორია აქვს.

- მაინც რა არის მაგნიტური ქარიშხალი და ვისთვის არის ეს მოვლენა ყველაზე საშიში?

- მაგნიტური ქარიშხალი არის ბუნებრივი მოვლენა, რომელიც მეცნიერებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ეს მოვლენა საფუძვლიანად არის გამოკვლეული. ეს არის პატარა დეტალი დედამიწასთან ახლომდებარე კოსმოსის ფიზიკაში. ხშირად ცდილობენ, ამ მოვლენისგან სენსაცია შექმნან, რაც დაუშვებელია. არც მაგნიტური ქარიშხლის უნდა გვეშინოდეს და არც - მაგნიტური დღეების. ეს დღეები ჯანმრთელმა ადამიანმა შეიძლება, სულაც ვერ იგრძნოს, თუმცა ფრთხილად უნდა იყოს ის, ვისაც გული და სისხლძარღვები აწუხებს.

- თქვენ თუ გიგრძნიათ ოდესმე მაგნიტური ქარიშხლის ზეგავლენა?

- როგორ არა: 2011 წლის 13 აპრილს გულის შეტევა მქონდა. სწორედ იმ დღეებში მეცნიერებმა დააფიქსირეს ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი, რომელიც მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში აღინიშნა. 66 წლის კაცი ვარ, უკვე რამდენი წელია, ამგვარ საკითხებს შევისწავლი და ასეთი ძლიერი ქარიშხალი არ მახსოვს. მისი შედეგები საკუთარ თავზეც კი ვიწვნიე. თუმცა ხშირად ფსიქოლოგიური ფაქტორიც მოქმედებს: ადამიანი კითხულობს ინფორმაციას მაგნიტური ქარიშხლის შესახებ, რის გამოც ფსიქოლოგიურად იძაბება და ითრგუნება, ეს კი მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ისევ ჩემი ცხოვრებიდან მოვიყვან მაგალითს: 1980-იან წლებში რუსეთში ამ საკითხზე პუბლიკაციების ბეჭდვა ძალზე პოპულარული იყო. ვიღაც შარლატანები სისტემატურად ბეჭდავდნენ პროგნოზებს მოსალოდნელი მაგნიტური ქარიშხლის შესახებ. ისინი ძირითადად, მედიკოსები იყვნენ და კოსმოსურ ფიზიკასთან შეხება საერთოდ არ ჰქონდათ. ჩვენთან, საქართველოში გამოიცემოდა ასეთი გაზეთი - "თბილისი", რომელიც ასევე პოპულარული იყო. ამ გაზეთმა დაიწყო ამ ინფორმაციების გადმობეჭდვა და ვინც მას კითხულობდა, სერიოზული სტრესი ჰქონდა. დედაჩემი, რომელმაც ერთხელ ამ გაზეთში წაიკითხა მოსალოდნელი მაგნიტური ქარიშხლის შესახებ, მართლა ცუდად გახდა. მე ამ დროს დუშეთში, გეოფიზიკის ინსტიტუტის ობსერვატორიაში ვმუშაობდი. ვამხნევებდი, ვეუბნებოდი, რომ ეს პროგნოზი ჩვენი კვლევის შედეგებს არ ემთხვეოდა, მაგრამ არ მიჯერებდა, თავის რჩეულ გაზეთს უფრო უჯერებდა, ვიდრე მე. ამიტომაც ვამბობ, რომ არ შეიძლება, მსგავსი საკითხებისაგან სკანდალი და სენსაცია შევქმნათ.

- თუ შეიძლება, მეცნიერებმა მაგნიტური ქარიშხალი ერთი-ორი თვით ადრე იწინასწარმეტყველონ?

- გამორიცხულია. მხოლოდ მოკლევადიანი პროგნოზის გაკეთება შეიძლება: შესაძლოა, მე შევამჩნიო მზეზე აფეთქება, თუ მას საგანგებოდ ვაკვირდები. აფეთქების შესახებ ინფორმაცია ჩემამდე მოაღწევს 8-9 წუთში, მაგრამ ის, რაც მაგნიტურ ქარიშხალს იწვევს, დედამიწამდე მხოლოდ 2-3 დღის შემდეგ მოდის. ხშირად კითხულობენ - წელიწადში ან თვეში რამდენჯერ შეიძლება მოხდეს მაგნიტური ქარიშხალი? ამის განსაზღვრაც ზუსტად შეუძლებელია: წლის განმავლობაში მაგნიტური ქარიშხალი შეიძლება 500-600-ჯერ დაფიქსირდეს, თუმცა ეს ციფრიც არ არის ზუსტი და საბოლოო.

- როგორ მოქმედებს მაგნიტური ქარიშხალი სხვადასხვა მოწყობილობაზე, მაგალითად - ელექტროტექნიკაზე?

- ძალიან ცუდად. მაგალითად, XIX საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც ტელეგრაფი ახალი გამოგონილი იყო, უძლიერესი მაგნიტური ქარიშხალი მოხდა, რამაც ტელეგრაფზე ძალიან იმოქმედა: კატასტროფული გათიშვები გამოიწვია და ხელსაწყოები მწყობრიდან გამოიყვანა. მაგნიტურმა ქარიშხალმა შეიძლება, მწყობრიდან გამოიყვანოს ელექტროხელსაწყოები, მობილური კავშირი; ნაკლებად რეალურია, მაგრამ შეიძლება, ელექტროგადაცემაზეც იმოქმედოს. შეიძლება გამოიწვიოს მეტეოროლოგიური მოვლენები. როდესაც ატმოსფეროში სტრუქტურული ცვლილებები ხდება, ყველაფერმა შეიძლება გავლენა იქონიოს ბიოსფეროზე, ცოცხალ ორგანიზმებსა და ადამიანზე. ატმოსფერული წნევის მკვეთრი დაცემისას ჰაერში მცირდება ჟანგბადის რაოდენობა, რის გამოც ადამიანი უჩივის სისუსტეს, ძილიანობას, ყურადღების გაფანტვას, თუმცა ატმოსფერული წნევის მატებასა და მაგნიტურ ქარიშხალზე ყველა სხვადასხვაგვარად რეაგირებს. მაგნიტური ქარიშხლის დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონენი განსაკუთრებულ დისკომფორტს განიცდიან, მაგრამ მაგნიტურმა დღეებმა შეიძლება, დადებითი გავლენაც მოახდინოს ზოგიერთ ადამიანზე - ის უფრო აქტიური და ენერგიული გახდეს, ამიტომ, წინასწარ ვერ ვიტყვით, რომ მაგნიტური ქარიშხალი ჩვენს ჯანმრთელობაზე აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებს. თუმცა აშკარაა, რომ ძლიერი ამოფრქვევები გავლენას ახდენს ოზონის შემცველობაზე და, საბოლოო ჯამში, ადამიანსა და ცოცხალ ორგანიზმებზეც ზემოქმედებს. მზეზე აფეთქებების რაოდენობა იზრდება მზის 11-წლიანი ციკლის ბოლოს. აფეთქებიდან რამდენიმე წუთში ნაწილაკთა პირველი ნაკადი აღწევს დედამიწამდე, რასაც ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილი შეიგრძნობს. დანარჩენები კი დისკომფორტს ერთი დღის შემდეგ განიცდიან, როცა დედამიწამდე მზის ქარის ძირითადი ნაკადი აღწევს. ამ მოვლენას ყველაზე მძაფრად ცხოველები აღიქვამენ და მძაფრადაც რეაგირებენ. ბოლოს კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს მოვლენა არ უნდა გახდეს ფსიქოლოგიური დაძაბულობისა და პანიკის საფუძველი, რადგან მაგნიტური ქარიშხლის დროს განსაკუთრებული არაფერი ხდება - მზეზე ასეთი ამოფრქვევები იყო, არის და მომავალშიც იქნება.

ცნობისათვის: დადგენილია, რომ ადამიანთა 50%-ს ხანგრძლივი ან რამდენიმედღიანი მაგნიტური ქარიშხლის მიმართ ადაპტაციის უნარი უმუშავდება, მაგრამ საინტერესოა, რას ურჩევენ მედიკოსები მათ, ვინც რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან? - მაგნიტური დღეების განმავლობაში ამ ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას. სიმართლეს არ შეესაბამება აზრი, რომ მეტეოპათები მხოლოდ ხნიერი ადამიანები არიან: ამინდთან დაკავშირებული უსიამოვნო შეგრძნებები ნებისმიერ ასაკში შეინიშნება. სტატისტიკის თანახმად, ქალაქის მოსახლეობა სამჯერ მეტად არის მიდრეკილი მეტეოპათიისკენ, ვიდრე ისინი, ვინც ბუნების წიაღში, ქალაქისგან მოშორებით ცხოვრობენ.

მაგნიტურ ქარიშხალს ხშირად თავის ტკივილი, შაკიკი, გულისცემის გახშირება, უძილობა, წნევის ვარდნა და შრომისუნარიანობის დაქვეითება ახლავს. მან, შესაძლოა, წნევის ცვალებადობა, ტაქიკარდია და უძილობაც გამოიწვიოს. ექიმების რჩევით, ამ დროს უკეთესია მეტი დადებითი ემოცია მიიღოთ და ნაკლებად დაიტვირთოთ. ასევე კარგია სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა. მაგნიტური ქარიშხლის დღეებში სახლში ჩაკეტვას და უმოქმედობას აზრი არ აქვს, მაგრამ უნდა ერიდოთ სტრესულ სიტუაციებს და ნერვულ გადაძაბვას. არ არის სასურველი თვითმფრინავით ან მეტროთი მგზავრობა - ეს ეხება მათ, ვინც ამ მოვლენაზე უარყოფითად რეაგირებს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც მაგნიტურ ქარიშხალსა და მაგნიტურ დღეებს საერთოდ ვერც გრძნობენ.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია