პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის ნათესავი შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. აღნიშნულ პოზიციაზე 28 წლის პაატა დუმბაძე ბათუმის საკრებულოს სხდომაზე წარდგენილ სხვა ორ კანდიდატს შორის საუკეთესო აღმოჩნდა.
„ამბები.გე“ პაატა დუმბაძეს დაუკავშირდა, რომელმაც მურმან დუმბაძესთან ნათესაური კავშირის არ უარყო და განაცხადა, რომ ბათუმის მაჟორიტარმა მურმან დუმბაძემ მისი დანიშვნის შესახებ არც კი იცის.
- ამბობენ, რომ მურმან დუმბაძის ნათესავი ხართ...
- ნათესავები ნამდვილად ვართ, ბიძად მეკუთვნის, თუმცა მურმან დუმბაძემ დღესაც ალბათ არ იცის, რომ განაცხადი მქონდა გაკეთებული ამ თანამდებობაზე და საქმის კურსშიც არ არის.
- ახლო ნათესავები ხართ?
- მურმანის მამა და ბაბუაჩემი ძმები იყვნენ.
- აქამდე, სად მუშაობდით და რა პოზიციაზე?
- „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის დირექტორის პოზიციაზე ვმუშაობდი და ახლაც სამსახურში ვარ, თუმცა დავტოვებ აღნიშნულ თანამდებობას და გადავალ ახალ სამსახურში.
- რა გეგმები გაქვთ იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რას შპს „ბათუმის ატოტრანსპორტში“ არსებობს?
- ჯერ გავეცნობი პრობლემებს, ყველაფერი კომუნიკაციის თემაა, შევისწავლით პრობლემებს და ვეცდები მივაღწიო შედეგს.
აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ ბათუმში საუბრობენ იმაზე, რომ პაატა დუმბაძე „ავტოტრანსპორტში ფულის გასაკეთებლად მიდის“, რადგან „თეგეტა მოტორსის“ 2 500 ლარიანი ხელფასი შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ 1 300 ლარიან ანაზღაურებაზე „არ გაიცვლება“.
ბათუმის საკრებულოს უმცირესობა, გარდა მურმან დუმბაძესთან ნათესაური კავშირისა, პაატა დუმბაძის და სხვა თანამდებობის პირების მეგობრობაზეც საუბრობს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ „ამბები.გეს“ განუცხადა, დუმბაძის თანამდებობაზე დანიშვნა „საეჭვოდ“ ემთხვევა სხვადასხვა ფაქტორს: „ცალსახაა, რომ მურმან დუმბაძე ამ ბიჭის ბიძაა. პაატა დუმბაძის დედა ხაბაძეა, თუმცა არ ვიცი, არჩილ ხაბაძესთან აქვს თუ არა ნათესაური კავშირი. ასევე, პაატა დუმბაძე მუშაობდა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ერმაკოვთან ერთად „თეგეტა მოტორსში“. ვფიქრობ, კარგად დაემთხვა მათი ინტერესები ერთმანეთს და ამიტომაც აირჩიეს დირექტორად, თორემ სხვა კანდიდატები უფრო გამოცდილნი იყვნენ“, - აღნიშნა გიორგი კირთაძემ. საკრებულოს უმრავლესობა აცხადებს, რომ პაატა დუმბაძის კანდიდატურა საწარმოს განვითარების წარმოდგენილი კონცეფციის მიხედვით მოიწონა.