ნინო ჭილაშვილი სასჯელს რუსთავის ქალთა დაწესებულებაში იხდის. პედაგოგი ქალი ციხეში პირველად თაღლითობის გამო აღმოჩნდა და რამდენიმე წელი გისოსებს მიღმა გაატარა. როცა ციხის კედლებს თავი დააღწია, ბუნებრივია, კარგად იცოდა თავისუფლების ფასი. იმასაც ფიქრობდა, რომ ციხეში დაბრუნება არასოდეს მოუწევდა, მაგრამ ასე არ მოხდა: რამდენიმე წლის შემდეგ ახალი ბრალდებით დააკავეს. ამბობს, რომ ამჯერად დანაშაული არ ჩაუდენია. თუმცა, ძველი ნასამართლობის გამო ძალოვანებმა ციხისთვის ადვილად გაიმეტეს.
- აქ არიან ისეთი ქალები, რომლებიც რამდენჯერმე არიან ნასამართლევები. ისინი სხვადასხვა ბრალდებით იხდიან სასჯელს. სხვებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მერწმუნეთ, პირადად მე, მეორედ იმიტომ დამიჭირეს, რომ ადრე ნასამართლევი ვიყავი. ხელწერილიანი ვალის გამო ვზივარ, 182-ე მუხლით. პირველად რომ დამაკავეს, 180-ე მუხლი წამიყენეს, - თაღლითობა და სასჯელი მოვიხადე. ვაღიარებ, მაშინ მართლა ჩავიდინე დანაშაული, მაგრამ ახლა საკუთარი სიმართლე ვერ დავამტკიცე. წელიწადი და 8 თვე დამრჩა მოსახდელი.
- რა განცდაა, როცა ისევ უკან, ოთხ კედელში გაბრუნებენ?
- პირველად რომ დამაკავეს, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ქვეყანა თავზე ჩამომენგრა. თავმოყვარეობა შელახული მქონდა. შვილს, ოჯახს რომ მოგაშორებენ, ეს საშინელებაა. მეორედ სულ სხვა განცდა იყო: როცა აქედან გადიხარ, ფიქრობ, ერთხელ შემეშალა და მეორედ არ უნდა შემეშალოსო. მეც ამაზე ვიყავი ორიენტირებული, მაგრამ მოულოდნელად მაინც დამაკავეს. ბრალად მაქვს შერაცხილი ხელწერილიანი ვალის დაუბრუნებლობა. 3.200 დოლარი საკუთარი ბიძისგან ვისესხე. იმ ხელწერილს ვადა გასულიც არ ჰქონდა, მაგრამ დამაკავეს.
- საკუთარმა ბიძამ გიჩივლათ?
- ბიძაჩემს ბინა იპოთეკით ჰქონდა დატვირთული და ბინას კარგავდა. როცა ფაქტის წინაშე დადგა, ურჩიეს, პოლიციაში საჩივარი შეეტანა. იქნებ გადავადება მოხდეს და ბინა გადაარჩინოო. შეიტანა საჩივარი ბორჯომის პოლიციაში. მაშინ მისი ყველა მოვალე გამოჩნდა. მესამე მე ვიყავი და სხვებთან ერთად დამკითხეს. შვილი მახლდა, როცა პოლიციის უფროსის მოადგილემ მანქანაში ჩამსვა და მითხრა, პოლიციის უფროსს შენთან საქმე აქვსო. განყოფილებაში მიმიყვანა. ბორჯომის პოლიციის უფროსმა - მამუკა ხვედელიანმა რომ გაიგო, ადრე ნასამართლევს ვალი მქონდა აღებული, გაიხარა. მას გაუჩნდა შანსი, რომ ჩემთან საპროცესო გარიგება გაეფორმებინა და ფული ეშოვა, მაგრამ მისთვის არაფერი გადამიხდია. ჰოდა, თანხის მითვისებაში დამადანაშაულეს. ბიძაჩემმა ის ბინა მაინც დაკარგა... როცა ხვედელიანს ვკითხე, - გამაგებინეთ, ხელწერილიანი ვალი როდის გახდა სისხლის სამართლის დანაშაული-მეთქი? მიპასუხა, - რომ გეგონა, ეს დანაშაული არ იყო, ამიტომაც ზიხარ აქო. მაშინ პროკურორმა მითხრა, - 1.000-ლარიანი კაბებით რომ დადიოდი, აბა, რა გეგონაო? მაშინ ყველაფერი გასაგები გახდა ჩემთვის.
- როგორც ყველა ბრალდებული, თქვენც ამბობთ, რომ უდანაშაულოდ იხდით სასჯელს, მაგრამ იქნებ მითხრათ, რა წერია თქვენს განაჩენში? მარტო ბიძა გამხელდათ თუ სხვა მევალეებიც გამოჩნდნენ და ამან დაგიმძიმათ ბრალი?
- არა, სიმართლეს ვამბობ. ვაღიარებ, როცა პირველად დამაკავეს, მაშინ დანაშაული ნამდვილად ჩავიდინე: ფული გამოვართვი ადამიანს და ვუთხარი, რომ რაღაც საქმეს გავუკეთებდი, მაგრამ არ გავუკეთე. ჰოდა, მიჩივლა და დამიჭირეს მიუხედავად იმისა, რომ ფული უკან დავუბრუნე. მას მერე სულ ვფრთხილობდი, რომ მეორედ არ მოვხვედრილიყავი ამ ჯოჯოხეთში. ახლა უსამართლობის განცდა მაქვს. ისეთ პერიოდში დამაკავეს, სიმართლის გარკვევა შეუძლებელი იყო. სიმართლე გითხრათ, როცა საკუთარი განაჩენი წავიკითხე, მეც ძალიან შემეშინდა. მონსტრი მეგონა საკუთარი თავი. იყო სხვა ეპიზოდებიც: სხვებისგანაც მქონდა ვალები ოფიციალურად აღებული და ისინიც გამოჩნდნენ. ვალი სულ 16.000 ლარამდე მქონდა.
- ციხიდან გამოსული ამდენ ვალს რატომ იღებდით? პატიმრობის შემდეგ რას საქმიანობდით?
- 22 წელი პედაგოგად მუშაობის სტაჟი მაქვს, მაგრამ როცა ციხიდან გამოვედი, ვინ აღმადგენდა პედაგოგად? გარდა ამისა, თბილისში ბინა დავკარგეთ. ორი მოხუცით და ჩემი მცირეწლოვანი შვილით საცხოვრებლად ბორჯომში, ჩემს აგარაკზე წავედით. ბორჯომი ტურისტული ზონაა, მაგრამ სამსახურის შოვნა პრობლემაა. ჰოდა, რაღაცით ხომ უნდა მერჩინა ოჯახი და იპოთეკური სესხების ოფისი გავხსენი.
- აქ ბევრი ქალი იხდის თაღლითობისთვის სასჯელს და ადამიანის მოტყუების გზებიც კარგად იციან. ციხეში გასწავლეს, როგორ გემოქმედათ?
- არა, ამას ციხეში არ გასწავლიან, ეს მათი საიდუმლოა... საქმე ის არის, რომ "სუფთად" ვმუშაობდი. არც ერთი სესხი, არც ერთი თაღლითობა ჩემს კისერზე არ იყო. ის პროცენტიც მყოფნიდა, რასაც ვიღებდი... 2 თვის დაჭერილი ვიყავი, მამას გარდაცვალება რომ შევიტყვე. მოხუცი დედა ქუთაისის მოხუცებულთა თავშესაფარში წაიყვანეს. ჩემი შვილი 12 წლის იყო და მინდობით სხვასთან იზრდებოდა. თქვენ არ იცით, რა მძიმე დღეები გამოვიარე.
- თანახმა იყავით, რომ შვილი უცხო ადამიანს გაეზარდა?
- წინააღმდეგი ვიყავი. მე ვარ მარტოხელა დედა, რომელიც შვილის გამო მიწასაც შეჭამს. ცხოვრების აზრი მაშინ გავიგე, როცა შვილი შემეძინა. ყველა ქალი მეცოდება, ვისაც შვილი არ აღირსა ღმერთმა. როცა პირველად დამაკავეს, მაშინ პატარა იყო და არც გაუგია, დედა ციხეში რომ ჰყავდა. როცა მეორედ დამაკავეს, მაშინ უკვე 12-ის გახლდათ. ის ჩემი საოცარი მეგობარია. ბავშვმა რომ მნახა, მხოლოდ ეს მითხრა, - დედიკო, შენ თუ აქ მოხვდი, ალბათ ეს გიღირდაო. აქედან რომ გავალ, მისთვის ყველაფრის ახსნა მომიწევს. ის უკვე დიდი ბიჭია და თავმოყვარეობაც აქვს. სულ მეშინია, არ დამშორდეს. სხვათა შორის, დრამერია, გიტარაზე უკრავს. ბორჯომის ანსამბლშია გაწევრებული. "ნიჭიერის" ნახევარფინალშიც გავიდნენ იმ წელს, როცა დამიჭირეს. უფალი მფარველობს ჩემს შვილს... როცა გავიგე, რომ ის სხვას უნდა აღეზარდა, საშინელ დღეში ჩავვარდი, ადგილს ვერ ვპოულობდი, გამუდმებით ვბღაოდი. ჩემთან სოციალური მუშაკები ხშირად მოდიოდნენ და მარწმუნებდნენ, რომ ასე ჯობდა ჩემი შვილისთვის, - ბიჭია და უსაფრთხოდ იქნებაო. მართლები აღმოჩნდნენ. ძალიან კარგ ოჯახშია. დედაჩემი მოტყუებით წაიყვანეს ქუთაისის მოხუცებულთა თავშესაფარში და ვფიქრობ, ესეც სწორი გზა იყო. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო პანსიონატის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს. ისინი უვლიან ჩემს 94 წლის დედას, შურა ჭილაშვილს. წერილები მომდის ციხეში მისი ნევროპათოლოგისგან. მას პანსიონატი მიცოცხლებს. ძალიან მინდა, ციხიდან რომ გავალ, დედა ცოცხალი დამხვდეს. მის გარდაცვალებას ვერ გადავიტან. წარმოიდგინეთ, მამის საფლავი სად არის, ისიც არ ვიცი. მას ჩემი ცრემლი არ გაჰყოლია. ერთადერთი შვილი ვყავდი ჩემს მშობლებს და მამის დაკრძალვაზე არ ვყოფილვარ.
- პატიმრები გაჰყავთ ხოლმე დაკრძალვაზე, თქვენ რატომ არ გაგიყვანეს?
- მამა რომ დამეღუპა, მაშინ მისჯილი არ მქონდა, თან - სხვა დრო იყო. მადლობა ციხის ადმინისტრაციას, კერძოდ, ლევან დიღმელაშვილს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მამაჩემის დაკრძალვის დღეს სახლში დამერეკა. ის დამსახურებული პედაგოგი იყო... საოცრად თბილი დედა მყავს და მადლობა ღმერთს, ახლა თბილ ხალხთან ერთად არის. პანსიონატში სულ შიშით ვრეკავ, ხომ ცოცხალია-მეთქი? ვფიქრობ, დედაშვილობაზე დიდი გრძნობა ამქვეყნად არ არსებობს.
- შვილი გაკითხავთ?
- ერთადერთხელ მომიყვანეს შვილი, მაგრამ იმდენად შემაძრწუნებელი იყო მინის იქით მისი ნახვა, რომ ვთხოვე, მეორედ არ მოეყვანათ. საშინელებაა, როცა შვილთან შეხების, მოფერების საშუალება არ გაქვს. შვილის თვალები არასოდეს დამავიწყდება. თვალებს რომ ვხუჭავ, ვხედავ, რომ მინის იქით, ჯიბეში ხელებჩაწყობილი დგას, ნაღვლიანად მიყურებს და ცრემლებს ძლივს იკავებს. მხოლოდ თავს მიქნევდა ყველაფერზე. პირი რომ გაეღო, ალბათ ტირილით მოკვდებოდა... სახელმწიფომ იმაზე უნდა იფიქროს, ქალი, რომელიც უკვე დედაა, დანაშაულს რატომ სჩადის? მერწმუნეთ, ციხეში არავინ გამოსწორდება, ეს არის დასასჯელი ადგილი ადამიანისთვის. ჩვენ მოგვაშორებს ჩვენს შვილებს, ყველაზე საყვარელ არსებებს, რომლებსაც ყველაზე მეტად ვჭირდებით. ჩვენი ოცნებაა ჩვენს შვილებთან ვიყოთ, შეგვეძლოს თითოეული დღე მათ სიხარულად ვუქციოთ. საზოგადოებამ უნდა მიგვიღოს ნასამართლევი ადამიანები, რათა თავი გარიყულებად არ ვიგრძნოთ. ღმერთი გვპატიობს ბევრ შეცდომას და ნუთუ, საზოგადოებამ არ უნდა გვაპატიოს? როცა იგებენ, რომ ნასამართლევი ხარ, თავს ისე გარიდებენ, თითქოს კეთროვანი იყო.
- აქ დრო როგორ გაგყავთ?
- ყველაზე დიდი დღესასწაული იყო ის დღე, როცა ჩვენი პატრიარქი მობრძანდა და დაგვლოცა. სიხარულისგან ორი ღამე ვერ დავიძინე. ღმერთმა იმის უფლება მომცა, რომ პატრიარქს გავსაუბრებოდი. ჩვენთან ერთად ტიროდა უწმინდესი და დღემდე ეს საოცარი განცდა მომყვება. აქ ყველაფრის საშუალება გვაქვს: ზოგი ქარგავს, ზოგი კერავს, ზოგი ლექსებს წერს... მოკლედ, ყველას თავისი სამყარო აქვს. მას მერე, რაც ციხე ბევრმა ქალმა დატოვა, არის იმის საშუალება, მარტოც ვიყოთ საკანში. აქ ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა და თითქმის ყველა წრეზე ვიარე. ჭრა-კერვის სასწავლო კურსები რომ გავიარეთ, მერე მშვენიერი კაბები შევიკერეთ. ნეტავ, ჩვენს დასაქმებაზეც იფიქროს ვინმემ. იყო შემთხვევა, როცა ჩვენი ნამუშევრები თბილისობის დღესასწაულზე გასაყიდად გაიტანეს. მაშინ 100 ლარი ჩამერიცხა ანგარიშზე და ძალიან გამიხარდა. აქ მინანქარზე მუშაობაც ვისწავლე, ხეზე კვეთაც, მაგრამ ძალიან გამიტაცა ხატების ქარგვამ. სხვათა შორის, მამაომ კურთხევაც მომცა. ღამით, როცა განვმარტოვდები, სიჩუმეში ხატებს ვქარგავ და ეს საოცარი პროცესია. ახლა წმინდა ნინოს ხატს ვქარგავ და ძალიან ბედნიერი ვარ. ფატი კიპაროიძე ქვედა სართულზე ცხოვრობს, სულ ანთებს საკმეველს და ჩემთან ამოდის საოცარი სურნელი. როცა ხატებზე ვმუშაობ, მაშინ ვივიწყებ, პატიმარი რომ ვარ; ფიქრებით ისევ დავდივარ თბილისის ქუჩებში, ხშირად კი შვილს და დედას ველაპარაკები, მათ ვეფერები.
თეა ხურცილავა
(გამოდის ხუთშაბათობით)