გიგა ბოკერია - არანაირი ზედმეტი ისტერიკა ობამას განცხადებაზე საჭირო არ არის

გიგა ბოკერია - არანაირი ზედმეტი ისტერიკა ობამას განცხადებაზე საჭირო არ არის

ბარაკ ობამას განცხადებაზე არანაირი ზედმეტი ისტერიკა საჭირო არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა ბოკერიამ განუცხადა. მისი თქმით, საგანგაშოა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის რეაქცია ჩვენთვის არახელსაყრელ განცხადებაზე.

"ეს განცხადება, საერთო ჯამში არ შეეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ხედვას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მომავალთან დაკავშირებით და არ შეეხებოდა არც კონკრეტულ საკითხს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების თაობაზე, რაც ჩვენი კონკრეტული ნაციონალური ამოცანაა. ამიტომ, არანაირი ზედმეტი ისტერიკა ამასთან დაკავშირებით საჭირო არ არის. საგანგაშო არის ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ღარიბაშვილის რეაქცია ამ ჩვენთვის არახელსაყრელ განცხადებაზე. პრემიერ-მინისტრმა გამოგვიცხადა, რომ რეალობას უნდა შევეგუოთ", - აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ეს რეაქცია არის დემონსტრირება იმ პოლიტიკის, რომელიც ჩანს ახალი ხელისუფლების პირობებში.

"ეს არის არათანმიმდევრული, არაკოორდინირებული, უმოტივაციო და უამბიციო პოლიტიკა და პოზიცია. იმის ნაცვლად რომ ხელისუფლება ამ არახელსაყრელი კომენტარის შემდეგ ფიქრობდეს იმაზე როგორ იმუშავოს სტრატეგიულ პარტნიორთან, რა კომუნიკაცია ჰქონდეს, როგორ გააქტიურდეს, პირველივე მყისიერი რეაქციას პრემიერ-მინისტრისგან ვიღებთ, რომ თურმე უნდა შევეგუოთ ამას. ესე საქმე არ გაკეთდება", - აღნიშნა ბოკერიამ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ ბრიუსელში განაცხადა, რომ ნატო-ს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა დღის წესრიგში არ დგას.

"არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრიანების გზაზე. არ ყოფილა და არ არის ნატო-ს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკა-ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კი განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადება ადეკვატური იყო და ეს არის რეალობა, რომ ამ ეტაპზე ნატო-ს გაფართოება არ იგეგმება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

"ჩვენ არ უნდა ვიყოთ ილუზიებში. ყოველთვის რეალურად უნდა შევაფასოთ არსებული სიტუაცია და მოცემულება. ის რაც პრეზიდენტმა ობამამ თქვა, ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური და ეს არის რეალობა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება ნატო-ს გაფართოება. ჩვენი ამოცანა და მიზანია მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, მცდარი მოლოდინები არ გავუჩინოთ, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს. მაშინ ხდებოდა მოლოდინის აწევა ხელოვნურად და შემდეგ იყო იმედგაცრუება. ჩვენ საპირისპიროს ვთავაზობთ მოსახლეობას და ჩვენ გვსურს მათ რეალობა შევთავაზოთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა